
ადვოკატი: "გოგაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო"
27/07/2022 11:52:41 სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნი სოსო გოგაშვილის საქმეს გრიფით საიდუმლო დაადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ავრცელებს.
"საქმეს გრიფით საიდუმლო დაადო პიროვნებამ, ვისაც იოსებ გოგაშვილი და მისი ოჯახი ადანაშაულებს კონკრეტულ გადაცდომებსა და შეიძლება ითქვას, დანაშაულის ჩადენაშიც კი. ეს არის ბატონი ღამბაშიძე. მან გამოიტანა წერილობითი გადაწყვეტილება საქმის მასალებს დადგებოდა გრიფით საიდუმლო. არ არსებობდა გრიფით საიდუმლოს დადების სამართლებრივი საფუძველი, თუმცა ვფიქრობ, ის დარღვევები რომ არ გამოჩენილიყო სააშკარაოზე, რომელიც არსებობს სოსო გოგაშვილის დაკავებასა და წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით, სწორედ ამის გამო მოხდა საქმის რულად გრიფირება", - ამბობს ჩინჩალაძე.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. 18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გოგაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.