
ბიჭვინთა, «ჯაშუშთა თამაშები»
30/07/2022 12:47:46 კონფლიქტები
რამდენიმე დღის წინ სოხუმში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს, რომელიც აფხაზმა ძალოვანებმა «ჯაშუშობის», კერძოდ «ქართული სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვების» ბრალდებით დააკავეს.
დაკავება გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში განხორციელდა, სადაც ქრისტინე მამასთან ცხოვრობდა. მოგვიანებით, ოპერატიული გადაღების კადრებში საზოგადოებას უჩვენეს თაკალანძის პირადობის მოწმობა, ქართული სააფთიაქო ქსელების ფასდაკლების ბარათები, ნათესავის წერილი თხოვნით, მისთვის რიგი მედიკამენტები ეყიდა და «მითითებების წერილი» - ჯერ-ჯერობით ერთადერთი, რაც მტკიცებულებადაა წარდგენილი.
თუმცა რამდენად შეიძლება, ეს მტკიცებულებად ჩაითვალოს – თავად განსაჯეთ. «... ნდობაში უნდა შეხვიდე და მიიღო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. [...] გადაგიყვანთ ჩვენს თქვენ მიწაზე საიდუმლო ადგილებს» - იკითხება ქაღალდის სანახევროდ დამწვარ ფურცელზე დატანილ, პრიმიტიული ენითა და გრამატიკული შეცდომებით ნაწერ ტექსტში.
ქართული სპეცსამსახურები, რა თქმა უნდა, არც «მოსადია» და არც «მი-6», მაგრამ გამართულად წერა რამენაირად ეხერხებათ. გარდა ამისა, აგენტებისთვის ინფორმაციის «მტრედის ფოსტით» მიწოდება XXI საუკუნეში, როცა არსებობს ინტერნეტიცა და დახურული კავშირის უამრავი საშუალებაც – მეტისმეტად აბსურდული ხომ არაა? მსგავსი «მტკიცებულებები» ოსურ დე ფაქტო უშიშროებას უყვარდა ბიბილოვის მმართველობის პერიოდში, ახლა კი აფხაზურმა «გამოიჩინა თავი».
არის კიდევ ერთი რამ: 27 ივლისს, უკვე სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, "თაკალანძისგან ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნაპოვნია რუსული ბლოკ-საგუშაგოს ფოტო, რომელიც მან ქართულ დაზვერვას გადაუგზავნაო". თუმცა ეს მხოლოდ სიტყვიერი მტკიცება იყო – მეტი არაფერი. ანდა ვის რაში შეიძლება, დასჭირვებოდა მსგავსი ფოტო? მართალია, ქართული სპეცსამსახურები არც “მოსადია” და არც “მი-6”, მაგრამ ამ ტიპის ინფორმაციას რამენაირად თაკალანძის გარეშეც ფლობენ.
ხოლო ის ფაქტი, რომ საქმეში მოწმეებად რუსეთის ФБС-ს წარმომადგენლები ფიგურირებენ, პროცესს “დამატებით სანდოობას” სძენს და ვფიქრობ, ჩვენი მკითხველების ნაწილისთვის მაინც ბევრ რამეზე მეტყველებს.
თავად თაკალანძე ბრალეულობას უარყოფს.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ გააქტიურდა "ცხელი ხაზი", განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებსა და სამოქალაქო სექტორს მოუწოდეს, “აჟიოტაჟისგან თავი შეიკავონ”.
თუმცა საზოგადოება ღელავს. სოცქსელების ქართულ სეგმენტში წერენ, რომ საქმეს ავანტიურის სუნი უდის, რომელშიც აფხაზი ძალოვანები შესაძლოა, თავის როლს ასრულებდნენ, თაკალანძე – თავისას: «ის ან უდანაშაულო «განტევების ვაცია», ან სპექტაკლის მონაწილე – სავარაუდოდ, იძულებითო».
ამ კონტექსტში აქცენტი კეთდება, კერძოდ, ასლან ბჟანიას გუნდის ბოლოდროინდელ მოქმედებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ «სტრატეგიული მოკავშირის» ზეწოლის გაძლიერების პირობებში იგი მოსკოვის დაკვეთების ფორსირებულ რეჟიმში შესრულებაზეა გადასული. სწორედ ამის გამოვლინებად მიიჩნევა სადღეისოდ აფხაზეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი – მზადება რუსეთის დაცვის სახელმწიფო სამსახურის საკუთრებაში ბიჭვინთის ფაქტობრივად მთელი აღმოსავლეთ ნაწილის გადასაცემად.
