აშშ აზერბაიჯანს და სომხეთს მოუწოდებს, განაგრძონ თბილისში შეხვედრის მსგავსი დიალოგი

26-07-2022 10:28:16 კავკასია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიესალმა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის თბილისში გამართულ შეხვედრას და მხარეებს მოუწოდა, მსგავსი ორმხრივი დიალოგის გაგრძელებისკენ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე 25 ივლისს გამოქვეყნებულ ორ შეტყობინებაში, რომელიც ეხება სახელმწიფო მდივნის სატელეფონო საუბრებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ალიევთან და ფაშინიანთან განიხილა რეგიონში მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა და დაადასტურა, რომ აშშ მზად არის ხელი შეუწყოს რეგიონული სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გახსნას. სახელმწიფო მდივანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა ევროკავშირის შუამავლობით დისკუსიისადმი მხარდაჭერა და ისიც, რომ აშშ, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კვლავაც მზად არის თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის დამყარებაში.

ალიევთან და ფაშინიანთან სატელეფონო საუბრების შესახებ გავრცელებული ოფიციალური ცნობები თითქმის ერთნაირი შინაარსისაა, იმ განსხვავებით, რომ ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მოუწოდა, გაათავისუფლოს ჯერ კიდევ ტყვეობაში მყოფი სომეხი სამხედროები, ხოლო სომხეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თურქეთთან ურთიერთობის მოგვარებისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის.

თბილისში 16 ივლისს გაიმართა სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, არარატ მირზოიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები