
რას გულისხმობს ზურაბიშვილი მოსალოდნელ "სერიოზულ სიტუაციაში"
07/10/2019 13:15:03 თვალსაზრისი, კომენტარი
საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, როგორც აღინიშნა, ოკუპაცია იყო. საქართველოს მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ "ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია". პრეზიდენტს აღარ განუმარტავს, კონკრეტულად რა სახის ინფორმაციას ეყრდნობოდა ამ განცხადების გაკეთებისას, - გულისხმობდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, რაზეც ოფიცალური თბილისი მიუთითებს, ადმინისტრაციულ საზღვრებთან შექმნილ ვითარებას, თუ რაიმე სხვას. მით უფრო, რომ აღნიშნულს ორი კვირით უსწრებდა წინ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა გაერო-ში, რომელიც არა მხოლოდ ექსპერტებისა და ოპოზიციური სპექტრის მხრიდან შეფასდა “ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად”, არამედ თავად მმართელი გუნდის წევრებმაც საკმაოდ სუსტად შეაფასეს.
კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის განცხადებით, არავინ დავობს, რომ კონფლიქტის ზონებში დეესკალაცია უნდა მოხდეს, თუმცა მსგავს განცხადებას უნდა მოჰყვეს კონკრეტიკა, რა გზით არის ამის მიღწევა შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში გზავნილი გაუგებარი რჩება. მისივე შეფასებით, ამ კონტექსტში როგორც საქართველოს, ისე გერმანიის პრეზიდენტების განცხადებები კონკრეტიკას არ შეიცავდა.
„ძალიან ზოგადი ფრაზებით გამოირჩეოდნენ ორივენი, ამდენად, რაღაც დასკვნის გაკეთება რთულია, თუ რაღაც კულუარულ საუბრებთან არ გვაქვს საქმე, რომ რაღაცისთვის მზადების კონტექსტში განვიხილოთ, თუმცა ამის კონტურებიც არ ჩანს“,- განუცხადა „აქცენტს“ კანაშვილმა.
პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების ლოგიკა გასაგებია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტ გიორგი გობრონიძისთვის. პოზიციის განსამარტად იგი რიგ გარემოებებზე მიუთითებს:
“ორივე ოკუპირებულ რეგონში - აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საკმაოდ ინტენსიური სამხედრო აღმშენებლობა მიმდინარეობს. გარდა ამისა, არსებობს ერთგვარი სენტიმენტები ოსურ პოლიტიკურ სივრცეში, თითქოს ქართულ მხარეს აქვს გარკვეული ტერიტორიები, რომელიც „ისტორიულ ოსეთს“ ეკუთვნოდა. ეს აბსურდია, თუმცა ეს სენტიმენტები გრძელ- და საშუალოვადიან პერიოდში შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ახალი ტერიტორიული პრეტენზიების საფუძვლად; ასევე შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს გარკვეულ მცდელობებს თუნდაც ადმინისტრაციულ საზღვრისპირა რაიონებში სიტუაციის დაძაბვისა, რომ საქართველო ჩაითრიონ „საზღვრის“ დადგენის პროცესში. თუ საქართველო არ დაჰყვება, არც კიდევ უფრო სერიოზული პროვოკაციების გამორიცხვა შეიძლება. ამდენად, ლოგიკა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიჰყვება, ამ შემთხვევაში გასაგებია. ისიც გასაგებია, რატომ იყო მისი გაერო-ში გამოსვლა რბილი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ გაერო-ში საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმებოდა და ცოტა ანომალიური იქნებოდა, გვქონოდა უფრო ხისტი გამოსვლა იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციასთან გვინდოდა ახალი სამშვიდობო არხის გაჭრა”.
- მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ევროსაბჭოში საპროტესტო პერფორმანსი გვენახა. ფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯები თანმიმდევრული პოლიტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს?
- საქართველოს პოლიტიკური ელიტის ბოლოდროინდელ ქმედებებში ცოტა უცნაურია, დავინახოთ თანმიმდევრულობა. მთლიანობაში ჩვენი პოლიტიკა მცდელობების კასკადია, რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა, რის შემდეგაც ვიღებთ რუსეთისგან მორიგ იმედგაცრუებას. დადებითია, რომ გაჩნდა ქართველ და რუს მაღალჩინოსნებს შორის მაღალ დონეზე გარკვეული კომუნიკაციის შესაძლებლობა. თავად კომუნიკაცია პროგნოზირებადობის წინაპირობაა. მეორეს მხრივ, არსებობს გარკვეული მოცემულობა. თუ რუსეთის ფედერაცია შეცვლის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პოლიტიკას და სულ მცირე, არ იქნება ამ ტიპის სამხედრო აღმშენებლობა, აქტიური მილიტარიზაციის ფაზა რაღაც დონეზე მაინც შერბილდება, შეიძლება, ვთქვათ, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში გარკვეული პოზიტიური დინამიკა შეინიშნება. ამ ეტაპზე ამის თქმის საფუძველი საქართველოს წარმომადგენლებს არ აქვთ, შესაბამისად, განცხადებები, რომ რეგიონში რთული ვითარებაა, სწორი შეფასებაა.
თანმიმდევრულობის ნაწილში რომ მვიკოჭლებთ, ეს ბევრ შემთხვევაში ვლინდება, დაწყებული საქართველოს მონაწილეობით მართლმადიდებელ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში, დასრულებული ბოლო მომენტებით: ერთის მხრივ, გვაქვს კომუნიკაციის მცდელობა [რუსეთთან], მეორეს მხრივ - დემარშს ვუწყობთ რუსეთის ფედერაციას, შემდეგ კი საფრთხეებზე კეთდება აპელირება. შევთანხმდეთ, რომ რუსეთი საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხეა, რომელიც არა მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონებს, არამედ ქართულ სახელმწიფოებრიობას უქმნის რისკებს. აფხაზეთსა და ცხინვალში მიმდინარე პროცესები ემსახურება ამ ორი რეგიონის „შავ ზონად“ გადაქცევას, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას სხვადასხვა არალეგალური ოპერაციებისთვს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგზე იქონიებს გავლენას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საკითხზე პარტნიორების ყურადღება გამახვილდეს.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, პირობითად 10-15 წლის შემდეგ რა ეტაპზე უნდა ვიყოთ მისულები არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის ფარგლებში. ანუ რას აღვიქვამთ წარმატების ინდიკატორად. ჩვენ ამ პოლიტიკაში ვდებთ რესურსებს, მაგრამ შედეგები ჩვენთვის უცნობია, ნაკლებადაა წარმოდგენილი შედეგების საზომი ინდიკატორები. რა ნიშნულზე უნდა ვიყოთ, რომ პოლიტიკა წარმატებულად ჩავთვალოთ? ჩვენ მსგავსი არაფერი გვაქვს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021