
თურქეთმა უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის შეთანხმების ხელმოწერის დრო დაასახელა
22/07/2022 05:30:45 ევროპა
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერება საზღვაო გზით უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის განახლების შეთანხმებას.
ამავე წყაროს ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.
სააგენტო „ანადოლუ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ხელმოწერა თურქეთის დროით 16:30 საათზე, სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში შედგება.
გაეროს გენერალური მდივნის ოფისში დაადასტურეს, რომ ანტონიუ გუტერეში თურქეთში მიემგზავრება, თუმცა, არ უთქვამთ, რომ შეთანხმების ხელმოწერა უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილია.
მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ოლეგ ნიკოლენკოს კომენტარი, რომ თურქეთში მოლაპარაკების შედეგად, 22 ივლისს შესაძლოა, გაფორმდეს დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მხარეთა ვალდებულებებს შავ ზღვაში საექსპორტო მარშრუტების უსაფრთხო ფუნქციონირების შესახებ.
ნიკოლენკოს თქმით, უკრაინის დელეგაცია მხარს დაუჭერს მხოლოდ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც გარანტირებული იქნება ქვეყნის სამხრეთ რეგიონების უსაფრთხოება, შავ ზღვაში უკრაინის არმიის ძლიერი პოზიციები და მსოფლიო ბაზარზე უკრაინული პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტი.
წინასწარი ინფორმაციით, უკრაინულ ხორბალს სამი - ოდესის, იუჟნის და ჩერნომორსკის საზღვაო პორტებიდან გაიტანენ.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს შავ ზღვაში დაბლოკილი აქვს ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. სხვადასხვა მონაცემით, უკრაინის შავი ზღვის პორტებში გაჩერებულია 20-25 მილიონი ტონა ხორბალი. ამჟამად მარცვლეულის მცირე ნაწილი გააქვთ ხმელეთით და მდინარე დუნაის პორტებიდან. უკრაინიდან ექსპორტის მკვეთრად შემცირება განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.