
გაუხსნის თუ არა ცხინვალი “საზღვარს” ქართულ პროდუქტს?
27/07/2022 14:07:51 კონფლიქტები
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჯიბესაც “დაარტყა”. 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ფაქტობრივად ყველაფერი გაძვირდა და ფასები კიდევ იმატებს. შექმნილ ვითარებაში სულ უფრო ხშირად გაისმის ინიციატივა “საზღვრის გახსნისა და საქართველოსთან ვაჭრობის განახლების” თაობაზე. თბილისი კი დუმს.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედარებით იაფი და თან ხარისხიანი პროდუქციის შეტანის აუცილებლობის თემა მოსახლეობაში მართლაც აქტიურად განიხილება, პირად საუბრებში მასზე ხშირად მსჯელობენ ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები და დამკვირვებლებიც, თუმცა პოლიტიკური სპიკერები ინიციატივის გახმოვანებას ჯერ არ ჩქარობენ.
საუბარია უპირველესად, ხილ-ბოსტნეულზე, მწვანილზე, მთელ რიგ სხვა პროდუქტებზე, ასევე ტანსაცმელსა და სამშენებლო მასალებზე, რომლებიც დე ფაქტო საზღვარს აქეთ 2-3-ჯერ იაფია. თორემ ხორცი და ყველი, მაგალითად, ცხინვალის რეგიონში საგრძნობლად ნაკლები ღირს.
«საქართველოში რუბლი დასტაბილურდა, ამჟამად კურსი თითქმის დაბრუნებულია უკრაინის ომამდელ ნიშნულზე. მაშასადამე, ფასების ზრდა რუბლზე გადათვლით მცირეა. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოდან არ წასულან დასავლური კომპანიები, საქართველოს წინააღმდეგ არ მოქმედებს სანქციები. ამიტომაც იქ საგრძნობლად იაფია უცხოური მედიკამენტები, სტომატოლოგიური მასალები, უცხოური სათადარიგო ავტონაწილები და ბევრი სხვა რამ, მათ შორის - რა თქმა უნდა, პროდუქტიც. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლენინგორის [ახალგორის – რედ.] მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დროს პრეზიდენტმა გაგლოევმაც აღნიშნა, რომ იქ ფასები უფრო დაბალია. მართალია, მას კონკრეტულად საზღვრის გახსნა არ უხსენებია, თუმცა ჩვენ მისი გზავნილი ასე აღვიქვით” – ამბობს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი და დასძენს, რომ გაგლოევისგან განსხვავებით, მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა აგიტაციის დროს შესაბამისი დაპირება ღიად გააჟღერეს.
“არა მგონია, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვინმეს ხელისუფლების დაძრახვის საფუძველი მიეცეს. ახლა ხომ რუსეთში ბიზნესიც, ხელისუფლებაც სანქციებისთვის გვერდის ავლის გზებს ეძებენ. ჩვენ კი გვერდის ასავლელიც არაფერი გვაქვს, უბრალოდ უნდა გავხსნათ “რაზდახანი” – ამბობს თამარი.
მოძრაობა “კავშირ ალანია-რუსეთის” თანათავმჯდომარის როლანდ ქელეხსაევის აზრით კი, “სამხრეთ ოსეთს ანტისასანქციო ღონისძიებების საკუთარი ნუსხა უნდა გააჩნდეს”.
“ჩვენი ბაზრის მასშტაბების გათვალისწინებით, ამის განხორციელება არც ისე რთულია, მთავარია, პრობლემის მოგვარებას პოლიტიზაციის გარეშე მივუდგეთ და საკითხს პრაგმატულად შევხედოთ. არ მჯერა, რომ თავად შევძლებთ ყველაფერ იმის წარმოებას, რაც დღეს რესპუბლიკაში შემოგვაქვს: როგორც ცნობილია, ყველაზე მძლავრი სტიმული ბოსტნეულისა და მწვანილის საკუთარი წარმოებისთვის ფასების ზრდაა, მაგრამ პროდუქტი უკვე წლებია, ძვირდება, საკუთარი წარმოება კი ამ დრომდე ვერ ჩამოვაყალიბეთ. ნათელია, რომ სამომავლოდაც გავაგრძელეთ წარმოებას ბაზრისათვის – ვგულისხმობ ყველსა და ხორცს, ანუ იმას, რისი წარმოებაც უკვე ვიცით და ბაზარზე გაგვაქვს. მაგრამ ყველაფერ დანარჩენთან მიმართებაში საფიქრალია, სად შევიძინოთ შედარებით იაფად” – ამბობს ქელეხსაევი.
ამასთან, იგი ერთ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: “როცა საქონელი “რაზდახანით” შემოჰქონდათ, უკვე ცხინვალის ბაზარში მას მაინც გაცილებით მაღალი ფასი ედებოდა, ვიდრე თბილისში – არაადექვატურად მაღალი, თუ მანძილს გავითვალისწინებთ. ეს მოწოდებების არაგამჭვირვალობაზე, კრიმინალურ-კორუფციულ სქემებზე მიუთითებს”.
