
სააპელაციო სასამართლოში გვარამიას მომდევნო პროცესი 2 თვე-ნახევარში ჩაინიშნა
19/07/2022 12:23:36 სამართალი
თბილისის საააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მომდევნო სხდომა 4 ოქტომბერს 14:00-ზე ჩაინიშნა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ სხდომის ამდენი ხნით გადადება ივლისსა და აგვისტოში მოსამართლეთა 3-კაციანი კოლეგიის შვებულებებითა და სექტემბერში შევსებული გრაფიკით ახსნა.
საქმეზე მსჯავრდებულმა ნიკა გვარამიამ მოსამართლეს მიმართა, რომ პროცესის 2 თვე-ნახევრით გადადება საქმის განხილვის ვადების დარღვევაა, რადგან კანონმდებლობით, სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გადასასინჯად 2 თვე აქვს:
„ჩემთვის ეგეც პასუხია, საპროცესო ვადის დარღვევა ჩემთვის პასუხია, გასაგებია. ვერ მოასწარით განხილვა კი არ არის, თქვენო ღირსებავ, ვადის გასვლის შემდეგ ნიშნავთ საერთოდ პროცესს, თორემ 2-თვიან ვადაში განხილვის ვერ მოსწრებაზე კი არ არის საუბარი“.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დღეს დაიწყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.