ბოკერია– სააკაშვილზე: "ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა კატასტროფაა"
01/08/2022 13:22:20 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, "მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია".
მისი თქმით, „ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა მორალურად და პოლიტიკურად კატასტროფაა“.
"სააკშვილს როგორც მოექცნენ, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა არა მისი მომხრეებისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის. ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა მორალურად და პოლიტიკურად კატასტროფაა. ის, რომ დღეს სააკაშვილია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და სპიკერები არიან: ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ეს ხალხი, ეს არის მორალური კატასტროფა. ეს არის ყველა ადამიანის პასუხისმგებლობა, მათ შორის სააკაშვილიც შედის და მისი გარემოცვაც, ვინც აირჩია ეს გზა, რომ ივანიშვილის მეთოდებით და ღირებულებების გარეშე უნდა მოიპოვო ძალაუფლება, უნდა დაემსგავსო ივანიშვილს და „ოცნებას“, რომ მოუგო. ამ არჩევანმა მიიყვანა აქამდე ეს ვითარება. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელია სააკაშვილი, მაგრამ ისინიც, ვინც მის გარშემო ან ფანატიკური მიზეზებით ან მედროვეობით არიან, ამ ყველაფერს მხარს უჭერდა ან ჩუმად იყო“, - განაცხადა ბოკერიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიეილ სააკაშვილის ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა თქვან, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკით აღარ ინტერესდება.
29 ივლისს "პალიტრანიუსის" ეთერში სტუმრობის დროს მიხეილ სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შანსები გაზრდილია. ამ საკითხზე საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება:
"[სასჯელის გადავადების] შანსები გაიზარდა. ხელისუფლებას მისდის მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ჩემი გზავნილები, რომელსაც მე ვაჟღერებ შემთხვევით. სააკაშვილი, პირდაპირ ვთქვათ, ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება. არანაირი ინტერესი ამ ადამიანს არ გააჩნია. ნუ, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ...უსმენს ფრანგულ რადიოს, უყურებს უკრაინულ არხებს, პოლიტიკით ინტერესდება, ოღონდ მთლიანად არის გადართული უკრაინულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, მე ძალიან ხშირად შევდივარ ხოლმე და საათობით მიწევს საუბარი, მე ვუსვამ აქეთ კითხვებს ქართულ პოლიტიკაზე... შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, მე შევედი და ვუთხარი ბიძინა ივანიშვილის წერილზე, საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. გამიკვირდა კიდეც...საერთოდ ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებსო. ჩემს თავს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავო - ასეთი განცხადება გააკეთა... ველოდები, რომ ამ განცხადებას თვითონ გააკეთებს".
საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძღულია საქმე სახლემიფო საზღვარის უკანონო კვეთის მუხლითაც, საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე.
დაკავების დღესვე სააკაშილმა შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გამთენიისას დააბრუნეს. მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ოჯახის, მხარდამჭერებისა და ადვოკატების სურვილია, სააკაშვილის ხელისუფლებამ სასჯელის მოხდის ვადა გადაუვადო სრულ გამოჯანმრთელებამდე.


