
იტალიაში მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან, არის საფრთხე, ცეცხლი სლოვენიის და ხორვატიის რეგიონებშიც გავრცელდეს
20/07/2022 19:48:36 ევროპა
იტალიაში ტოსკანადან ტრიესტამდე ტყის ხანძრებს ებრძვიან.
როგორც „როიტერი“ წერს, მეხანძრეები უკვე მეორე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან ტოსკანას რეგიონში. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძარი ქალაქ ლუკასთან ახლოს მდებარე ტყის მასივში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ახლოს მდებარე სოფლებიდან 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა 650-მდე ჰექტარი ტყე.
ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტრიესტთან მდებარე ტყის მასივშიც. ქალაქის მერის ცნობით, შესაძლოა, მალე ქალაქი წყლისა და ენერგიის გარეშე დარჩეს, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია. ამასთან, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდეს. არსებობს საშიშროება, რომ ხანძარი ტრიესტთან მოსაზღვრე სლოვენიის და ხორვატიის რეგიონებშიც გავრცელდეს.