01-09-2023 17:10:45 მითები და რეალობა ,ინტერვიუ
თუ 2022 წლის 24 თებერვლამდე საქართველოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსის მხადამჭერებს ძირითადად პრორუსულად აღქმული ჯგუფების მიერ შემოთავაზებულ შეთქმულების თეორიებთან უწევდათ ბრძოლა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და, მათ შორის, ქართული საზოგადოების მნიშვნელოანი ნაწილის მიერ უკრაინელებისადმი სოლიდარობის გამოხატვისთანავე დეზინფორმაციის „ფრონტი“ მნიშვნელოვნად გაიშალა: პროცესში ჯერ მმართველი გუნდის მხარდამჭერი ექსპერტები ჩაერთნენ, მათ შორის, სახელისუფლებო მედიის დახმარებით, შემდეგ თავად მმართველი გუნდის რიგი და გამოყოფილი წევრები და არც „ქარული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელი, მისთვის უჩვეულოდ მოკლე წერილი განიცდიდა ამ მიმართულებით ინსინუაციების ნაკლებობას. ანტიდასავლური გზავნილების მთავარ ხაზად კი „დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს“ თემა იქცა და ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში შეიქმნა იმგვარი ანომალიური ვითარება, როდესაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები საკუთარი ელჩების დაცვას ცდილობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მარტივ კითხვაზე, მაინც რატომ უნდა ითრევდეს დასავლეთი საქართველოს ომში, მით უფრო, როდესაც მათივე განცხადებით, „რამდენიმე წუთი სჭირდება რუსეთს აქ ყვლაფრის თავდაყირა დასაყენებლად“, პასუხებში ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები იკითხება. ასე მაგალითად, ერთის მხრივ, აღიარებენ, რომ დასავლეთი დამოუკიდებელ სასამართლოზე და საბანკო სისტემაზე დგას, მეორეს მხრივ, გვთავაზობენ ვერსიას, რომ აშშ ახდენს გავლენას შვეიცარიულ ბანკზე, შეუქნმას ბიძინა ივანიშვილს ფინანსური პრობლემები; ერთის მხრივ, თურმე საქართველომ კანდიდატის სტატუსი არა დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯების, არამედ „ომში ჩათრევის“ კონტექსტში ვერ მიიღო, მეორეს მხრივ, აღიარებენ რომ დასავლეთი რეალურად ცდილობს ენერგორესურსების მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას, რომ ამ კონტექსტში მათთვის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანული გაზი, რომელიც საქართველოზე გაივლის. ცხადია, ცეცხლში გახვეული ქვეყანა, რომელიც მათივე განცხადებით, რამდენიმე დღეშივე შესაძლოა, დაექვემდებაროს სრულ ოკუპაციას, რუსეთის ალტერნატიულ დერეფნად ვერ გამოდგება. მაინც რა გარდატეხის შეტანა შეუძლია საქართველოს რუსეთისთვის "მომაკვდინებელი" დარტყმის მიყენების კონტექსტში; რა “ბენეფიტი” შეიძლება, მიიღოს დასავლეთმა სრულიად საქართველოს ოკუპაციის ქვეშ დადგომის რისკით, რომ მის გაწირვად უღირდეს – შეთქმულების თეორიების ამ და სხვა ძირითად ასპექტებზე „აქცენტი“ გადამდგარ გენერალ–მაიორს, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს, ევროკავშირსა და ნატო–ში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელს, „ჯეოქეისის“ მრჩეველ ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა.
ვახტანგ კაპანაძე: ძალიან მარტივი ლოგიკაა – ამჟამად ევროპისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგომიწოდების მიმართულება სამხრეთ კავკასიაა (აზერბაიჯანი–საქართველო, შემდეგ თურქეთი და შავი ზღვით მიემართება ევროპისკენ). აქ ჩართვა სურს ყაზახეთს, თურქმენეთს. რატომ უნდა გინდოდეს იქ ომის დაწყება, რომელიც შენთვის ენერგომომარაგების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წყაროა? რატომ უნდა გაიწყვიტო ეს ხაზი?
– ერთის მხრივ, გვთავაზობენ თეორიას, რომ თურმე მთელი ევროპა, უნგრეთის გამოკლებით, დაექვემდებარა აშშ–ის გავლენას და არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, რადგან ომში არ ჩავერთეთ და მეორეს მხრივ – როდესაც კითხულობ, რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების კონტექსტში საქართველო ფაქტობრივად, „სიცოცხლის გზა“ ხდება ევროპისთვის და რატომ უნდა გვითრევდნენ ომში? ამბობენ, რომ თურმე ევროპა მონოლითი არ არის და რომ მაგალითად, გერმანიის და აშშ–ის ხედვები განსხვავებლია...
