
ბორელი: „პუტინი იმედს ევროპული საზოგადოების გადაღლაზე ამყარებს, ამის უფლება არ გვაქვს!“
18/07/2022 19:03:53 ევროპა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულ საზოგადოებას არ შეუძლია, თავს ომით გადაღლის უფლება მისცეს, რადგან სწორედ ამის იმედი აქვს პუტინს.
"დარწმუნებული ვარ, პუტინი დემოკრატიულ გადაღლილობაზე ამყარებს იმედს. ამაში დარწმუნებული ვარ. მას სჯერა, რომ დემოკრატია სუსტია, სიახლეები სხვა სიახლეეებით იფარება... მაგრამ არა! ევროპული საზოგადოეა თავს გადაღლის უფლებას ვერ მისცემს“,- თქვა მან.
ბორელის თქმით, წევრი ქვეყნების მთავრობებმა უნდა გააგრძელონ თავიანთი გადაწყვეტილებების დაცვა უკვე დაწესებული სანქციების მიმართულებით:
„მათ გადაწყვიტეს, დააწესონ შემაკავებელი ზომები რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ და უნდა შეასრულონ.უნდა გააგრძელონ ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე, იმის გაცნობიერებით, რომ სასწაულებრივი რეგულირება არ მოხდება. ასევე უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა“.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკრიტიკა ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა:
„თავიდან მეგონა, რომ საკუთარ ფეხში ვისროლეთ, მაგრამ ახლა აშკარაა, რომ ევროპულმა ეკონომიკამ ფილტვების მიმართულებით გაისროლა და იხრჩობა“.
თუმცა, ბორელმა უარყო ბრალდებები და კრიტიკოსები ცრუ ინფორმაციაზე მუშაობაში დაადანაშაულა. მან მაგალითად მოიყვანა ნარატივი, რომ ნავთობზე ემბარგომ ფასის ზრდა გამოიწვია.
„ნავთობის ფასი ემბარგოს მიღების შემდეგ დაეცა და ახლა იმავე დონეზეა, როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე იყო“–, განაცხადა ბორელმა.
როგორც ცნობილია, ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე.