
იჩქერიის მომხრეებმა ჩეჩნეთში წინააღმდეგობის მომზადების შესახებ განაცხადეს და კადიროვის რეჟიმს ჯიჰადი გამოუცხადეს
22/07/2022 13:44:50 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მხარდამჭერებმა ჯიჰადი გამოუცხადეს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვს და მის რეჟიმს,– ამის შესახებ საუბარია სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში. ერთი დღით ადრე რესპუბლიკის მოსახლეობაში იატაკქვეშა მოძრაობის მზადების შესახებ გამოაცხადეს იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა ანზორ მასხადოვმა და ჩეჩნეთის ბატალიონის სპიკერმა შეიხ მანსურმა, რომელიც იბრძვის უკრაინის მხარეს.
მათი თქმით, მზადების მიზანია „იჩქერიის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობა“.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში ორი ნიღბიანი პირი წვავს ჩეჩნეთის დროშას. ისინი აცხადებენ, რომ ჯიჰადის გამოცხადების მომენტიდან რესპუბლიკაში დაიწყება მოძრაობა, ხოლო პროცესის მომხრეები, მათ შორის, ჩეჩნეთის მეთაურის შიდა წრეშიც არიან.
რამდენიმე დღით ადრე, ისლამ ბელოკიევმა, YouTube არხის "ისლამის აზრების" ავტორმა და შეიხ მანსურის ბატალიონის სპიკერმა, აჩვენა რუკა, რომელზეც ჩეჩნეთი იყოფა სამ ფრონტად (ჩრდილოეთი, ცენტრალური, სამხრეთი) და 16 სექტორად - ბელოკიევის თქმით, თითოეულ ამ სექტორში დაიწყო მუშაობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების, მათი განლაგებისა და იარაღის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზანით. აღნიშნული არხ „ბელსატის“ ეთერში დაადასტურა იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა ანზორ მასხადოვმა:
"ომში თავისი საიდუმლოებებია, მათი გაცემა არ შეიძლება. რაც ბელოკიევმა თქვა, მეტს ვერ ვიტყვი, უფლება არ მაქვს. დიახ, ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია და კონსულტაციები გვაქვს და ვიცით, რომ მძლავრი მუშაობა მიმდინარეობს მოსახლეობასთან".
ეს ინფორმაცია Кавказ.Реалии–ს დაადასტურა ბატალიონის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ბოგდან ჩეჩენსკიმ.
მისი თქმით, იჩქერიის მხარდამჭერები მუშაობენ არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებთან:
„რუსეთის მიერ ოკუპირებული იჩკერიის დეოკუპაციის პრობლემის გადასაჭრელად რამდენიმე ეტაპის გავლას ვაპირებთ, მათგან სამ ფუნდამენტურს გეტყვით: ჩეჩენი ხალხის მომზადება მოსალოდნელი ცვლილებებისთვის, ჩეჩნეთის განმათავისუფლებელი არმიის შექმნა, რომელიც კარგად არის შეიარაღებული და გაწვრთნილი თანამედროვე ომის მეთოდებში“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსახლეობის მომზადება უკვე დასრულებულია, ხოლო ჯარის ფორმირება დასასრულს უახლოვდება.
უცნობია იჩკერიის მომხრეების კონკრეტული გეგმების შესახებ, მაგრამ ბოგდან ჩეჩენსკი უარყოფს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რაიმე სამხედრო ოპერაციის შესაძლებლობას.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ სწორედ ამ წუთში თავჩაქინდრული შევვარდებით იჩკერიაში და მესამედ დავაყენებთ ჩვენს ხალხს ომის საშინელების წინაშე, რაც მათ ორჯერ უკვე განიცადეს, ცდება. ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება გაწონასწორებული, პოლიტიკურად მოტივირებული და მიზანშეწონილი“.