Accentnews.ge
"ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო"

"ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო"

20/07/2022 13:15:47 პოლიტიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

სამხარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იზიარებდა თუ არა ის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრს, რომელმაც აღნიშნა, რომ კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

„მე სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს და არ მჩვევია. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, მას შეეძლო, უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობას ელჩი კარლ ჰარცელი 2018 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მას მიმდინარე წლის სექტემბერში ეწურება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაველ ჰერჩინსკი დაასახელა. პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 30 მაისს კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთესად მომზადებულიყო იმ ისტორიული მომენტისთვის“, რომელიც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა. ელჩმა აღნიშნა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირს შეკითხვები გაუჩნდა მრავალ საკითხზე: არჩევნებზე; 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე; უმცირესობების უფლებებზე; ჟურნალისტების დაცულობაზე; მართლმსაჯულების მიმართ ნდობის გაზრდასა და კანონის უზენაესობაზე; ადამიანის უფლებებზე, მათ შორის - პირადი ცხოვრების უფლების შემლახველ ფარული ჩაწერების პრაქტიკაზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ „შეანელა რეფორმების ტემპი“ და აქვს პრობლემები, რომელიც „პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს“ და რომელთა დაკავშირებითაც იყო „ევროკავშირის საჯარო რეაქციები“.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S