
აფხაზეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა: "პრეზიდენტთან" შეხვედრაზე არეულობა მოხდა
21/07/2022 09:46:22 კონფლიქტები
აფხაზეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა: "პრეზიდენტთან" შეხვედრაზე მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო ასლან ბჟანია იძულებული გახდა, შემთხვევის ადგილი დაეტოვებინა, - იუწყება ტელეგრამ-არხი RESPUBLICA.
ინციდენტი გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში მოხდა, სადაც ბჟანია ადგილობრივი საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს ხვდებოდა.
შეხვედრაზე დასასწრებად დღეს ოპოზიციაც მივიდა, თუმცა მის წარმომადგენლებს შენობაში არ უშვებდნენ, რის გამოც დაპირისპირება ჯერ კიდევ ღონისძიებამდე დაიწყო.
შემდგომში, უკვე დარბაზში, როცა დე ფაქტო პრეზიდენტი კითხვებს პასუხობდა, სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ მას რუსეთთან ბიჭვინთის აღმოსავლეთ ნაწილის გასხვისების საკითხზე კულუარულად ახალი შეთანხმების გაფორმების საკითხზე ახსნა-განმარტებები მოსთხოვა, რაზეც ასლან ბჟანიამ მკვახედ უპასუხა: "მისმინე! ჩემი კეთილგანწყობით ნუ სარგებლობ, ადგილზე დაბრუნდიო".
ამას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, შემდეგ დარბაზში მყოფნი ადგილებიდან წამოიჭრნენ და მოხდა ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი.
შექმნილი ვითარების გამო "პრეზიდენტს" შეხვედრის დატოვება მოუწია, თუმცა დაპირისპირება შენობის გარეთაც გაგრძელდა.
სოციალურ ქსელში ამ მოვლენების ამსახველი კადრებიც გავრცელდა: