კობახიძე – უკრაინელ ლტოლვილებზე: "გარკვეული დახმარება უსასრულოდ, სამწუხაროდ, ვერ გაგრძელდებოდა"
01/08/2022 12:53:46 პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები იღებენ სათანადო, საკმაოდ სერიოზული კომპენსაციას. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული ტიპის დახმარება უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა, რადგან სახელმწიფოს მწირი რესურსები აქვს.
„რა თქმა უნდა, ვითარება ზოგადად რთულია და რთულია სხვა ქვენებშიც. სახელმწიო ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს მომავალშიც. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანებისთვის გაიცემა სათანადო, საკმაოდ სერიოზული კომპენსაციები. ამას გასცემს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა გარკვეული ტიპის დახმარება უსასრულოდ, სამწუხაროდ, ვერ გაგრძელდებოდა. რესურსებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწია ხელისუფლებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფო ამ ადამიანებს დაეხმარება, გარკევული კომპენსაციებია გათვალისწინებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, საკმარისია თუ არა 300 ლარი საცხოვრებლის საქირავებლად, კობახიძემ უპასუხა, რომ ამას ემატება სულადობრივი დახმარება და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გამოყოფილი დახმარება:
„რა თქმა უნდა, საკმარისი შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი მწირი რესურსი და თავისი მწირი რესურსის ფარგლებში გამოიყოფა ეს დახმარება. მე შეგახსენებთ, რომ 500 000 სოციალურად დაუცველი პირია საქართველოში და სახელმწიფომ დაბალანსებულად უნდა გაანაწილოს ის რესურსი, რომელიც მას აქვს“.
უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ და აღნიშნა, რომ მათთვის განკუთვნილი პროგრამა წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და ამ მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა:
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე – 45 ლარი გაიცემა. რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება“.
მოგვიანებით, პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას, ბიზნესს მოუწოდა, რომ დაეხმარონ ქუჩაში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს.


