Accentnews.ge
აფხაზეთი: ყველაფერი გაწირო რუსეთისთვის?

აფხაზეთი: ყველაფერი გაწირო რუსეთისთვის?

20/07/2022 20:25:30 კონფლიქტები

ასლან ბჟანიას გუნდი, როგორც ჩანს, უკვე მზადაა, რუსეთის ახირებების შესასრულებლად ცოდვების მორევში თავით გადაეშვას. ბიჭვინთის ირგვლივ სკანდალი ჯერ არ ჩამცხრალა, პრეზიდენტი კი აკეთებს ახალ განცხადებებს, რომელიც მოწმობს, რომ მოსკოვს ნაკუწ-ნაკუწ დასაკუთრება მობერზდა, მას უკვე მთელი აფხაზეთი სჭირდება აფხაზი ხალხის მომავლითურთ.

"ვგეგმავთ, 2024 წლისთვის მდინარე ფსოუზე გამავალ საზღვარზე ადამიანების, ტვირთებისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება უზრუნველვყოთ", - განაცხადა ასლან ბჟანიამ ორიოდ დღის წინ ქალაქ უფაში ვიზიტისას და დასძინა, რომ საკითხი “უკვე მუშავდება”.

მოტივად პრეზიდენტმა დაასახელა 2014 წლის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება (აქაოდა, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, ყველაფერი ჩემამდე ბევრად ადრე იყო გადაწყვეტილიო) და სტატისტიკა: "ყოველწლიურად საზღვრის 11 მლნ კვეთა ფიქსირდება და შემთხვევების 99% რუსეთის მოქალაქეებზე მოდისო".

სტატისტიკა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი რამაა. მაგრამ ის, რასაც ასლან ბჟანია "თავისუფალ გადაადგილებად" ასაღებს, რეალურად, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო საზღვრის ფაქტობრივი გაუქმება. და ეს კეთდება მოსკოვის იმ მოთხოვნით, რომელმაც “მოქალაქეთა კომფორტზე ზრუნვის” საბაბით ჯერ კიდევ მაისის ბოლოს - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებითა და მდუმარე თანხმობით გაიჟღერა.

«… დავაყენეთ ამ გადასასვლელის, საკონტროლო-გამშვები პუნქტის ლიკვიდაციის საკითხი – იმის მსგავსად, როგორც ბელარუსთან გავაკეთეთ», - აცნობა ჟურნალისტებს 25 მაისს კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა და ამ გზით ფაქტობრივად, აფხაზეთის სტატუსის შეცვლა გამოაცხადა: სახელმწიფო საზღვრის ლიკვიდაციის საკითხის განხილვის ფაქტი ხომ სხვაგვარად უბრალოდ ვერ შეფასდება.

ხოლო არგუმენტი “მოქალაქეთა კომფორტისთვის” აქ არა მარტო აბსურდულად ჟღერს, არამედ ცინიკურადაც: მოქალაქეებზე რეალური ზრუნვის შემთხვევაში ხომ მხარეებს წლების განმავლობაში უკვე ასჯერ შეეძლოთ საზღვარზე იმგვარი პირობების უზრუნველყოფა, რომ როგორც ადამიანების, ისე ტვირთების გადაადგილება კომფორტული გამხდარიყო, მაგრამ შესაბამისი ნება რატომღაც ამ დრომდე არ გამოუვლენიათ. მეტიც, აფხაზური მხარის ყველა ჩივილი საზღვარზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდან უგულებელყოფილი რჩებოდა. ის კი არა და, რუსული მხარე ათასგვარი საბაბით ყოველწლიურად სულ უფრო მეტ სირთულეს უქმნიდა საზღვარზე აფხაზ მეწარმეებს. გარდა ამისა, ვინმე რომ მართლაც ზრუნავდეს მოქალაქეთა კომფორტზე, გაახსენდებოდა მეორე მიმართულებაც, რომელზეც აფხაზეთს სახელმწიფო საზღვარი გააჩნია – მდინარე ენგური. ამ საკითხის გადაჭრა, სხვათა შორის, დიდ სიკეთეს მოიტანდა არა მარტო მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების კუთხით: ადამიანების, ტვირთებისა და მომსახურების გადაადგილების თავისუფლება აფხაზეთს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარების, დროთა განმავლობაში კი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების ნანატრ შანსსაც მისცემდა. მაგრამ არა, ამ მიმართულებით სვლის ყველა მცდელობა კვლავინდებურად იბლოკება.

თუმცა კრემლის არგუმენტების აბსურდულობისა და ცინიკურობის ვიღას უკვირს?! ბოლო დროს ხომ მოსკოვი საერთოდაც ნაკლებად ზრუნავს მათ დამაჯერებლობასა და მართებულობაზე. მაგალითად, აფხაზეთისგან ბიჭვინთის ფაქტობრივად მთელი აღმოსავლეთ ნაწილის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნისას რუსულ მხარეს ასეთი არგუმენტი მოჰყავს: "თუკი საკუთრების უფლება არ მექნება, ინვესტირებას ვერ განვახორციელებო”. და წერტილი.