რა კავშირი შეიძლება, ჰქონდეს ამასთან თაკალანძის საქმეს? მეტი, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება, წარმოვიდგინოთ. იგი შესაძლოა, აფხაზურ საზოგადოებაში «საჭირო» ფონის შექმნაზე ყოფილიყო გათვლილი. აფხაზეთში ხომ ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ასლან ბჟანიას გუნდი, რომელიც ბოლოდროინდელი «ხელგაშლილობის» გამო მოსკოვს ახლა უკვე სრულად აწყობს, ყველანაირად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ მიზნით დე ფაქტო ხელისუფლება, მათ შორის, სადეზინფორმაციო პროპაგანდასაც იყენებს, რომლის ნარატივები ძალიან ჰგავს კრემლისას. ამ უკანასკნელის ერთ-ერთი ფავორიტი პროპაგანდისტული ხრიკი კი, როგორც ცნობილია, მოსახლეობის ყურადღების გადასატანად მტრის ხატისა და საფრთხის შეგრძნების შექმნაა.
ასე, მაგალითად, ბიჭვინთის სკანდალის დასაწყისში ასლან ბჟანია მოულოდნელად “არამეგობრული ქვეყნების მხრიდან მოსალოდნელ დივერსიებზე” ალაპარაკდა, თუმცა მაშინ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა: აფხაზური საზოგადოების ნაწილმა შესაძლოა, დაიჯერა კიდეც, მაგრამ არასაკმარისად შეშინდა საიმისოდ, რომ ვეღარ შეემჩნია, რის გადაფარვას ცდილობდა ამით “პრეზიდენტი”.
მოგვიანებით ბიჭვინთასთან ბმაში “გარე საფრთხის” თემის განვრცობას დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ მიჰყო ხელი. მან სცადა, ბიჭვინთის რუსეთის საკუთრებაში გადაცემა აფხაზეთის უსაფრთხოების ლამის საუკეთესო გარანტიად წარმოეჩინა: “ეს არა მხოლოდ მადლიერების გამოხატვა იქნებოდა, არამედ ჩვენი უსაფრთხოების საიმედო უზრუნველყოფაც: ნაკლებ სავარაუდოა, გამოჩნდეს შლეგი, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე რომელიმე რუსი მაღალჩინოსნის დასვენების დროს ჰაერში საბრძოლო უპილოტოებს ასწევს, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს არა მარტო აფხაზეთზე, რუსეთზე თავდასხმადაც ჩაითვლებოდაო”.
ეს როგორ უნდა გავიგოთ? გამოდის, რუსული სამხედრო ბაზები, რომლითაც აფხაზეთი დახუნძლულია “საზღვრიდან” “საზღვრამდე”, მისთვის, რეალურად, ვერანაირ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდნენ? გამოდის, ბიჭვინთაში დასასვენებლად ჩასულ ერთ რუს მაღალჩინოსანს თავისუფლად შეეძლო ამმხრივ მათი ჩანაცვლება და უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფაც კი? მაშინ იქნებ ღირდეს ამ უსარგებლო ბაზების გაუქმება, იმ არაოფიციალური გასამხედროებული რუსული დასახლებების ჩათვლით, რომლებიც აფხაზეთში უკვე უზარმაზარ ტერიტორიას იკავებენ და მასპინძლებივითაც იქცევიან?! მაგრამ ვინაა დაზღვეული იმისგან, რომ ცოტა ხანში "ვერც ეს რუსი დამსვენებელი აღმოჩნდეს ეფექტურ დაცვად" და მოსახლეობას გამოუცხადონ, მაგალითად, «აფხაზეთის უსაფრთხოება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში იქნება სათანადოდ დაცულიო»? გარდა ამისა, შამბას ვერსია არ პასუხობს კითხვას, მთელი ამ ხნის განმავლობაში რატომ არ ესხმოდა «მტერი» აფხაზეთს თავს და რატომ არ ესხმის ეხლა – სანამ ღიპიანი რუსი მაღალჩინოსანი ბიჭვინთაში შეზლონგზე არ წაგორდა გასარუჯად?
ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სრული ბოდვაა – ზუსტად ისეთივე, როგორსაც წარმოადგენს კიდეც, როგორც წესი, კრემლისა და მის მიმართ ლოიალური რეჟიმების სადეზინფორმაციო პროპაგანდა. როცა აღარაფერი რჩებათ საკუთარი “სიმართლის” დასამტკიცებლად, იძულებულები არიან, მოსახლეობა “გარე საფრთხეებით” აშინონ. და თაკალანძის საქმე, სავარაუდოდ, სწორედ ამ "ოპერიდანაა".
მაგრამ ნახევრადდამწვარ ფურცელზე პრიმიტიული ენითა და გრამატიკული შეცდომებით დატანილმა ტექსტმა როგორც ჩანს, დიდად ვერავინ დაარწმუნა. თუ არ ჩავთვლით რუსეთის ახალ «ელჩ» ალექსანდრე შურგალინს, რომელმაც, როგორც იქნა, ღიად დაადასტურა ბიჭვინთით მოსკოვის დაინტერესება. «სახელმწიფო აგარაკ «ბიჭვინთის» რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმება სრულად შეესაბამება ორმხრივი ურთიერთობების სულისკვეთებასო» - ბრძანა დიპლომატმა და აფხაზურ «პარლამენტს» დოკუმენტის უსწრაფესი რატიფიცირებისკენ მოუწოდა. ასევე უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარეს აპოლონ დუმავას, რომელმაც კრემლისტი «საგარეო საქმეთა მინისტრის» - ინალ არძინბას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე «დეპუტატებს» ანალოგიური მოწოდებით მიმართა.
აფხაზური "პარლამენტის" მეშვიდე მოწვევა არდადეგებზე რატიფიცირების საკითხის განუხილველად გავიდა - და «პრეზიდენტ» ბჟანიას ინალ არძინბასთან ერთად მოსკოვში «ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განსახილველად» ხელცარიელს – რატიფიცირებული რუსული დაკვეთის გარეშე მოუწია გამგზავრება.
მიმდინარე წლის 19 იანვარს ხალხისგან მალულად მოსკოვში ხელმოწერილი სკანდალური შეთანხმების საკითხს ახლა აფხაზური საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს. ამ «უკანასკნელმა ფორპოსტმა» უნდა წარმოადგინოს დასკვნა დოკუმენტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.
პარალელურად სოხუმის ცენტრში აქტივისტების ჯანსუღ ადლეიბას, ვადიმ მარხოლიასა და დაურ გუმბას მშრალი შიმშილობა გრძელდება – ამჯერად უკვე დე ფაქტო ხელისუფლების სამივე შტოს გადადგომის მოთხოვნით. «ჩვენ მათ აღარ ვენდობით. მათ აფხაზეთის კონსტიტუცია დააღვიეს", - განაცხადა აქციის მონაწილეთა სახელით ჯანსუღ ადლეიბამ.
სტამბოლიდან კი ამასობაში “კავკასიურ-აფხაზური სოლიდარობის კომიტეტის” ხელმძღვანელ ერდეშან ბგანბას წერილი მოვიდა მოთხოვნით, “მუჰაჯირების შთამომავლებს ბიჭვინთაში, ასევე სხვა ქალაქებში ისტორიული მიწები დაუბრუნონ და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებს სახელმწიფო ობიექტების პრივატიზების უფლება მიენიჭოთ”.
ხოლო პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა, რომელთაც არც დე ფაქტო ხელისუფლებასთან აქვთ კავშირი, არც ოპოზიციასთან, “აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დასაცავად პოლიტიკური პლატფორმის” ჩამოყალიბების შესახებ განაცხადეს. “ხელისუფლებამ აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, უკანასკნელმა მოვლენებმა კი აჩვენა სამოქალაქო საზოგადოების მზაობა, დაიცვას საკუთარი უფლებები. ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასაცავად აუცილებელია მძლავრი პოლიტიკური პლატფორის ჩამოყალიბება” - განმარტა პროცესის ერთ-ერთმა ინიციატორმა ადგურ ლაგვილავამ.
ასე, რომ წინ საინტერესო მოვლენები გველის და იმედი ვიქონიოთ, თაკალანძის “ჯაშუშური” ისტორიის უშედეგობის გათვალისწინებით, მათში ახალი “განტევების ვაცები” აღარ იქნებიან.
ეკა ცანავა