
"ზუსტად ევროპულ კარში შესვლის დროს, კარები დაკეტეს, ჩხიკვაძე ამ გადაწყვეტილების ავტორი აღმოჩნდა"
19/07/2022 10:42:24 სამართალი
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ "ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას".
როგორც გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღნიშნა, დასავლეთის მხრიდან ასეთ რეაქციას, არ ელოდა.
„არ ველოდი ჩემს საქმესთან დაკავშირებით ასეთ რეაქციას, ამ რეაქციის გარკვეული ნაწილი მერჩივნა არ ყოფილიყო. ამას ჩემი მნიშვნელობის ხაზგასასმელად არ ვამბობ, ბატონი ჩხიკვაძის გადაწყვეტილება აღმოჩნდა გამშვები მექანიზმი იმისთვის, რასაც ახლა ვხედავთ. ეს ერთ ნაწილში მომწონს იმიტომ, რომ სრული დასასრულია ივანიშვილისთვის, მაგრამ ამან ასევე გამოიწვია ქვეყნისთვის ზიანი, რაც მერჩივნა არ ყოფილიყო. მოსამართლე ჩხიკვაძემ ერთი განაჩენით ხელი მოაწერა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას, 8 კვირით გადადეს პროცესი და ზუსტად მივიდა კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებამდე, ამ კარში შესვლის დროს კარები დაკეტეს. აი ზუსტად ეს მოხდა, ბატონი ჩხიკვაძე აღმოჩნდა სწორედ ამ ძალიან საბედისწერო გადაწყვეტილების ავტორი. ძალიან ცოტა ვინმე თუ დარჩება ამ ხელისუფლებიდან საქართველოს ისტორიაში, მათ შორის იქნება მოსამართლე ჩხიკვაძე, ძალიან მძიმე შეფერილობით. რასაც ახლა ვუყურებ ფიზიკურ განადგურებამდე მიჰყავთ ეს კაცი, ძალიან მინდა დაანებონ თავი, ეთერშიც ეტყობა, რომ არ არის კარგად, ადამიანის ასეთი ინსტრუმენტალიზაცია არ შეიძლება. ეს არაადამიანობაა, რასაც ჩხიკვაძეს უკეთებენ“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.