ოპოზიციის ნაწილი – ივანიშვილის განცხადებაზე: "არაფორმალური მმართველობის დადასტურება" და "აშშ–ის ელჩის შანტაჟში დადანაშაულება"
27/07/2022 07:23:46 პოლიტიკა
ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ექს–პრემიერის, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და მას "არაფორმალური მმართველობის დადასტურებად" და "აშშ–ის ელჩის შანტაჟში დადანაშაულებად" აფასებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამერიკის ელჩთან საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება შანტაჟის გაგრძელებაა.
"როგორც ვვარაუდობდით, “ის ბრძენი კაციც” გამოჩნდა. რა იყო ბიძინა ივანიშვილის წერილის მთავარი სათქმელი? ის, რომ ვიღაცებს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდა. თურმე ომის საფრთხე რუსეთიდან კი არ მოდის, არამედ სხვებისგან, რომლებიც იმდენს უჩხიკინებენ პუტინს, რომ იმ წესიერ კაცს შემოეპყრობა კიდევაც ქვეყანა. ასე ამბობდა 2008 წლის აგვისტოს ომზეც, ასე ამბობენ მისი ენით მოლაპარაკეები “ოცნებიდან” რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შესახებ-თურმე უკრაინამ ვერ აიცილა თავიდან ომი (როგორც მაშინ საქართველომ), ანუ უკრაინაა დამნაშავე.
რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრას, დაადასტურა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თანაც სრულადაც რომ სამი საათიო. დროის ამ ხანგრძლივობით ირიბად მიანიშნებს საუბრის თემის სირთულეზე და შესაძლო ზეწოლაზე. ისე, იმ სამი საათიდან ორი საათი სადილს თუ ვახშამს არ მოხმარდებოდა? დაუპურებელს ხომ არ დატოვებდა სტუმარს? “სადილით თუ სადილის გარეშე სამი საათი”-უკვე ახალი თავსატეხი გაუჩინა საზოგადოებას:)) რა საკითხზე უნდა ყოფილიყო ელჩის მიერ ზემოქმედების მცდელობა? რადგან საიდუმლოდ ინახავს, გვაფიქრებინებს, რომ ომი უნდოდა რომ დაეწყო, ანუ უნდოდა რომ რუსეთი საქართველოში შემოჭრილიყო, ბიძინა პრემიერ-მინისტრად დაესვათ რუსებს და ამერიკა ამით გახარებული 500 მილიონს დაუბრუნებდა შვეიცარული ბანკიდან. წერილში ამას ვერ ამოვიკითხავთ, მაგრამ ამაზე ტროიკები და სხვები ხომ წერდნენ და ლაპარაკობდნენ? ეს, რა თქმა უნდა, არის აბსურდი, მაგრამ საუბრის შინაარსის საიდუმლოდ დატოვება კვლავ არის შანტაჟის გაგრძელება, დასავლეთზე თავდასხმა ერთადერთი მიზნით - არ მოიხსენიონ ოლიგარქად, არ შეეხონ მის არაფორმალურ ძალაუფლებას და კვლავ ძველებურად მართოს კულისებიდან ქვეყანა, როცა პარლამენტიც თვითონაა, მთავრობაც და მოსამართლეც.
არაფერი გამოუვა. უკრაინაში ომმა საბოლოოდ ახადა ნიღაბი ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. მან გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას. ახლა მან თავად უნდა აირჩიოს, როგორ დათმობს მიტაცებულ ძალაუფლებას, როგორ წავა ხელისუფლებიდან-მსუბუქად, მძიმედ თუ ძალიან მძიმედ. მაგალითების მოძიება მას არ გაუჭირდება. სანქცია ნებისმიერ შემთხვევაში არ აცდება. რაც უკვე ჩაიდინა დასჯადია", - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს არაფორმალური მმართველი.
„კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი სააშკარაოზე გამოვიდა რეალურად, დაადასტურა ის ყველაფერი, რასაც ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა. პირველი, ბანკთან მისი პრობლემები არის იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ის, როგორც ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი, ოლიგარქი აწარმოებს ქვეყანაში, რუსეთის ფედერაციასა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებაში. იმავდროულად, თუ ატყობთ, ომთან დაკავშირებით საუბრობენ მხოლოდ ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები, ეს არის მათი რიტორიკა, მათი ქიმერა, რომელიც შექმნეს და ვითომ ამ ქიმერას წარმატებით ამარცხებენ. გარდა ამისა, ელჩთან შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველი და ამ ქვეყანაში ოლიგარქია რომ დასრულდება, მერე გაიხსნება საქართველოს ევროპული პერსპექტივები", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანტაჟში დაედანაშაულებინა".
ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილი ასე "ვირეშმაკულად" ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას.
