"ძალიან საინტერესო პრეცედენტია, როცა პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა კობახიძე და მდინარაძე ანტიდასავლურ განცხადებებში"
22/07/2022 09:27:14 პოლიტიკა
"ძალიან საინტერესო პრეცედენტია, როცა პრეზიდენტმა პირდაპირ ციტატებით ამხილა ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მათ მიერ გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებში", - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.
ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტთან კონსტრუქციული მუშაობა გაგრძელდება:
„პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დესტრუქციული როლი ითამაშა და დესტრუქციული ძალის როლის შესრულებას აგრძელებს - ხელს უშლის, საბოტაჟს უწყობს რიგგარეშე სესიის მოწვევას. პრეზიდენტთან გაგრძელდება კონსტრუქციული მუშაობა, რათა 12-პუნქტიან რეკომენდაციებს ევროპული სტანდარტით გაეცეს პასუხი".
ცნობისთვის: 21 ივლისს სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ "სადღეისოდ რუსეთს ვუფრთხილდებით, როგორც არასოდეს".
"მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?"– განაცხადა ზურაბიშვილმა.
"[ხელისუფლების მხრიდან] არის წარმოუდგენელი რიტორიკა. გვესმის გაუთავებლად თავდასხმები ევროპარლამენტარებზე… წაგიკითხავთ ირაკლი კობახიძის მიერ 20 მაისს გაკეთებულ განცხადებას: „ვიოლა ფონ კრამონი და 7 თუ 8 პარლამენტარი არიან კრიმინალების მფარველი ევროპელი პოლიტიკოსები“. ეს არ არის თავდასხმა? ეს კრიტიკა არ არის, ბრალდებაა, რომ კრიმინალების მფარველები არიან. წაგიკითხავთ მამუკა მდინარაძის მიერ 9 ივნისს გაკეთებულ განცხადებას: „10-ზე მეტი ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს“. მერე სხვები ამბობენ, რომ არასდროს უთქვამთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა სურთო. ამას ყველა ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში არის ვნებათაღელვა, საქართველოს არ ეხება?".
ამასთან, პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.
როგორც მან აღნიშნა, "ომში საქართველოს ჩართვის თემა არის სრულიად მოგონილი და ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას".


