"მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?"
21/07/2022 18:36:10 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ანტიდასავლური კამპანია იმ ფონზე, როცა მოსკოვის მიმართ კრიტიკული კომენტარები არ კეთდება.
მისი თქმით, "ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრეს–სპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ".
"დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რაც გაგრძელებაა დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენ მიმართ და ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა, რასაც იმ დონეზე არ ვაფასებთ, რა დონეზეც დასაფასებელია. 6 თვე გვაქვს მოცემული, ავტომატურად ასე იქნა ნათქვამი, თუ შევასრულებთ ევროკომისიის 12 პრიორიტეტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის იმ კომიტეტის დელეგაცია, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრეს–სპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ. მე არ ვიცი სანამდე უნდა გავაგრძელოთ ეს ორმაგი თამაში, რომ ვითომ გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა კანდიდატის სტატუსი, ამ დროს არა თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ", – განაცხადა პრეზიდენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში
პრეზიდენტმა მმართველი გუნდის რიგი ლიდერების განცხადებებიც წაიკითხა, რომლებიც მათ ევროპარლამენტარების მისამართით გააკეთეს.
"[ხელისუფლების მხრიდან] არის წარმოუდგენელი რიტორიკა. გვესმის გაუთავებლად თავდასხმები ევროპარლამენტარებზე… წაგიკითხავთ ირაკლი კობახიძის მიერ 20 მაისს გაკეთებულ განცხადებას: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“. ეს არ არის თავდასხმა? ეს კრიტიკა არ არის, ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან. წაგიკითხავთ მამუკა მდინარაძის მიერ 9 ივნისს გაკეთებულ განცხადებას: „10-ზე მეტი ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, რომ არასდროს უთქვამთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო. ამას ყველა ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?", – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, "სადღეისოდ რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს":
„ბრიუსელში ოპოზიციის გახშირებული ჩასვლით გამოწვეული პრობლემა მთავრობას მუშაობით უნდა დაეძლია - უფრო ხშირად, ყველა დედაქალაქში ჩასვლით. იმ მომენტში, თარიღი არ მახსოვს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, რომ გავიგოთ, რა არის მიდგომა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. პასუხი არ მიმიღია. მერე ვიღაცებმა დაიწყეს ცალ-ცალკე სიარული. ამას სჭირდება სტრატეგია. ყველანი ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის - არც ოპოზიციას ესმის, რომ მისი განცხადებებით ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს, მათი განცხადებები დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის, მაგრამ ასევე დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის ხელისუფლების განცხადებები და უფრო მეტადაც, რადგან დღეს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი და მას აქვს ბერკეტები და როცა ის ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ. რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“.
მისი თქმით, "არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტონით ეკამათება ხან ევროპარლამენტს, ამერიკის ელჩს, ხან ცალკეულ სხვა ელჩებს":
"40 წელი მქონდა დიპლომატიური გამოცდილება, ასეთი წესები არ მინახავს. არ მინახავს, რომ პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ იგი გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა იგი უკვე გამიჯნულია (ინსტიტუციურ დონეზე). უნდა იცოდე, რომ ეს არის ორი ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ერთმანეთს პატივს სცემს, რასაც, მესმის, რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული. პოზიციის დაფიქსირება ხდება დიპლომატიურ ტერმინებში, როცა არის საქმეები გადასაწყვეტი. შეიძლება ერთი ერთზე“.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკომისიის 12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში:
"ურსულა ფონ დერ ლაიენი ცოტა ხნის წინ ჩამოსული იყო ბაქოში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან. რა უნდოდა, რომ გვეთქვა, ჩამოფრინდეს, ნახევარი საათით გვაქვს სასაუბროო. რატომ არავინ არ ჩასულა [ბრიუსელში] 12 პუნქტის შემდეგ, რომ რეალურად გაგვერკვია, როგორ არის ეს პუნქტები, რამდენად არის მთლიანად მართლა ჩვენ მიერ შესასრულებელი, თუ არის რაღაცა ლავირების საშუალებები, ამას ჰქვია მუშაობა. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, რომ ბრალდება ხან ერთზე, ხან მეორეზე, ჩვენ ვართ მართლები და ამით საქმე არ კეთდება".


