"ნიკანორ მელიამ გათქვა ტაქტიკა, რომელიც რეალურად აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს"
01/08/2022 12:16:28 პოლიტიკა
"მარტივი ტაქტიკური მანევრი", - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.
„ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა რეალურად ტაქტიკა, რომელიც რეალურად აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა - არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ის არის, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, კობახიძე აცხადებს, რომ „საზოგადოება ამ თემებმა დაიღალა“.
„საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფერზე საუბრით, საქართველოში არის 9 500 პატიმარი, 9 500 პატიმარი იხდის სასჯელს და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკევ ამ უაზრო საუბრით“, - განაცხადა კობახიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიეილ სააკაშვილის ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა თქვან, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკით აღარ ინტერესდება.
29 ივლისს "პალიტრანიუსის" ეთერში სტუმრობის დროს მიხეილ სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შანსები გაზრდილია. ამ საკითხზე საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება:
"[სასჯელის გადავადების] შანსები გაიზარდა. ხელისუფლებას მისდის მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ჩემი გზავნილები, რომელსაც მე ვაჟღერებ შემთხვევით. სააკაშვილი, პირდაპირ ვთქვათ, ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება. არანაირი ინტერესი ამ ადამიანს არ გააჩნია. ნუ, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ...უსმენს ფრანგულ რადიოს, უყურებს უკრაინულ არხებს, პოლიტიკით ინტერესდება, ოღონდ მთლიანად არის გადართული უკრაინულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, მე ძალიან ხშირად შევდივარ ხოლმე და საათობით მიწევს საუბარი, მე ვუსვამ აქეთ კითხვებს ქართულ პოლიტიკაზე... შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, მე შევედი და ვუთხარი ბიძინა ივანიშვილის წერილზე, საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. გამიკვირდა კიდეც...საერთოდ ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებსო. ჩემს თავს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავო - ასეთი განცხადება გააკეთა... ველოდები, რომ ამ განცხადებას თვითონ გააკეთებს".
საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახლემიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე.
დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია, სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადო სრულ გამოჯანმრთელებამდე.


