
გერმანელი მინისტრი: "არ გაგვიკვირდება, თუ პუტინი გაზის ონკანს საერთოდ გადაკეტავს, უნდა მოვემზადოთ“
26/07/2022 16:48:48 ევროპა
გერმანიის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ევროკავშირმა დღეს რუსეთს მნიშვნელოვანი გზავნილი გაიგზავნა, მაგრამ ევროპა რუსული გაზის გარეშე ცხოვრებისთვისაც უნდა მოემზადოს.
„ბოლო კვირეებსა და თვეებში ნათლად დავინახეთ, რომ რუსეთის სტრატეგია ევროპაში მაღალი ფასების შენარჩუნება, პოლიტიკური ფასის მომატება, ევროპის დაყოფა და უკრაინის მიმართ სოლიდარობის შეჩერებაა. საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით მოსკოვს ძლიერი სიგნალი გაუგზავნა და იმედია, გაიგონებენ, „ევროპას ვერ დაყოფთ“! ჩვენ იმისთვისაც უნდა მოვემზადოთ, რომ შესაძლოა, რუსული გაზი საერთოს არ გვქონდეს. არ გაგვიკვირდება, თუ პუტინი გაზის ონკანს საერთოდ გადაკეტავს“,– განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარში ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით ნებაყოფლობით შემცირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.
ევროპული საბჭოს ცნობით, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა 15%-ით შეამცირონ გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით, 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე.
ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს „სამოკავშირეო განგაშის“ გამოცხადების შესაძლებლობას მიწოდების სტაბილურობისთვის სერიოზული საფრთხის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მოხმარების შეზღუდვა სავალდებულო გახდება.
„გაზზე მოთხოვნის შემცირების მიზანია დაზოგვა ზამთრის წინა პერიოდში, რათა მოვემზადოთ რუსეთიდან გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის, რასაც ის მუდმივად იყენებს, როგორც იარაღს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპული საბჭოს ინფორმაციით, გაზის მოხმარების შესამცირებლად სახელმწიფოები შესაბამის ზომებს ინდივიდუალურად მიიღებენ.