
სეპარატიზმის ქაოსი რუსეთს ბუმერანგად უბრუნდება
22/07/2022 16:59:02 კონფლიქტები
უკრაინის ფრონტზე რუსეთის წარუმატებლობა გრძელდება. სტრატეგიული წინსვლა კარგახანია, აღარ დაფიქსირებულა. ლუგანსკის ოლქი და ისიც არასრულად – სულ ესაა, რისი მიღწევაც მოსკოვმა ომის ხუთი თვის განმავლობაში შეძლო. არადა, ყოველდღიურად რუსეთს 2-3 ასეული ჯარისკაცი ეღუპება, ჯამში კი 24 თებერვლიდან დანაკარგმა (დაუდასტურებელი ინფორმაციით) უკვე 38 ათასს გადააჭარბა. მოძველებული შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც ფრონტზე თანამედროვეს მარაგების შეთხელების შემდეგ გადაისროლეს, ხშირად მწყობრიდანაა გამოსული, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სარემონტო პოტენციალი კი დასავლური სანქციების გამო ფაქტობრივად განულებულია. ამასთან, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად იწვის რუსული საწყობები, რაც ჯარს შესაბამისი მომარაგების გარეშე ტოვებს. მრავალთვიანმა “სპეცოპერაციამ” გაუგებარია ვისგან გაუგებარია ვის “გასათავისუფლებლად”, რომელმაც რუსეთის მოქალაქეების უკვე ათეულობით ათასი სიცოცხლე იმსხვერპლა, ამ დრომდე ვერ მოიტანა რაიმე იმგვარი შედეგი, რომელსაც კრემლი მოსახლეობას გამარჯვებად მიასაღებდა.
უკვე დაახლოებით თვენახევრის წინ გახდა ნათელი, რომ საყოველთაო მობილიზაციის გარეშე პუტინი უკრაინაში მიზანს ვერ მიაღწევდა. მაგრამ რუსეთის ლიდერი მას ვერ აცხადებს: უპირველესად – იმის შიშით, რომ ქვეყანაში ისედაც მზარდი საპროტესტო განწყობა შეიძლება, რეჟიმისთვის საშიშ სოციალურ აფეთქებაში გადაიზარდოს; ამასთანავე, მობილიზაციისთვის ხომ ომის გამოცხადებაა საჭირო, ეს კი თავად კრემლის მიერ რუსეთის აგრესორად აღიარების ტოლფასი იქნებოდა და ერთბაშად გამოაცლიდა ისედაც მყიფე საფუძველს ყველა სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ზღაპარს “დენაციფიკაციისა” თუ “ნატო-სა და უკრაინის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის პრევენციის” შესახებ.
ამასობაში პუტინის ქვეყნის პოლიტიკური იზოლაცია ღრმავდება, ისევე, როგორც დასავლურ სანქციებთან დაკავშირებული ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც, სპეციალისტების გათვლით, მოსახლეობა სრული დატვირთვით აგვისტოს შუა რიცხვებიდან იგრძნობს. დარგები ჩერდება. ცალკეულ რეგიონებში ხელფასებისა და პენსიების სამ-ოთხთვიანი არგაცემის ფაქტები ფიქსირდება. ყოველდღიურად სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ამ სამხედრო ავანტიურის გამო რუსეთი მეტ-ნაკლებად ნორმალური მომავლის ყველა შანსს კარგავს.
და მიუხედავად ყველაფრისა, პუტინი ვერა და ვერ ელევა პარანოიდულ აზრს, რომ იგი თანამედროვე პეტრე პირველია – “რუსული მიწების შემგროვებელი”, მისი მისია კი სსრკ-ის აღზევებაა – ე.წ. “საკავშირო სახელმწიფოს” ჩამოყალიბების სახით. შესაძლოა, გულის სიღრმეში მას უნდა კიდეც, უკან დაიხიოს, მაგრამ ამას ვეღარ იზამს: უკვე მეტისმეტად დიდი ფასია გადახდილი და არც უშუალო გარემოცვა აპატიებს, არც ხალხი. სწორედ ამიტომ ბომბავენ რუსები ესოდენი გამწარებით უკრაინულ ქალაქებს და ამიტომაა დაბომბილ ობიექტებს შორის 70% საცხოვრებელი სახლები, სკოლები, ბაღები, საავადმყოფოები.
ხოლო რაკი აუცილებელია, ომის ნახევარი წლისთავისთვის მაინც წარმოაჩინოს რაიმე “გამარჯვებად”, კრემლი "ფუნდამენტს ამზადებს" უკრაინაში დროებით დაკავებული ტერიტორიების, კერძოდ ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონბასის ანექსიისათვის. რუსული რეჟიმი ნიშნავს არალეგიტიმურ თანამდებობის პირებს, რათა ჩაატარებინოს უკანონო რეფერენდუმები, რომლებსაც შემდეგ ყირიმში აპრობირებული მეთოდით ამ ტერიტორიების მისაერთებლად გამოიყენებს.
