
"პარაპლანებით ფრენა შეჩერდება"
29/07/2022 17:19:42 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვიდრე გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ყველაფერს არ შეისწავლიან, პარაპლანით ფრენა შეჩერდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გუდაურში განუცხადა.
„რაც შეეხება პარაპლანით ფრენებს, დიდი პრობლემაა ნამდვილად, გიდასტურებთ. თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის დაღუპვის ფაქტები. ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არ ვიცი, აქ რატომ ხდება ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების. ქარია, ხეობებია, ან არ არიან პროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა – ყველაფერი საინტერესოა და ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. ვიდრე ეს [შესწავლა] დამთავრდება, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანებით ფრენა და შესწავლის შემდეგ, გაიცეს ლიცენზია ისეთ ადამიანებზე, ვინც ნამდვილად პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, ვიდრე პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება ფრენა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე პირი და პარაპლანისტთან მყოფი ტურისტი დაღუპულია. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია და იგი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შსს–ს ცნობით, საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.