ჩეჩელაშვილი: „ძალიან სახიფათო და ცუდი გზავნილია რუსეთის მიმართ“

29-07-2022 17:54:54 ინტერვიუ

აქტუალურ საკითხებზე ინტერვიუ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელთან, წარსულში საქართველოს ელჩთან უკრაინაში, რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილთან.

– ბატონო ვალერ, დღეს პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშილმა განაცხადა, „არა თუ მხოლოდ ბიჭვინთა, მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთო” – რამდენად ადეკვატურად გესახებათ მსგავსი მიდგომა ჩვენს მოცემულობაში?

– ბატონ ირაკლის ვერ დავეთანხმები. ყოველ მსგავს ნაბიჯზე, მყისიერი პასუხი უნდა იყოს! რუსეთის ფედერაციამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი ქმედება მას ფასი დაუჯდება. მეორე საკითხია, რა ფასი შეიძლება, დაუჯდეს კრემლს და აქ არის პრობლემა, რომელიც გამომდინარეობს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში საქართველოს პოზიციონირების პრობლემურობიდან: რა თქმა უნდა, ჩვენ შესაძლებლობებში შეზღუდულები ვართ – რესურსი, დავსაჯოთ რუსეთი, არ გვაქვს და მაგრამ ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც გაგვაჩნია, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერაა. მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი ქმედებებისთვის გარკვეული სანქციების დაწესება, ან განსჯა. მაგრამ ამისთვის შესაბამისი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, რაც გააღრმავებს და განამტკიცებს ნდობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, დაამკვიდრებს ჩვენს ავტორიტეტს და რეპუტაციას მათ თვალში, რომ მათი სერიოზული დასაყრდენი პარტნიორები ვიყოთ.

– და როგორც მინიმუმ, ან სანქციებს უნდა მივუერთდეთ...

– რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ჩვენც უნდა ვიყოთ მოაზრებული, რადგან როგორც უკრაინის ტერიტორიების ნაწილია ოკუპირებული და ანექსირებული, ჩვენს შემთხვევაში სამართლებრივი თვალსაზრისით ანექსირებული არ არის, მაგრამ ოკუპირებული ნამდვილადაა ჩვენი ტერიტორიის 20%.

– ანექსიის პროცესი მიმდინარეობს. 2015 წელს დე ფაქტო ხელისუფლებებთან გაფორმებული „დოკუმენტები“ აბა სხვა რა იყო?!

– დიახ, მაგრამ მე სხვა რამეზე ვამახვილებ ყურადღებას: კოლექტიური დასავლეთის მხრიდან ისმის შეფასებები, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება არ განიხილება, ვიდრე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება ყირიმის ჩათვლით. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ ამ კონტექსტში სად ვართ? ცხადია, ძალიან გავიხარებთ, უკრაინა რომ აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ შემდეგ რა ხდება? სანქციები გაუქმდება და ჩვენ მარტოდ ვრჩებით რუსებთან ჩვენი პრობლემებით? ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ გამოსასწორებელია და ამისთვის თანმიმდევრული, საიმედო კომპონენტი და დასაყრდენი ქვეყანა უნდა ვიყოთ ანტირუსული კოალიციის – რამშტაინის ჯგუფის. ამ კონტექსტში, ცხადია, უპირველესად ჩვენი ურთიერთობებია გამოსასწორებელი უკრაინასთან! საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კარგი ნაბიჯი იყო, როდესაც ჩვენ რამშტაინის ჯგუფის სრულფასოვანი მონაწილეები გავხდით. თავიდანვე უმჯობესი იყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლა ეს პროცესი გასაძლიერებელი და გასაღრმავებელია, რათა ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში ის ადგილი დავიკავოთ, რომელიც მომავალში მოგვცემს საშუალებას, ტერიტორიული პრობლემები მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ.

– კვლავ პრემიერის განცხადებას რომ დავუბრუნდეთ. აქ ხომ მხოლოდ ბიჭვინთაზე არაა საუბარი, ზოგად დამოკიდებულებაზე ვამახვილებთ ყურადღებას. მსგავს მიდგომას საით მივყავართ?

– ეს ძალიან ცუდი გზავნილია რუსეთის მიმართ, რომ არსებულ ვითარებას შევეგუეთ და არ ვაპირებთ აქტიურ ქმედებებს საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ. არ ვიცი, უფრო მნიშვნელოვანი რა დღის წესრიგი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აქტიური მოქმედებები. სხვათა შორის, ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში (რომელიც გასაახლებელია) წერია, რომ ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა (ეს ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში წერია). ამდენად, ამაზე ყურადღების არმიქცევა, დუმილი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა იმ ფუნდამენტურ დოკუმენტს, რომელიც აყალიბებს დღეს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სისტემას.