“თუ ეს პრობლემა მოიხსნება, რესპუბლიკა შეძლებს, ჩვენი მცირე ბაზარი ხარისხიანი და ამავდროულად შედარებით იაფი საქონლით შევავსოთ» - დასძენს ქელეხსაევი.
მართლაც, როგორც ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, “რაზდახანის” ჩაკეტვამდე ცხინვალის ბაზარზე ფასები ვლადიკავკაზისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მიზეზის გასარკვევად საკმარისია, ცხინვალის ბაზრისკენ საქონლის მოძრაობას დავაკვირდეთ.
“მაგალითად, ლეონიდ თიბილოვის დროს საქონლით დატვირთულ სამარშრუტო ტაქსს ჯერ უნდა გადაეკვეთა გამშვები პუნქტი, რომელზეც შეზღუდვები მოქმედებდა: ატარებდნენ მხოლოდ ხელბარგს – ერთ ადამიანზე მაქსიმუმ, 50 კგ-ს; შესაბამისად, საქონლის გასატანად საჭირო იყო მისი ხელბარგად გაფორმება რაიონის რეალურ მაცხოვრებლებზე - მაგალითად, ერთი ტონა 20 მაცხოვრებელზე იყოფოდა და ეს 20 ადამიანი გამშვებ პუნქტთან უნდა გამოცხადებულიყო, რაშიც მოვაჭრეები თანხებს უხდიდნენ. მაგრამ გამშვებ პუნქტგამოვლილი სამარშრუტოების შესაჩერებლად გზებსა და ორღობეებში ძალოვანები (უშიშროების, შსს-ს, პროკურატურის) წარმომადგენლები იყვნენ ჩასაფრებულები: ზოგი გატარებაში 1000 რუბლს სთხოვდათ, ზოგიც ერთ ყუთ ხილს სჯერდებოდა. დარჩენილი საქონელი ცხინვალელ გადამყიდველებს მიეწოდებოდათ, უფრო ზუსტად - აზერბაიჯანელი მებოსტნეების მიერ ორგანიზებული ტრაფიკის ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს. ანუ, არსობრივად, მიმწოდებელი ერთი იყო და მას ხელისუფლებასთან განსაკუთრებული ურთიერთობებით აკავშირებდა, რომელიც მისთვის საქართველოდან იმპორტის მონოპოლიას უზრუნველყოფდა და შესაბამისად, ბაზარზე ფასების კონტროლსაც. სწორედ ამაში მდგომარეობს “სქემები”, რომლებზეც როლანდ ქელეხსაევი საუბრობს” – განმარტავს “ეხო კავკაზას” ადგილობრივი მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი.
მისივე ინფორმაციით, “მას შემდეგ, რაც ანატოლი ბიბილოვმა “რაზდახანზე” საბაჟო აამოქმედა, მიმწოდებლებმა საქონლის ლეგალურად შეტანა დაიწყეს”. “აღარ იყო საჭირო საქონლის ხელბარგად გაფორმება, გაქრა შიში, რომ ნებისმიერი შემხვედრი ძალოვანი მანქანას უკან – საქართველოსკენ გააბრუნებდა. თუმცა ძალოვანების კორუმპირებულობის პრობლემა ძალაში დარჩა და არჩილ ტატუნაშვილის ისტორია ამის ტრაგიკული მტკიცებულებაა. შემდეგ, როცა ანატოლი ბიბილოვმა “რაზდახანი” ჩაკეტა, სამხრეთიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა სრულად არ გამქრალა. საქონელი, უმთავრესად ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მცირე პარტიებით მთის ბილიკებით არალეგალურად შემოაქვთ. თუმცა ახლა, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად გაიხსნა შესაძლებლობების, იმედებისა და იმ მოლოდინის ფანჯარა, რომ გამშვები პუნქტი გაიხსნება და ვაჭრობას დაუშვებენ” – დასძენს გუკემუხოვი.
თუმცა კონფლიქტოლოგი, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეჭვობს, საკითხი მომავალ საპარლამენტო „არჩევნებამდე“ გადაწყდეს.
„მათ მუდმივი მოთხოვნა აქვთ, რომ თბილისმა ჩორჩანასა და წნელისს შორის გახსნილი საგუშაგოს დემონტაჟი მოახდინოს. ეს თემა კვლავ გრძელდება. იმ პერიოდში ბიბილოვის წინააღმდეგ კამპანია აგორდა, „ქართველებს დაუთმო დიდი ტერიტორიაო“. ვფიქრობ, გაგლოევი ჯერ მზად არ არის სხვა გადაწყვეტილებისთვის – მას „მთავრობაც“ კი არ ჩამოუყალიბებია ნორმალურად და არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი შემდეგ საპარლამენტო „არჩევნებამდე“ არ მოგვარდეს: მაშინ “პარლამენტი“, მათ შორის, ამ თემის გამო იყო დაპირისპირებული ბიბილოვთან და გაგლოევს რატომ დაუთმობს? “ბიბილოვმა ფორმალურად მაინც ჩაკეტა საზღვარი და შენ ქართველებს ეს მიწა შეარჩინეო“ – შესაძლოა, ამგვარი ბრალდება წაუყენონ. ეს მხოლოდ ჩემი ხედვაა, უბრალოდ სხვა ლოგიკას ვერ ვხედავ, რატომ არ ხსნიან გადასასვლელს. მით უფრო, რომ სოციალური ფონი დამძიმებულია და ეს გადასასვლელი ცხინვალს სჭირდება: შედარებით იაფი პროდუქტი შედის, ხალხი გადაადგილდება...“ - განუცხადა "აქცენტს" ზაქარეიშვილმა.