«რუსეთს აფხაზური მიწა სჭირდება და არა ჩვენ – აფხაზები. ნუთუ ვინმე ამას კიდევ ვერ ხვდება?! ყველაფერზე წავლენ ჩვენი ტერიტორიის ხელში ჩასაგდებად! ჩვენი ხელისუფლება კი მათ მხოლოდ ფეხქვეშ ეგება პირადი კეთილდღეობის მისაღწევად!»; «რუსები ყოველთვის ასეთები იყვნენ, ყოველთვის საკუთარი ინტერესი ჰქონდათ და საკუთარი სიმართლე. ისე გადაგვივლიან, ორი კინკილა აფხაზს დაგვტოვებენ და მათაც - არა საკუთარ მიწაზე. მათ აფხაზეთში არც აფხაზები სჭირდებათ, არც სხვა ეროვნებების მოქალაქეები. 30 წლის წინ დიდი შეცდომა დავუშვით. ახლა არსებობისთვის მოგვიწევს ბრძოლა – არა როგორც სახელმწიფოს ან ხალხს, არამედ როგორც ეთნოსს»; «ის, რომ რუსებს აფხაზეთის დასაკუთრება სურდათ, ყოველთვის ვიცოდით. უბრალოდ არ მეგონა, რომ ამას ასე მუხთლურად გააკეთებდნენ. ჩვენი ხელისუფლება კი მათ ამაში სამარცხვინოდ უწყობთ ხელს. სირცხვილი მთავრობას! ნეტავ რას დაჰპირდნენ რუსები ისეთს, რომ მშობლიური მიწის გაყიდვად უღირთ?! იმედი მაქვს, ყველა მიხვდება, რომ ისინი ჩვეულებრივი გამყიდველები არიან», - წერენ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში.

მაგრამ მოსკოვს ხომ ხალხის ხმა არასოდეს ადარდებდა – არათუ აფხაზი, რუსი ხალხისაც კი. ახლა კი, როგორც ჩანს, იგი აღარც აფხაზეთის ხელმძღვანელობას ადარდებს.

2024 წელიო – თქვა ასლან ბჟანიამ. მანამდე კი, თუ მისი კიდევ ერთი განცხადებით ვიმსჯელებთ, აფხაზეთი “სტრატეგიულ მეგობარს” სადღეისოდ რუსეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხში – უკრაინის გამო დაწესებული დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლაში უნდა დაეხმაროს.

“აფხაზეთი მზადაა, დასავლური სანქციების ფონზე იქცეს პლატფორმად რუსეთში საქონლის პარალელური იმპორტისთვის. სადღეისოდ ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობები სრულად ათვისებული არაა. გაგვაჩნია ორი პორტი გასასვლელით სხვა ქვეყნებზე» - განაცხადა ასლან ბჟანიამ, თუმცა რომელ ქვეყნებზეა საუბარი, არ დაუკონკრეტებია. მისივე თქმით, აფხაზეთს სანქციები არ აშინებს – აქაოდა, დასაკარგი დიდად აღარაფერი გვაქვსო: «აფხაზეთი აღიარებულია ქვეყნების გარკვეული რაოდენობის მიერ. ჩვენთვის მთავარი რუსეთის აღიარებაა. არავითარი სანქციების არ გვეშინია, ჩვენს მიმართ ისინი არც არასოდეს გაუქმებულა. ვფიქრობ, ეს სირთულეები მხოლოდ დაგვაახლოებსო».

რა თქვა, არსობრივად, პრეზიდენტმა? რთულ დროს რუსეთი პირად ერთგულებაში დაარწმუნა? დიახ, ასეა და ამას პირველად არ აკეთებს. მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას ნიშნავს და უქადის მისი განცხადება აფხაზეთს.

ასლან ბჟანიას მიერ სანქციების კონტექსტში აფხაზეთის აღიარების საკითხის ხსენება მხოლოდ ერთს შეიძლება, ნიშნავდეს: იგი მშვენივრად აცნობიერებს, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლაში დახმარება წერტილს დაასვამს აფხაზეთის ფართო საერთაშორისო აღიარების პერსპექტივას და სოხუმს სხვა გზას აღარ დაუტოვებს, თუ არა იქცეს რუსეთის ნაწილად – ერთ დროს ძლიერი დერჟავის, რომელიც კრემლის უგუნური, აგრესიული პოლიტიკის გამოისობით სადღეისოდ ქცეულია მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ ზურგშექცეულ ქვეყნად ძალზე საეჭვო სამომავლო პერსპექტივით.

ასლან ბჟანია აცნობიერებს, მაგრამ ხელს აწერს აფხაზეთისთვის მსგავს მომავალს. რჩება ერთადერთი იმედი - ხალხის, კერძოდ იმის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ასევე გააცნობიერებს და აიძულებს ხელისუფლებას, ხალხის აზრს ანგარიში გაუწიოს.

ინალ არისთავა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S