დასავლეთმა უკვე განაცხადა, რომ ძალისმიერი ანექსიის მცდელობა გაერო-ს წესდების უხეში დარღვევა იქნება და "დაუსჯელი არ დარჩება”. კერძოდ, კრემლის წინააღმდეგ ამოქმედდება კიდევ უფრო მკაცრი სანქციები. პარალელურად კი გაგრძელდება უკრაინისთვის აუცილებელი შეიარაღების მიწოდება, მათ შორის – ზალპური ცეცხლის იმ სისტემებისა (HIMARS და სხვა), რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირაა, დიდი წარმატებით ანადგურებენ რუსულ სტრატეგიულ საწყობებს.
სანამ კრემლი ანექსიას ამზადებს, თავისუფალ ერთა ლიგის აქტივისტებმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდეს, მხარი დაუჭიროს მათ სწრაფვას თვითგამორკვევის უფლების რეალიზებისკენ. ლიგის წარმომადგენლები ვაშინგტონში პლაკატებითა და ეროვნული დროშებით ჩავიდნენ. აქცია და ბაიდენისადმი წერილი მათ დამონებული ხალხების კვირეულს დაამთხვიეს, რომელიც აშშ-ში 1959 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. "ვერ ვხედავთ ჩვენი ხალხების მომავალს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში და არ გვსურს, პასუხი ვაგოთ კრემლის სამხედრო დანაშაულებისთვის", – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. მათივე თქმით, "ავტოქტონური ხალხები რუსეთში ფაქტობრივად, მოსკოვისა და მისი რეჟიმის ტყვეებად არიან ქცეულები". "ჩვენ არჩევანის წინაშე დაგვაყენეს: ან ვიომოთ, ან ციხეში ჩავჯდეთ, თუკი რუსულ აგრესიას მხარს არ დავუჭერთ. ძალიან გვიმძიმს იმის გაცნობიერება, რომ კრემლი ბურიატ ბიჭებს საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად - ახალი ტერიტორიების დასაპყრობად და იმპერიის გასაფართებლად იყენებს" – განაცხადეს აქტივისტებმა. თუმცა აქციაზე ისინი არა მარტო უკრაინისადმი რუსული აგრესიის დასაგმობად, არამედ იმ მიზნითაც გავიდნენ, რომ თავის სწრაფვაში მხარდაჭერა მოიპოვონ. "დღეს ისეთივე მდგომარეობაში ვართ, როგორშიც უკრაინა, ესტონეთი, ლიეტუვა ან ლატვია იყვნენ 40 წლის წინ. ვაპირებთ, ვიბრძოლოთ დეკოლონიზაციისთვის და ამ ბრძოლაში გვესაჭიროება განვითარებული დემოკრატიების მხარდაჭერა", – აცხადებენ ლიგის წევრები, რომლებიც 23 ივლისს თანამოაზრეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებში მიტინგების მოწყობას გეგმავენ თვითგამორკვევის სურვილის საჯაროდ დასაფიქსირებლად.
თუ ვინმე საქმის კურსში არაა, თავისუფალ ერთა ლიგა ბაშკირების, ბურიატების, კაზაკების, ყალმუხების, თათრების, ერზიანებისა და ინგერმანლანდელების ეროვნული მოძრაობების კავშირია, რომელიც რუსეთის შემადგენლობიდან გასვლასა და ახალი ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
უკრაინის პარლამენტში კი ამასობაში წარდგენილია დადგენილების პროექტი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის აღიარების თაობაზე. მისი თანაავტორები არიან ფრაქციათაშორისი სადეპუტატო ჯგუფის “თავისუფალი კავკასიისთვის” წევრები ალექსეი გონჩარენკო და მუსა მაგომედოვი. «რუსეთმა ორი ომის დროს ჩეჩნური ქალაქები ზუსტად ისევე ასწორა მიწასთან, როგორც დღეს უკრაინაში ანადგურებს მარიუპოლს, სევეროდონეცკს და ათობით სხვას. იჩქერიის მეომრები უკვე გვეხმარებიან უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვაში. ამიტომაც მოგიწოდებთ კოლეგებს, რაც შეიძლება, სწრაფად მიიღოთ ეს დადგენილება და მივმართოთ პრეზიდენტს, იჩქერიის დამოუკიდებლობა აღიაროს», – დაწერა გონჩარენკომ სოცქსელში პირად გვერდზე. ანალოგიური მოწოდებით მან აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებსა და სხვა რიგ სახელმწიფოებსაც მიმართა.
ერთი თვით ადრე გონჩარენკომ უკრაინის პარლამენტს განსახილველად კავკასიის 1763 – 1864 წ.წ. ომის დროს ჩერქეზების გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილების პროექტი წარუდგინა. მანამდე კი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იგი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების გათავისუფლებისკენ მოწოდებით გამოვიდა და დასძინა, რომ "რუსეთი აგრძელებს რეგიონში იმპერიულ პოლიტიკას – როგორც XIX და XX საუკუნეებში".
ივლისში ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიამ უკრაინაში თავისი კონსული დანიშნა. შესაბამის დადგენილებას იჩქერიის მინისტრთა კაბინეტის დევნილობაში მყოფმა თავმჯდომარემ ახმედ ზაკაევმა მოაწერა ხელი.
