ღარიბაშვილი – ბიჭვინთაზე:  „ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ“

29-07-2022 14:50:35 კონფლიქტები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ რუსეთის მიერ ბიჭვინთის მიტაცებასთან დაკავშირებით „ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ“. ამის შესახებ მან სვანეთში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ჟურნალისტებმა ბიჭვინთის შესახებ დაუსვეს კითხვა.

„არა თუ მხოლოდ ბიჭვინთა, მთელი აფხაზეთი (ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია) და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბაისად, რა თქმა უნდა, მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავთარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან, 100–ზე მეტი სოფელი...ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით იმას ვაკეთებ, რომ შევინარჩუნეთ სიმშვიდე, სტაბილურობა, და ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს დაუჭირა მხარი. საკითხთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება არ წყდება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს ბიჭვინთაში მიმდინარე პროცესს და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები