"ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული პროცესი იმიტაციაა, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით"
25/07/2022 10:56:08 პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების ალტერნატიული პროცესი იმიტაციაა, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ალტერნატიულ სამუშაო პროცესს, რომლის მიზანიც ევროკომისიის 12-პუნქტის შესრულებაზე კანონპროექტების მომზადებაა.
მისი თქმით, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოიყურებიან, რომ ერთ მაგიდასთან დასხდომა და ლაპარაკი არ შეუძლიათ:
„ოპოზიციური პარტიები კანონების წერაში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუერთდნენ, ოღონდ, ეს იგივე ორგანიზაციები „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ და მათ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობენ. გამოვიდა, რომ გიორგი ვაშაძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებენ. არ მგონია, ამას რაიმე შინაარსი ჰქონდეს. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს, ევროპელების თვალში არაადეკვატურად გამოვიყურებით, რომ ერთ მაგიდასთან დასხდომა და ლაპარაკი არ შეგვიძლია. არ მესმის, გიორგი ვაშაძესა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასე მოქცევის სურვილი რატომ აქვთ. ვინაიდან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობაა, იმედია, სწორ პოზიციას დაიკავებენ და ევროპელების თვალში ადეკვატურები გამოვჩნდებით. ევროპელები პირდაპირ, არაორაზროვნად გვეუბნებიან, რომ ერთად ვიმუშაოთ“.
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე პარალელური სამუშაო პროცესი დაიწყო. ოპოზიციის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ იღებენ „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“.