კონფლიქტოლოგს ამ დრომდე უჭირს გარკვევა, მაინც რამ განაპირობა ვითარების ამგვარი გამწვავება და "ქართული ოცნების" შესაბამისი გადაწყვეტილება:
„შესაძლოა, რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდეს საგუშაგოს გახსნას, მაგრამ ამით ჩვენ ახალგორი დავკარგეთ – რაიონი მოსახლეობისგან იცლება. მეორე – თავად საგუშაგოს გახსნის ფორმა იყო უცნაური, რადგან ქართული მხარე მარტო დარჩა: როგორც წესი, საგუშაგოების გახსნა, დემონტაჟი, გადაადგილება განიხილება ერგნეთის შეხვედრების დროს, მაგრამ ქართულ მხარეს ეს საკითხი არ დაუყენებია, პროტოკოლის გვერდის ავლით გადადგა ეს ნაბიჯი. მზად ვარ, მივიღო „ქართული ოცნებისგან“ არგუმენტი, რომ რაღაც საფრთხე არსებობდა და "დასწრებაზე იყო", მაგრამ ეს საკითხი ერგნეთის შეხვედრაზე უნდა დაეყენებინა, საფრთხეებზე ესაუბრა, მოეწოდებინა ევროკომისიისთვის, ეუთო–სვის, გაერო–ს წარმომადგენლებისთვის, რუსებისთვისაც კი. ვინაიდან ქართული მხარე ასე არ მოიქცა, ამ ფორმატისგან მოიწყვიტა მხარდაჭერა. ვერც ევროკავშირი, ვერც ეუთო ამბობს, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იყო და ვერ გვეხმარებიან ამ მიმართულებით. საერთაშორისო თანამეგობრობა გეუბნება, ვიქნები გარანტორი, მინიმუმამდე დავიყვანო საფრხე, თუ შესაბამისად მოიქცევიო. მაგრამ შენ თუ გექნება პოზიცია, „ჩემი ტერიტორიაა და რასაც მინდა, გავაკეთებო“, მაშ იქ დამკვირვებლებს რაღა უნდათ?! ახლა საგუშაგოს ვეღარ მოხსნიან, მაშინ გარანტიები უნდა მიიღონ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ვერ აყალიბებენ, რა საფრთხეზეა საუბარი. დახურულ შეხვედრებზე დამისვამს ეს კითხვა, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ერთადერთი ახსნა მქონდა მაშინ და ახლაც იგივე აზრზე ვარ: გიორგი გახარია მოწყვლადი შს მინისტრი იყო, 20 ივნისის დამრბევი, ინიშნებოდა პრემიერ–მინისტრად და ამ ნაბიჯით „მაჩოს“ იმიჯის შექმნა სცადეს“.
ხოლო ზოგადად საქარველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის დუმილი ზაქარეიშვილს აფიქრებინებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გარკვეულ შეთანხმებასთან გვაქვს საქმე. სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს ის ცხინვალში რუსეთთან მიერთების თაობაზე დაანონსებული რეფერენდუმის საკითხის კრემლის მიერ „მოგვარებას“.
„სურთ [კრემლში], საქართველოში „ქართულ ოცნება» დარჩეს ხელისუფლებაში, ამიტომ არ უქმნიან დისკომფორტს იგივე რეფერენდუმის კონტექსტში, „ქართული ოცნება“ კი, თავის მხრივ, ხმას არ იღებს კონფლიქტებზე; არ უქმნის რუსეთს დისკომფორტს საერთაშორისო არენაზე იმაზე აქცენტირებით, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველოში მომხდარის გაგრძელება და რუსეთის იმპერიალიზმის პრობლემა. მსოფლიოს კი თავისი პრობლემები აქვს და თუ საქართველო ხმას არ ამოიღებს, თავს რატომ აიტკივებენ?! სწორედ ამიტომ არ ხდება არავითარი რეაქცია არც ცხინვალის და არც აფხაზეთის მიმართულებით. აფხაზი ხალხი პროტესტით გამოდის ბიჭვინთის საკითხზე, ჩვენ გვაქვს საშუალება, შევქმნათ სინერგია საერთაშორისო დონეზე ისე, რომ არ ვახსენოთ აფხაზები: ვთქვათ, რომ ეს ანექსიის გაგრძელებაა და საჭიროა ყურადღების მიქცევა. ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ! ეს ჩემთვის რუსული პოლიტიკის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“ – დასძენს კონფლიქტოლოგი.