რუსეთის ქალაქ კემეროვოში ამ დროს სასამართლომ 75 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა ადგილობრივ ოლეგ ილჩენკოს “რუსეთისგან მოსკოვის გამოყოფის” იდეის გამო, რომელიც მან სოცქსელ "Вконтакте"-ში გააჟღერა. მამაკაცს “რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის რღვევისაკენ საჯარო მოწოდებებში” დასდეს ბრალი. თუმცა მისი უფლებადამცველები თვლიან, რომ ილჩენკოს ნამოქმედარი დევნის საფუძველი არ უნდა იყოს, რადგან დასჯა მართლზომიერია მხოლოდ ძალადობრივი სეპარატიზმისკენ მოწოდებების შემთხვევაში, ხოლო რეგიონების ტერიტორიული სტატუსის შესახებ მშვიდობიანი დისკუსიები არ უნდა იზღუდებოდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს რუსეთის ადმინისტრაციულ კოდექსში გაჩნდა ახალი – “რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის რღვევაზე მიმართული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდებების” მუხლი, რომელიც 100 000 რუბლამდე ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. 2021 წლის მაისში ამ მუხლით გაასამართლეს პირველი მოქალაქე – ნარიან-მარის მკვიდრი, რომელმაც სოციალურ ქსელში სურათი განათავსა წარწერით "ყირიმი უკრაინაა" და პოსტი ნახევარკუნძულის ოკუპაციის თაობაზე. თუმცა ეს შემთხვევა უკანასკნელი არ აღმოჩნდა, მას შემდეგ დაჯარიმებულთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. როგორც ჩანს, ჯარიმა არ აშინებთ და არც მუხლი აკავებთ: იმპერია სახელად რუსეთის ფედერაცია ნელ-ნელა რყევას იწყებს.
ეს, რა თქმა უნდა, ჯერ ზღვაში წვეთია და მხოლოდ დასაწყისი. მაგრამ დამოუკიდებელი რუსი ექსპერტები სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა აკეთებენ კრემლისთვის შემაშფოთებელ პროგნოზს, რომ რღვევა იმაზე ბევრად ადრე შეიძლება, დაიწყოს, ვიდრე გუშინ შეგვეძლო, წარმოგვედგინა. და ეს, მათი შეფასებით, იქნება ბუმერანგი, რომელიც რუსეთს დაუბრუნდება, ან, გნებავთ, ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც კრემლმა, აღვივებდა რა სეპარატიზმს სამეზობლოში, საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს ჩაუდო.
სწორედ ეს ქაოსი ჰქონდა მხედველობაში ყაზახეთის ლიდერ ქასიმ-ჟომარტ ტოკაევს, რომელმაც ამასწინათ “პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე” პუტინის თანდასწრებით რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შესახებ განაცხადა. “[…] ყველა მსურველის თვითგამორკვევის უფლების რეალიზების შემთხვევაში მსოფლიოში გაჩნდება გაერო-ს წევრი არა 193 სახელმწიფო, როგორც ეხლაა, არამედ 500-600, რაც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ქაოსს გამოიწვევს. ამიტომაც ყაზახეთი არ აღიარებს არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც აფხაზეთს, არც სამხრეთ ოსეთს. ასეთივე მიდგომა გვექნება, მაღალი ალბათობით, დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების მიმართაც, რომლებიც, ჩვენი ხედვით, კვაზისახელმწიფოებს წარმოადგენენ” – განაცხადა ტოკაევმა, რომელსაც რუსეთი ბოლო დროს სისტემატიურად ახსენებდა მის ქვეყანაში რუსულენოვანი რეგიონების არსებობას და “ყაზახეთში უკრაინული სცენარის გამეორებით” ემუქრებოდა.
თავისი განცხადებით ყაზახეთის ლიდერმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც თავად რუსეთში, ისე მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რომლის ანექსიისთვის ფუნდამენტი მოსკოვმა, სხვათა შორის, უკვე შეამზადა. “საგარეო საქმეთა მინისტრმა” ინალ არძინბამ ტოკაევს ოფიციალური განცხადებით უპასუხა, რომლის თანახმად, “აფხაზეთი სახელმწიფოებრიობის ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა და აფხაზმა ხალხმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, დიდი ხანია, დაამტკიცა თავისი უფლება, კანონიერი ადგილი ეკავოს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში”. "აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების გაფართოებით, გაერო-ს მუშაობაში ჩვენი მონაწილეობით მსოფლიოში ქაოსი ნამდვილად არ მოიმატებს” – დასძინა მან.
საინტერესოა, დღეს რა კომენტარს გააკეთებდა აფხაზი “მინისტრი” ბაშკირების, ბურიატების, კაზაკების, ყალმუხების, თათრების, ერზიანებისა და ინგერმანლანდელების ეროვნული მოძრაობების თვითგამორკვევისკენ სწრაფვასთან, ან იჩქერიის დამოუკიდებლობისა და ჩერქეზების გენოციდის აღიარების მზადებასთან დაკავშირებით?
ეკა ცანავა