სოზარ სუბარი კელი დეგნანს 3 კითხვით მიმართავს
29/07/2022 11:20:33 პოლიტიკა
"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი სოზარ სუბარი "არადამაჯერებლად" მიიჩნევს აშს–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებას ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე.
იგი დიპლომატს შემდეგი 3 კითხვით მიმართავს:
ა) ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო;
ბ) ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება;
გ) შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება.
როგორც სუბარი აშშ–ის ელჩისადმი გაგზავნილ ღია წერილში წერს, "ამ კითხვებზე პასუხი მასაც და საზოგადოებასაც შეუქმნის ნათელ წარმოდგენას, ცდილობდა თუ არა აშშ-ის ელჩი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას საქართველოს ომში ჩართვის მიზნით".
„თუ ამერიკის ელჩი ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციების ფონზე ესაუბრა, ეს შანტაჟის სრულიად უტყუარი მტკიცებულებაა“, –აღნიშნულია წერილში.
სუბარის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს მოუხდა პოზიციის შეცვლა და იმის თქმა, რაშიც ჩვენ ეჭვი იმთავითვე არ გვეპარებოდა.
ჩვენი ლოგიკით, დარწმუნებული ვიყავით, რომ ომის დაწყების შემდეგ შეხვედრა ამერიკის ელჩსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა და ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი უკვე მივიღეთ.
თუმცა, ამერიკის ელჩის უკანასკნელმა ბუნდოვანმა განცხადებებმა კიდევ უფრო გაგვიმყარა საფუძვლიანი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილისგან კონკრეტული შედეგის მიღებას ემსახურებოდა. თუ მანამდე ამერიკის ელჩი შეხვედრის გამართვის შესახებ არიდებდა თავს მკაფიო პასუხის გაცემას, ახლა ის შეხვედრის შინაარსის შესახებ საუბრობს ბუნდოვანი ფრაზებით. ეს შეხვედრა „აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერის სფეროში“ რომ არ ეხებოდა, ბავშვისთვისაც ცხადია.
გარდა ამისა, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რაც სრულიად არადამაჯერებელია. როდესაც ამერიკის ელჩი ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი საათით ხვდება, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ განიხილება პირად შეხვედრად. შესაბამისად, ელჩის განცხადება „პირადი შეხვედრის“ შესახებ კიდევ უფრო აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მას რაღაც აქვს დასამალი. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული და ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ომის დაწყებიდან არასრული ერთი თვის თავზე ელჩის მოთხოვნით არავითარი პირადი შეხვედრა არ გაიმართებოდა.
კელი დეგნანმა ისიც განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია. მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილთან მისული ამერიკის ელჩი საქართველოს ჩართვას რუსეთთან ომში პირდაპირი ტექსტით არ მოითხოვდა. დიპლომატიაში დაუწერელი კანონია, რომ ასეთი მოთხოვნა ირიბი ფორმით უნდა დააყენო. შესაბამისად, როდესაც ელჩი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია, ეს ისეთივე არაფრისმთქმელია, როგორც მისივე განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს „საკმაოდ დიდი ხანია“ არ შეხვედრია.
ელჩისთვის ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება შეიძლება ისეთივე ე.წ. აღქმის საკითხია, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, კელი დეგნანმა მოსამართლე ჩხიკვაძის საელჩოს თანამშრომლის მიერ დაბარება, მისთვის ელჩის სახელით კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნა და ამერიკაში ვიზიტით არგაშვება ისე დაადასტურა, რომ იქვე აღნიშნა, ეს მოსამართლეზე ზეწოლა არ იყოო. შეიძლება ის ბიძინა ივანიშვილსაც ზუსტად ისევე არ აშანტაჟებდა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძეზე არ განუხორციელებია ზეწოლა.
ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოხატული. მაგალითად, თუ კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით გამოხატა უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებაზე მითითებით, ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება მოსთხოვა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს უკვე ცხადი შანტაჟია. ამ ყველაფერს ისიც თუ დაემატა, რომ შეხვედრაზე ელჩი ბიძინა ივანიშვილისგან, მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მთელი დაჟინებით ითხოვდა, ომისკენ მიმართული შანტაჟის ლოგიკური ჯაჭვი უკვე სრულად იკვრება.
ცხადია, ბიძინა ივანიშვილს ელჩისგან უშუალო დაშანტაჟება საერთოდ არ ჭირდებოდა. როდესაც ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული. იმ დროისათვის, მას შეჩერებული ქონდა არა მხოლოდ საბანკო გადარიცხვები, არამედ, აგრეთვე, ფერწერული ნამუშევრების გადატანა ნიუ-იორკიდან და ლონდონიდან და ვერტმფრენის ჩამოყვანა გერმანიიდან, რაზეც საერთაშორისო მედიაში უამრავი სტატიაც დაიბეჭდა. ასეთ პირობებში, ბიძინა ივანიშვილის არდაშანტაჟება ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ამერიკაში ვიზიტის „რუტინული მიზეზებით“ გაუქმება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დიპლომატიას თავისი შეზღუდვები აქვს და ელჩი საქართველოს ომში ჩართვას ბიძინა ივანიშვილისგან ღია ტექსტით არ მოითხოვდა, მით უმეტეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სივრცეში გაიმართა. თუმცა, ცხადია, ომთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციით უკმაყოფილების გამოხატვა, პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დაჟინება ბიძინა ივანიშვილისთვის იქნებოდა სრულიად საკმარისი ლოგიკური საფუძველი იმისათვის, რომ ელჩის საუბარი საქართველოს ომში ჩათრევისკენ მიმართულ შანტაჟად აღექვა. ბიძინა ივანიშვილის წერილიდან ეს აღქმა ძალიან მკაფიოდ იკითხება.
აქედან გამომდინარე, ქალბატონ კელი დეგნანს მინდა დავუსვა შემდეგი შეკითხვა:
ა) ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო;
ბ) ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება;
გ) შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება.
ამ კითხვებზე პასუხი მეც და ქართულ საზოგადოებასაც შეუქმნის ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, ცდილობდა თუ არა ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას საქართველოს ომში ჩართვის მიზნით. თუ ამერიკის ელჩი ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციების ფონზე ესაუბრა, ეს შანტაჟის სრულიად უტყუარი მტკიცებულებაა.
ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებზე ზრუნვისთვის ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ სპეკულაციურად რომ არ მისაყვედუროს, ვიტყვი, რომ მე არა ბიძინა ივანიშვილის ფინანსებს ვიცავ, არამედ არსებითად ის მაინტერესებს, ეს ფინანსები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შანტაჟისთვის ხომ არ გამოიყენება“.
ცნობისთვის: ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის საკითხი "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს.წამოჭრა:
"ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა. იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება, ვალდებულია [უპასუხოს]...".
ამ საკითხზე საუბრის დროს ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ ივანიშვილთან შეხვედრა "ძალიან დიდი ხნის წინ" ჰქონდა.
მოგვიანებით, როდესაც ივანიშვილის წერილი გავრცელდა, ელჩმა საპასუხოდ შემდეგი აღნიშნა:
"როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები- არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას".
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.
მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ "მთავსრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა:
„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".
ელჩი დეგნანი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".
20 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას:
"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ელჩმა არერთხელ გააკეთა კომენტარი ბრალდებებზე მის წინააღმდეგ კამპანია ამ დრომდე არ წყდება.


