
მმართველი გუნდი ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების ფაქტს „ღირსეულ“ ნაბიჯად აფასებს
07/10/2019 12:13:06 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მმართველი გუნდი „ქართული ოცნების“ წევრის ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების ფაქტს „ღირსეულ“ ნაბიჯად აფასებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზარდიაშვილმა აჩვენა, რომ თანამდებობა, სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება.
„ვანო ზარდიაშვილმა მიიღო ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება და ასევე ღირსეული განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამით ვანო ზარდიაშვილმა ჩვენ ყველას და საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა, სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ასევე აჩვენა, რომ ნებისმიერ დაპირისპირებაზე და კამპანიაზე, რაც პოლიტიკაში შეიძლება ხშირად მოხდეს, მაღლა დგას ღირსება და ადამიანური ნაწილი, რომელიც, რა თქმა უნდა, პოლიტიკასაც აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მსგავსი პოზიცია დააფიქსირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემაც.
“ვფიქრობ, რომ ეს არის ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება და ასეთ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ეს ბატონი ვანო ზარდიაშვილის არჩევანია, მისი პირადი გადაწყვეტილება და შესაბამისად, მან პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენა ამასთან დაკავშირებით, შეათანხმა ეს საკითხი დ ამან პირადად მიიღო ეს ღირსეული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის: ზარდიაშვილმა პარლამენტის დეპუტატის მანდატი დატოვა.