"დღევანდელ წერილში ამ თავისივე დადგმულ სპეკტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი ბოლო აბზაცში: "შეხევდრა შედგა. შედგა ელჩის ინიციატივით. გაგრძელდა 3 საათი". შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხევდრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო რომ ეთქვა - 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართემვთო. ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს. ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი. ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას, თან გასული ვარ ძმაო მე, არაფერში არ ვერევი, ჩემთვის ვარ აბასთუმანში სუფთა ჰაერზეო
პ.ს. ეს საერთოდ კლასიკაა: 'აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის.' ანუ, ის ფული, რომელსაც მართმევენ საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, ისევ თქვენზე უნდა დამეხარჯა, მეორე სამება მქონდა გეგმაში, მაგრამ არ მაძლევენ მაგის საშუალებასო. 'მეშჩანი' როგორ არის ქართულად?", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„ლელოს“ წვერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დღევანდელი წერილით დადასტურდა, რომ აბსურდული განცხადებების უკან, თითქოს დასავლეთი ცდილობს ჩვენს ომში ჩართვას, ივანიშვილი დგას.
"დღეს საქართველოში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი, მას ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და ის არა მხოლოდ აქტიურად ერევა, არამედ შეიძლება ითქვას, წარმართავს კიდეც მმართველი გუნდის პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში. ეს წერილი არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ „ჩრდილოვანი მმართველობა“ დღეს არის ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა. ეს ფაქტობრივად დაადასტურა თავად ივანიშვილმა აღნიშნული წერილის გამოქვეყნებით. რატომ გადაწყვიტა მან ამ წერილის გამოქვეყნება, ვერ გეტყვით. როგორც ჩანს, ის საკმაოდ შეშფოთებულია დღეს საკუთარი მდგომარეობით. გუშინ დავბრუნდი აშშ-დან და მინდა გითხრათ, არავის აქვს არანაირი ილუზია ვაშინგტონში იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ივანიშვილის როლი დღეს ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ივანიშვილთან იქნება მიმართული ყველა ის პრეტენზია, რა პრეტენზიებიც აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. იმ დაპირისპირების უკან, რომელშიც „ქართული ოცნება“ უკვე ღიად შევიდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმის რეჟიმზე გადასვლის სახით, ბიძინა ივანიშვილი დგას“, - განაცხადა სამადაშვილმა.
„გირჩის“ წევრი დეპუტატი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ "ბიძინა ივანიშვილის წერილი რაღაცის პროლოგია, რაღაცის დასაწყისი, მთავარი მოქმედებები და სიუჟეტები წინ გველოდება":
„ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის ელჩს შეხვდა, მაგრამ რაზე ისაუბრეს, არ ვიცით. ვიცით, ომის საფრთხეების შესახებ, მაგრამ პოზიცია არ ვიცით. მოდით, სიუჟეტის გახსნას დაველოდოთ, რომელიც შემდეგი წერილებით გაიხსნება. იშვიათი შემთხვევაა, როცა მთელი სურათი გაუგებარია. არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები და არ წარმოვიდგნოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ებრძვის, მათი პოზიციები დაახლოებული რომ იქნებოდა, ეს არავის გაგვკვირვებია. ომის საფრთხის შესახებ კამპანია მათი ყველაზე ცნობილი კამპანიაა და ბიძინა ივანიშვილმა ეს კამპანია რომ დაადასტურა, გასაკვირი არ არის. „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ყოფს „ნაცებად“ და „ქოცებად“ და მოიფიქრეს არარსებული ჯგუფი, რომელსაც ომი უნდა და თითქოს არარსებულ ჯგუფთან დაიწყეს ომის კამპანია, რომ ვინმეს ომი უნდა და ქვეყანას ვიცავთო. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათი აქვს“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "ბიძინას გამოსვლით საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო":
„ივანიშვილის წერილებს აქვეყნებდნენ თავიანთი სახელით და გვარებით სუბარი, ხუნდაძე და ყაველაშვილი. ეს არის აღვირახსნილი ანტიევროპული, ანტიამერიკული კამპანია, რომლის შუალედური მიზანია, საქართველო დასავლელი პარტნიორების გარეშე დატოვონ და შემდეგ ადვილი ნადავლი გახდეს რუსეთისთვის. ეს არის ბელარუსიზაციის პროექტი, კურთხევა მიცემული აქვს ივანიშვილს საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტზე. მივმართავ კოლეგებს - ნუ მივეხმარებით „ქართულ ოცნებას“ ევროპული ინტეგრაციის პროცესის ფასადის შექმნაში. ივანიშვილმა ნათლად განაცხადა, რომ დასავლეთი ჩვენი დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტი კი არაა, ომს აძალებს საქართველოს და მისი განადგურება უნდა. ვაფრთხილებ მოქალაქეებს, მინდა, ამ საფრთხის განცდა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს - არანაირი ევროპაში ინტეგრაციის პროცესი „ქართული ოცნების“ პირობებში არ არსებობს, ისინი საქართველოს ბელარუსიზაციას უმზადებენ. ბიძინას გამოსვლით საქართველოს ბელარუსიზაციის პროექტი დაიწყო".
ცნობისთვის: დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი, მათ შორის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, "ომში ჩართვასა" და მმართველ პარტიაზე საუბრობს.