– მეორეს მხრივ, ეს როგორი გზავნილია, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის? ამ განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, რაც უნდათ, ის აკეთონო?!

– აბსოლუტურად სწორი შეფასებაა. ტრაგედიაა, რომ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული. ქართული დიპლომატია ყოველთვის ებრძოდა ამას ნებისმიერი ფორმატის გამოყენებით, იქნებოდა ეს რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები, თუ მრავალმხრივი მოლაპარაკებები ეუთო–ში, გაერო–ში...მივდივართ ლოგიკამდე, რომ გაერო–ს ყოველწლიური რეზოლუციაზეც, რომელიც ჩვენი ერთ–ერთი უმთავრესი იარაღია, უარი უნდა ვთქვათ?! ზედმეტ აჟიოტაჟს ვტეხთ, რუსებს ვაღიზიანებთ ... და ამის შემდეგ რა? საერთაშორისო თანამეგობრობის, რუსების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მიმართ არასწორი გზავნილია – ძალიან წინდაუხედავი და დაუფიქრებელი.

– არ ფიქრობთ, რომ საშიშიცაა? რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის „არგაღიზიანების“ პოლიტიკიდან, დათმობაზე გადავედით, რამაც შესაძლოა, ტენდენციის სახე მიიღოს, კრემლი კი „მადას“ არ უჩივის და რა იქნება შემდეგ?

– შეგუებას ვუწოდებდი, რაც კიდევ უფრო უარესია. სხვათა შორის, რუსეთის მოქმედ საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაში პირდაპირაა მითითებული, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა განავითაროს იმ პირობით, თუ ის შეეგუება „ახალ რეალობებს“ რეგიონში. რაც ნიშნავს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციის აღიარებას. ამ შეგუების ნიშნებს ვხედავ მე ამ განცხადებაში და ამიტომაცაა ძალიან სახიფათო.

– და პერსპექტივა რა არის?

– სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ელჩებზე თავდასხმები! დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს პარტნიორებთან ურთიერთობები! საქართველომ უნდა დაიბრუნოს ავტორიტეტული მოკავშირის და პარტნიორის იმიჯი! დაიმკვიდროს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში კუთვნილი ადგილი და გამოასწოროს ურთიერთობები უკრაინასთან! პირველ ნაბიჯად ძალიან კარგი იქნებოდა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტარების მაგალითს მიბაძოს და განახორციელოს ვიზიტი უკრაინაში. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს წინ არაფერი უდგას. ეს ძალიან კარგი და დროული ნაბიჯი იქნებოდა. ამას შემდგომ მთელი რიგი საგარეო პოლიტიკური ქმედებები უნდა მოჰყვეს, რაც გეოპოლიტიკურ რუკაზე დაგვაბრუნებს და ჩვენს ინტერესებს თანხვედრაში მოიყვანს სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებთან.

– მაგრამ ამის ნიშნები არ ჩანს...

– გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, მთავრობას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გადასადგმელ ნაბიჯებზე მივუთითოთ.

ამ პოლიტიკის ალტერნატივა კი არის ის, რომ ჩვენი პოზიციები შემდგომშიც შესუსტდება, ნდობის და რეპუტაციის ნარჩენებსაც დავკარგავთ, რაც ნიშნავს, რომ მარტოდ დავრჩებით მტერთან – ოკუპანტ ქვეყანასთან. ორმხრივ ფორმატში კი ჩვენ პრობლემების მოგვარების არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს. მეტიც – ეს აუცილებლად მიგვიყვანს რუსეთის ფედერაციაზე მეტ დამოკიდებულებასთან და აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც მივალთ დასკვნამდე, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რომელიც მათ შორის კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, აღარ არის მთავარი მიზანი.

არსებულ მოცემულობაში ჩვენ კიდევ რამაც შესაძლოა, გადაგვარჩინოს, ის გახლავთ, რომ უახლოეს ერთ თვეში ძლიერ გარდატეხას დავინახავთ უკრაინა–რუსეთის ომში, რუსეთი მნიშვნელოვნად შესუსტდება და შესაძლოა, ამან იმოქმედოს საქართველოს მთავრობაზეც და გაიზიაროს რჩევები. მაგრამ რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მეტად დავფასდებით პარტნიორების მხრიდან. უკრაინის გამარჯვების შემდეგ რომ დავიწყებთ რაღაც მოქმედებებს, ვშიშობ, დაგვიანებული იქნება – ჩვენს მიმართ ნდობას მარტივად ვერ აღვადგენთ.