– ვიმეორებ, ელემენტარული ლოგიკაა: ურსულა ფონ დერ ლაიენი [გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის შრომისა და სოციალურ საკითხთა ფედერალური მინისტრი, გერმანიის თავდაცვის ფედერალური მინისტრი. 2019 წლის 16 ივლისს დაინიშნა ევროკომისიის პრეზიდენტად] ჩადის აზერბაიჯანში, იდება ხელშეკრულება ევროპისთვის გაზის მიწოდების გაზრდაზე. რატომღაც, არავინ ახსენებს ამ ფაქტორს! ევროპას უჭირდეს, ეს ამერიკას რაში აწყობს?!
– გავყვეთ ამ შეთქმულების თეორიებს და თეორიულად დავუშვათ, რომ გავხსენით მეორე ფრონტი. რა გარდატეხის შეტანა შეუძლია საქართველოს რუსეთის დასუსტების საქმეში?
– გარდატეხის არა, უბრალოდ რუსეთს გავურთულებთ ცხოვრებას და თავისი სამხედრო მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს. დასჭირდება, რომ გარკვეული ძალები ჩვენი მიმართულებით ჰყავდეს მობილიზებული, მაგრამ რესურსების, ძალების გადანაწილება ასევე მოუწევს დასავლეთს და ეს რატომ შედის მის ინტერესებში იმ პირობებში, როდესაც ძალისხმევა (საკმაოდ მძიმე წონის დახმარებას უწევს უკრაინას) ამჟამად უკრაინისკენაა მიმართული?! იმავდროულად, რაში სჭირდებათ, შავ ზღვაზე ატყდეს დამატებითი დაპირისპირება, ისედაც ხორბლის გატანის საკითხია პრობლემური?!
– აქ ალბათ თურქეთის ფაქტორიც მნიშვნელოვანია. ამჟამად ნეიტრალურ როლს თამაშობს (არა სტერილურს – უკრაინას უწევს დახმარებას – მაგრამ მაინც ნეიტრალურის), ამ შემთხვევაში კი უფრო მკაფიო პოზიციონირება მოუწევს...
– ცხადია, ეს პროცესები უკვე მის საზღვრებთან წარიმართება და მსგავსი სცენარის შემთხვევაში, თურქეთიც კარგავს ენერგომატარებლებს, საიდანაც მას მოგება აქვს – აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ენერგორესურსები გადის სწორედ თურქეთში და შემდეგ ევროპაში. თურქეთის უშუალო ინტერესებშია, აქ მშვიდობა იყოს. თურქეთს ჯერ სირიაში ვერ დაუპირისპირდა რუსეთი, რაღა საქართველოში შეძლებს ამას?! აი, სრულ აბსურდზე ვსაუბრობთ.
ზოგადად, ფრონტის გახსნა ნიშნავს, პირველ რიგში, შეტევა განახორციელო ცხინვალზე და აფხაზეთზე. რა ძალები გაგვაჩნია ამის განსახორციელებლად? არის თუ არა ქვეყანაში შესაბამისი სამხედრო მომზადება ჩატარებული? ზოგადად, უკრაინაში რუსეთი საჰაერო ძალებს ვერ იყენებს, რადგან უკრაინას, საქართველოსგან განსხვავებით, მძლავრი საჰაერო თავდაცვა აქვს. საქართველოში შესაძლოა, შემოსვლაც არ დასჭირდეს, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმის პირობებში მოგვაწერინოს ხელი კაპიტულაციაზე. ამასთან, არ არის დადასტურებული ცნობები, რომ რუსეთმა ჩვენი რეგიონებიდან გაიყვანა სამხედროები? ერთი ბრიგადის დარი დანაყოფი ჰყავთ ცხინვალში, ასეთივე აფხაზეთში და სომხეთში. ეს ძალა საკმარისია, ჩვენს ოთხ ბრიგადას გაუწიოს წინააღმდეგობა, დაიცვას მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები!
გარდა ამისა, იმავე ლოგიკით, რატომ საქართველო და არა ყაზახეთი? მას მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს რუსეთთან. ან რატომ არა ფინეთი? ფინეთმა კარელიის დაბრუნება რომ სცადოს, მას გაცილებით მნიშვნელოვანი რესურსი აქვს, ვიდრე საქართველოს და აქვს უზარმაზარი საზღვარი რუსეთთან, არც ნატო–ს წევრია. შესაბამისად, კრემლს იქ ვითარების რეგულირებისთვის გაცილებით სერიოზული რესურსები დასჭირდება, ვიდრე საქართველოში და თუ საუბარია უკრაინაში ვითარების გარდატეხაზე, ეფექტზე, ეს იქნებოდა ფაქტორი და არა საქართველო! ვსაუბრობ იმგვარ აბსურდზე, რომელიც არავის უნდა აწყობდეს – არც აშშ–ს, არც ევროპას, არც თურქეთს, არც ყაზახეთს, არც თურქმენეთს და არც აზერბაიჯანს... აქ რომ ომი დაიწყოს, აზერბაიჯანი კარგავს თავის ენერგოგასაღებს, რაც მას ამჟამად უპირატესობას აძლებს. თეორიულად დავუშვათ, რომ რუსებმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს და რა, კრემლი ბაქოს ნებას დართავს, ჩვენი დერეფანი გამოიყენოს? ცხადია, არა! მის ინტერესშია, მილები დაილუქოს, რათა თავად შეინარჩუნოს უპირატესობა და ევროპისთვის კიდევ უფრო მტკივნეული გახადოს ეს ენერგოკრიზისი. საკითხს ამ კუთხით თუ მივუდგებით, უხეშად ვამბობ, რუსეთს უფრო აწყობს აქ საომარი მოქმედებების დაწყება, ვიდრე დასავლეთს, მათ შორის, აშშ–ს.
დაუსრულებლად შეიძლება რაღაცეების გამოგონება, მაგრამ დაახლოებით იმ მასშტაბის აბსურდზე ვსაუბრობთ, ახლა რომ ვთქვათ, ხომ არ სჯობს, რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა მოსკოვის ცენტრში ტერორისტული აქტების განხორციელება დაიწყონ, რათა კრემლის ყურადღება აქეთკენ გადავიდესო, ან ურალს იქეთ დავიწყოთ პარტიზანული მოქმედებების ორგნიზება, იგივე ბურიატიაში...
– ჩვენი შესაძლებლობების კონტექსტში შეიარაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია გადინება, რომელიც ჩვენი ძალოვანი უწყებებიდან ფიქსირდება – ბევრი მიდის ემიგრაციაში...
– ცხადია, ეს არის ფაქტორი, ამას ვერსად გავექცევით. ფაქტორია ისიც, რომ მივიღეთ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ იარაღის მოდერნიზაცია, განახლება ფართო მასშტაბით არ განხორციელებულა. არ არის ქვეყანა მზად ომისთვის და ვიმეორებ, ეს დამატებით თავის ტკივილს შეუქმნის ჩვენს უახლოეს მოკავშირეებს! ცხადია, ამ ვითარების შესახებ პარტნიორებმა ზედმიწევნით უწყიან – ამერიკელები დანაყოფების მომზადებაში აქეთ გვეხმარებიან და არ იციან, როგორია მდგომარეობაა?!
ყველაფერი გვერდზე რომ გადავდოთ – ქვეყნის მზაობა, შესაძლებლობა, რესურსი, ვიმეორებ, ევროპისთვის რესურსებით მომარაგების ერთ–ერთი მთავარი მიმართულება სამხრე კავკასიაა, რატომ გაწყვეტენ ამ ხაზს, მით უმეტეს, რომ ამჟამად ევროპისთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ რომ რუსეთის მიერ ენერგორესურსების იარაღად გამოყენებაა?!
– შექმულების თეორიების გამავრცელებლები აღიარებენ, საქართველოს პროცესში გარდატეხის შეტანა არ შეუძლიაო, მაგრამ აქვთ ამგვარი არგუმენტიც, აქ ომი ავტომატურად გამოიწვევს ჩრდილოეთ კავკასიაში კონფლიქტის გაღვიძებასო...
– თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის, ისიც, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ურალს იქეთ კრემლის წინააღმდეგ პარტიზანული მოძრაობის ჩამოყალიბებაში, რაც რეალურად აბსურდია! ჩრდილოეთ კავკასიაში სადღეისოდ არ არის ის მოცემულობა, რომელიც მაგალითად, 1990–იანი წლების დასაწყისში იყო – არც მზაობის, არც მზადების კუთხით. იყო ინფორმაცია, თითქოს „ჯიჰადი“ ცხადდება კადიროვის წინააღმდეგ, მაგრამ იმისთვის, რომ ეფექტური მოძრაობა ჩამოყალიბდეს, რამოდენიმე კლასიკური ფაქტორია გადამწყვეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძრაობა მარცხისთვისაა განწირული. მათ შორისაა, მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა და უშუალო მეზობელი ქვეყნის არსებობა, რომელიც ამ მოძრაობას დაეხმარება. საქართველო მსგავს დახმარებას ვერ ახორციელებს: ერთი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება შესაბამისია და მეორეც, ჩრდილოეთისკენ მიმავალი გზები რუსეთის კონტროლს ქვეშაა. ამასთან, თეორიულად დავუშვათ, რომ ქართველებმა გადავწყვიტეთ, ერთიანი კავკასიური გეგმით გავუწიოთ დახმარება, თავად მოძრაობა არ არსებობს და ვის დავეხმაროთ? ამდენად, ის, რომ ვიღაცამ რაღაც განაცხადა, საკმარისი არაა! ჯერ პირობები უნდა ჩამოყალიბდეს უცხოეთში, შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც პროცესს უხელმძღვანელებს, შემდეგ ადგილზე უნდა შეიქმნას მოძრაობის მძლავრი ქსელი, მაგალითად, ამ შემთხვევაში, ჩეჩნეთში. მაგრამ ჩრდილოეთ კავკასია მხოლოდ ჩეჩნეთი არ არის და მსგავსი აქტივობა არსად შეინიშნება. დემონსტრაციაც კი არ ტარდება რაღაც ეროვნულ კონტექსტში. მეტი დაპირისპირებაა პოლიტიკურ დონეზე იგივე ყაზახეთსა და რუსეთს შორის. იგივე თათრეთსა და შორეულ აღმოსავლეთში მეტი უსიამოვნებაა რუსებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიაში. მაგალითად, დაღესტანი ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია მოხალისეების უკრაინაში წარმოებულ ომში. ამდენად, არც ისე მარტივადაა საქმე. ვიმეორებ, უნდა არსებობდეს განწყობა, პირობები მსგავსი მძლავრი მოძრაობისთვის! რას ჰქვია, საქართველოში ომი თუ დაიწყო, იქ იფეთქებს მოძრაობაო?! საქართველოში 2008 წელს იყო ომი და რაიმემ იფეთქა?
– მით უფრო, რომ მაშინ წინააღმდეგობის მოძრაობა „იმარატ კავკაზის“ სახით ჯერ კიდევ არსებობდა ფიზიკურად...
– როდესაც საქართველო აფხაზეთში აწარმოებდა საომარ მოქმედებებს, ჩრდილოეთ კავკასია რუსების მხარეს იყო და არა საქართველოს.
– მესმის, გარკვეული ნაწილი იყო ჩართული...
– იყო პროექტები – ბასაევი მე ხომ არ მომიგონია?! ჯერ აქ შემოიყვანეს, შემდეგ ბასაევს ეომებოდნენ რუსები. ამდენად, ერთიანი კავკასიური მოძრაობა არ არსებობს, არ არსებობს ურთიერთდახმარების მგრძნობელობა და როგორც უკვე ვთქვი, უშუალოდ არც შესაბამისი მოძრაობაა ჩამოყალიბებული, ჰორიზონტზეც კი არც ჩანს!
ვიმეორებ, თუ არ არსებობს მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა, მსგავსი იატაკქვეშა მოძრაობები განწირულია. იყო მასხადოვის და დუდაევის ნაციონალისტური მოძრაობა, მაგრამ შემდეგ, როდესაც მოძრაობამ ნელ–ნელა დაკარგა ეროვნული ხასიათი, მიიღო რელიგიური სახე და გადავიდა ტერორისტულ საქმიანობაზე, მან საერთაშორისო მხარდაჭერა დაკარგა, დასრულდა ჩეჩნეთის ეპოპეაც და დამყარდა კადიროვის ტოტალური რეჟიმი. და უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში თუ ჩვენ შევძლებთ ჩრდილოეთ კავკასიაში ეფექტური მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელიც იფეთქებს და შემდეგ რუსეთის დაშლას განაპირობებს, ყოჩაღ ჩვენ!
ამჟამად მთელი დასავლეთის რესურსები უკრაინის შეიარაღებისკენაა მიმართული, ჩვენკენ რა უნდა გადმოისროლონ? ვინ უნდა მოამზადონ ახალ სისტემებზე, გინდაც ჩრდილოეთ კავკასიელები, გინდაც ქართველები? ან შესაბამისი რესურსები აქვს ევროპას? ეს გათვლილია? როგორც უკვე ვთქვი, ის, რომ რუსებს შესაძლოა, ამ მიმართულებაზე გარკვეული ძალის გადანაწილება მოუწიოთ, იგივე მოუწევს მსოფლიოსაც, რაც არც ერთს არ აწყობს!
იხილეთ ასევე: კადიროვის წინააღმდეგ „ჯიჰადი“ გამოცხადდა: ველოდოთ ჩეჩნეთის მესამე ომს?