საქართველოს შესაძლოა, ერდოღანი ეწვიოს

28-07-2022 18:51:15 საგარეო პოლიტიკა

საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მან თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე, მათ შორის, ახლო მომავალში პრეზიდენტ ერდოღანის შესაძლო ვიზიტზე საქართველოში. ამის შესახებ ქართველმა დიპლომატმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„დღეს განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე და დავსახეთ სამომავლო გეგმები. ასევე, ვისაუბრეთ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზე და მათ შორის, ახლო მომავალში პრეზიდენტ ერდოღანის შესაძლო ვიზიტზე საქართველოში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო–თურქეთს შორის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში დადასტურდა, რომ ერთმანეთის სანდო პარტნიორები და მეგობრები არიან და დღევადელ შეხვედრაზეც იყო შესაძლებლობა, ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრის განხილვის:

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო, ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე. არ შემიძლია, განსაკუთრებულად არ აღვნიშნო, თუ რამდენად ფასეულია ჩვენთვის თურქეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების მიმართ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თურქეთის მხარდაჭერა ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს მაღალი დონის პარტნიორობის სტრატეგიული საბჭოს მორიგი სხდომის გამართვის მნიშვნელობა. დარჩიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ ამ ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურებაზე და შეხვედრის უახლოეს პერიოდში ჩატარებაზე.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე რთული პროცესები და გამოწვევები, ასევე ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. დავადასტურე, რომ საქართველო მოწოდებულია, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის წარმატებით განხორციელებას, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, არა მარტო გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს, არამედ არსებული შესაძლებლობები გამოვიყენოთ, ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა რაც სტაბილურობის და განვითარების საფუძველს შექმნის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, თურქ კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული შემაშფოთებელი სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ყურადღება გავამახვილეთ უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე, ჰუმანიტარული პრობლემის სასწრაფო გადაწყვეტის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ იმ სტრატეგიულ რეგიონულ პროექტებზე, რომლებშიც ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო იზრდება ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დაკავშირების კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის რესპუბლიკა ჩვენი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია, ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კიდევ არის პოტენციალი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები