
"შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს"
07/10/2019 08:25:55 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს. ამის შესახებ გახარიამ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, შეხვედრისას ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით არსებულ პოტენციალს.
"გერმანიის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია და ამ სფეროში არსებული პარტნიორობის დინამიკა მისასალმებელია. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მაღალ დონეზე დაყენების მნიშვნელობას, როგორც საერთაშორისო, ისე – რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში. გიორგი გახარიამ გერმანიას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანელი ექსპერტების როლი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტის განხორციელების პროცესში.
შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა და აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი პროფესიული განათლების განვითარების სფეროში. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების მიმართულებით და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზად არის", – ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.