– აქვე აშშ–ის ელჩისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე მინდა, გკითხოთ. ფაქტი ორივე მხარემ დაადასტურა. ივანიშვილმა თავის წერილში დატოვა სივრცე ინსინუაციებისთვის. ამის ფონია საქართველოს „ომში ჩათრევის“ თაობაზე აგორებული კამპანია და ხსენებული შეხვედრის სწორედ ამ სოუსში მიწოდებას ცდილობს მმართველი გუნდი საზოგადოებისთვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ შედგა ეს შეხვედრა და არის ეს ერთგვარი ლეგიტიმაციის მიცემა არაფორმალური მმართველობისთვის?

– ვფიქრობ, ქალბატონი ელჩი ბატონ ივანიშვილს შეხვდა იმიტომ, რომ საკითხების, რომლებიც მას აწუხებდა, გადაწყვეტა ვერ მოახერხა ჩვენს ინსტიტუტებთან ურთიერთობებით – მთავრობასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ა.შ. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 21 მარტამდე და რა მოხდა შემდეგ. ვფიქრობ, მისი გზავნილი იყო შემდეგი – საქართველოს პოზიციონირება რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, უპირველესად, ოფიციალური თბილისის ინტერესებთან არ არის თანხვედრაში. ალბათ, ურჩია, რომ საქართველოს მთავრობას ან პარლამენტს უკრაინასთან ურთიერთობების გამოსწორების თვალსაზრისით რიგი ნაბიჯები გადაედგა. ჩვენ ვიხილეთ, რომ ქართული დელეგაცია ჩავიდა უკრაინაში [საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა]; უკრაინასთან მიმართებით განცხადებებში ტონი შედარებით შერბილდა; უკრაინის მოქალაქეებისთვის შემოსვლა გამარტივდა, იყო დახმარების სახელმწიფო პროგრამები... ამდენად, ვფიქრობ, ეს უნდა ყოფილიყო ამ საუბრის შედეგი და მიზანიც. ცხადია, შექმნილი ვითარებით ელჩი შეწუხებული იყო და ეს გაუზიარა ივანიშვილს და როგორც დავინახეთ, ამან გარკვეული შედეგებიც გამოიღო – მე ამგვარ ინტერპრეტაციას ვაძლევ ამ შეხვედრას. რა თქმა უნდა, მთლიანად გამოვრიცხავ, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე სახის მინიშნებები ყოფილიყო ომთან დაკავშირებით. ვინც იცის, რა პრიორიტეტების სისტემას ეყრდნობა აშშ–ის პოლიტიკა რეგიონში, ამას გამორიცხავს. რაღაც აბსურდის თეატრთან გვაქვს საქმე – აშშ–ის პოლიტიკური ელიტა დაირაზმა და ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩართვა არ სურთ. ეს ბრალდებები იმდენად მძიმეა, პარტნიორების გაოგნება გამოიწვია. ეს ასევე ძალიან ცუდია ჩვენი ხელისუფლებისთვის – კარგავენ პარტნიორებში ნდობას.

ამდენად, თავად ის ფაქტი, რომ ვითარების გამოსასწორებლად ქალბატონ ელჩს ბატონ ბიძინასთან შეხვედრა მოუწია, თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ მან ამ შეხვედრის გამოყენებით შეძლო რაღაც ურთიერთობების გამოსწორება. ამასთან, რამშტაინის ფორმატში თავიდან არ ვიღებდით მონაწილეობას, შემდეგ თავდაცვის მინისტრი დაესწრო შეხვედრას. შესაძლოა ამ თემაზეც იყო კითხვა და ეს საკითხიც გადაწყდა.

– ამ საკითხებზე ელჩი ღიად ვერ ილაპარაკებს, მაშინ ღიად უნდა თქვას, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობააო. ამით კი ანტიდასავლურ კამპანიაში ჩართულნი სარგებლობენ და გვთავაზობენ შეთქმულების თეორიებს...

– ცხადია, ამაზე ელჩი ღიად ვერ ილაპარაკებს. მეორეს მხრივ, რაზეც ვისაუბრე, ეს ჩვენი ვარაუდებია, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ანალიზს. მაგალითად, გულწრფელად გეტყვით, რომ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი (რაც ძალიან სწორი და კარგი იყო), ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ამ დონის ვიზიტი განხორციელდებოდა.

– უშუალოდ „ომში ჩათრევის“ თაობაზე კამპანიასაც რომ შევხედოთ, თუ ამ შეთქმულების თეორიას გავყვებით, ალბათ, მარტივია, დაისვას კითხვა, რა გარდატეხის შეტანა შეუძლია საქართველოს ამ ომში, მით უფრო, თავად ხელისუფლებაში აცხადებენ, რამდენიმე წუთი სჭირდება რუსეთს აქ ყველაფრის თავდაყირა დასაყენებლადო...

– არც სამხედრო, არც პოლიტიკური, არც სტრატეგიული, არც ტაქტიკური მოსაზრებებით მისცემს რამეს დასავლეთს და უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა. პირიქით, ეს მთლიანად ააყირავებს ვითარებას სამხრეთ კავკასიაში და იქნება დამატებითი თავსატეხი!

– მთელი ქვეყანა დგება ოკუპაციის ქვეშ და დასავლეთი მას მთლიანად კარგავს...

– დიახ, ბაქო–ჯეიჰანით, პორტებით, შესაძლებლობებით – რუსეთისგან ალტერნატიული გზებით. ეს დასავლეთის ინტერესებში არანაირად არ შედის! ასევე მინდა, ბაიდენის მთავარი სიტყვები გაგახსენოთ, „თუ გვინდა, ეს ომი უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს, უკრაინაში უნდა დავამარცხოთ პუტინიო“, და მეორე – „პუტინს სტრატეგიული დამარცხება უნდა მივაყენოთო“. ეს კი შემდეგს ნიშნავს: ეს ომი არ უნდა გავიდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ; რუსეთს აღარ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მსოფლიო დააშანტაჟოს თავისი ბირთვული იარაღით და ენერგეტიკული შესაძლებლობებით; არ უნდა ჰქონდეს რუსეთს შესაძლებლობა, მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია ან ანექსირება მოახდინოს – ეს არის სტრატეგიული მარცხი! ეს არის აშშ–ის ადმინისტრაციის პოლიტიკა და ვინც დოკუმენტებს კითხულობს და ლიდერებს უსმენს, დასკვნების გაკეთება არ გაუჭირდება. ამდენად, თითქოს ვიღაცას სურს საქართველოს ომში ჩართვა, წმინდა წყლის სპეკულაციაა! გასაგებია, რომ რაღაც ეტაპზე უკრაინის რამდენიმე მაღალჩინოსანმა გამოთქვა მსგავსი მოსაზრება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ომშია. როდესაც ერთ პატარა ქალაქში ერთ დღეში 200–მდე ჭურვი ცვივა, ნებისმიერი განცხადება შეიძლება, გაკეთდეს და ეს ატანადი უნდა იყოს. ხოლო დასავლეთის უსაფუძვლოდ დადანაშაულება „ომში ჩათრევაში“, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს! ეს ნებისმიერი ექსპერტისთვის, რომელიც მეტ–ნაკლებადაა ჩახედული ვითარებაში, სავსებით ცხადია!

– მაშ მიზანი რა არის, ხალხის დაშინება?

– ბევრი რამ შეიძლება, იყოს – ხალხის დაშინება, საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება...

– პარტნიორებთან გაუცხოების ხარჯზე?

– ალბათ, არის ილუზიები, რომ მიუხედავად ყველაფრისა, პარტნიორებთან მაინც შევინარჩუნებთ ურთიერთობების ხარისხს, რადგან საქართველო საჭიროა: ენერგეტიკული, სატრანსპორტო დერეფანი, ბიზნესები, ჩადებული ინვესტიციები...მაგრამ ამ ყველაფერს თავისი ლიმიტი აქვს. თუმცა, ვიქრობ, მსგავსი პოლიტიკის შედეგები „ქართულ ოცნებაშიც“ ესმით და ამის დადასტურება იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელშიც ის ამბობს, დროა, დასავლეთთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები გამოვასწოროთო.

– ეს ზავად აღიქვით?

ვფიქრობ, ეს გაცნობიერებაა, რომ ამ ურთიერთობების აღდგენის გარეშე საქართველო ძალიან რთული პრობლემების წინაშე დადგება, რამაც შესაძლოა, მთლიანად ააყირაოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, აქედან ყველა გამომდინარე შედეგით და არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, მმართველი გუნდისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვისაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები