
მოსკოვთან “პარტნიორობა”: როგორ ჩანაცვლდა აფხაზეთში იმედი შიშით
01/08/2022 17:26:42 კონფლიქტები
როცა მმართველობის დასაწყისში ასლან ბჟანია ვიზიტად მოსკოვში მიემგზავრებოდა ხოლმე, აფხაზური საზოგადოება მის დაბრუნებას იმედით ელოდა – სტრატეგიული პარტნიორი დახმარების გარეშე არ დაგვტოვებს, ამჯერად მაინც დაიწყება ნანატრი განვითარება, რეფორმები, ეკონომიკისა და ცხოვრების დონის ამაღლება, აფხაზეთის სუვერენიტეტი განმტკიცდება, საერთაშორისო აღიარება კი გაფართოვდება. აბა როგორ? - მოსკოვი ხომ დაგვპირდაო?! მაგრამ გავიდა ხანი. ისევე, როგორც ბჟანიამდე, არც ფულია, არც რეფორმები, არც განვითარება, არც კეთილდღეობა, არც საერთაშორისო აღიარება, არც პერსპექტივა. სუვერენიტეტის კუთხით კი საქმე მთლად ცუდადაა: როგორც გაირკვა, მოგვიწევს, იგი რუსეთს “ვუწილადოთ” - ისევე, როგორც მიწა, სტრატეგიული ობიექტები, მოქალაქეობა, ბუნებრივი რესურსები – მოკლედ, ყველაფერი, რასაც ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირემ დაადგა თვალი.
“არ უწილადებთ? – მოსკოვი დაგსჯითო!” - გვაშინებს ასლან ბჟანია, რომელიც აფხაზეთის ხარჯზე კრემლის მიმართ სულ უფრო მეტ პირად გულუხვობას იჩენს. მოსახლეობა კი რუსეთის დედაქალაქიდან მის დაბრუნებებს უკვე იმედის ნაცვლად შიშით ელის – "კიდევ რაიმეს ხომ არ მოაწერა ხელი ხალხისგან მალულად და კანონის გვერდის ავლითო?".
შიშით იყო შეპყრობილი საზოგადოება ახლაც, როცა ჩვენი პრეზიდენტი მოსკოვში სტრატეგიული მოკავშირის წარმომადგენლებს ხვდებოდა. ყველაფერი კვლავ საიდუმლოებითაა მოცული. ოფიციალურად მხოლოდ ის გამოგვიცხადეს, რომ ჩატარდა შეხვედრები უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკთან, რომ საუბარი შეეხო “ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირებასა” და “ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს”. სულ ესაა, არავითარი დეტალი. მეტის ცოდნა, როგორც ჩანს, გვაწყენდა.
არადა, მოსკოვური შეხვედრების გაცხადებული თემები, რომლებიც ბჟანიას მმართველობის დასაწყისში დამაიმედებლად ჟღერდა, ახლა ხალხში შიშს მხოლოდ ამძაფრებს. მრავალწლიანი პარტნიორობის გამოცდილებამ ხომ უკვე დაგვარწმუნა, რომ “ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო წრე” პრაქტიკაში ვალდებულებების ფართო წრეს ნიშნავს, თანაც არა ორმხრივის, არამედ მხოლოდ აფხაზურის. ხოლო «ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირება» ბოლო ნაბიჯია ჩვენი სუვერენიტეტის - ანუ არსობრივად, იმ ერთადერთი სარგებლის დაკარგვამდე, რომელიც რუსეთისგან მივიღეთ.
არა, სულაც არ დამვიწყებია მილიონობით რუბლი, რომელიც მოსკოვიდან წლების განმავლობაში აფხაზეთისკენ მოედინებოდა! მაგრამ ვის და რას ხმარდებოდა ეს თანხები? – ჩვენს დამოუკიდებელ განვითარებასა და აფხაზური სახელმწიფოს განმტკიცებას, თუ სტრატეგიული მოკავშირის ადგილობრივი ვასალების პირად ჯიბეებს – რაღა თქმა უნდა, შესაბამისი “ატკატებით” მათი რუსი “ბოსებისთვის”?
დიახ, რუსული ფული ინახავს აფხაზურ მილიციას, რომელიც არა მართლწესრიგს, არამედ კორუფციას ემსახურება. დიახ, რუსული ფულით მსახურობენ აფხაზურ ჯარში, რომელიც ფაქტობრივად, არც არსებობს, თუ არ ჩავთვლით ფულიჭამია გენერლებს. დიახ, რუსული დოტაციები არჩენს უშიშროების მთელს აპარატს, რომელიც ასევე არ ემსახურება ჩვენი ერის ინტერესებს და ამის ნაცვლად გადასახადების რუსი გადამხდელების ფულს შთანთქავს. დიახ, რუსეთი ინახავს მთელს ჩვენს ხელისუფლებას. მაგრამ ეს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება ემსახურება არა აფხაზი ხალხის, არამედ საკუთარ ინტერესს! საკუთარსა და, რაღა თქმა უნდა, რუსი მფარველებისას, რომლებმაც ამ ყველაფრის შესახებ წლების განმავლობაში არა მარტო იციან, არამედ მდიდრდებიან კიდეც გადასახადების რუსი გადამხდელის ვითომდა “აფხაზეთის განვითარებაში” ჩადებული ფულით!
აფხაზ ხალხს ამ “ორმხრივი თანამშრომლობით” არაფერი მიუღია, რუსული ფულის გაუთავებელი დაყვედრების გარდა, ახლა კი ამ “სიკეთეს” ყველაფრის დაკარგვის რეალური საფრთხეც დაემატა. რუსეთისთვის პენსიებისა და შემწეობების ბიჭვინთით გასტუმრებას უკვე დღეს გვაიძულებენ. მაგრამ ბიჭვინთას ვჩივით? სანამ რუსეთის საკუთრებაში 301 ჰა ტერიტორიის გადაცემაზე ვწუწუნებთ, სტრატეგიული მოკავშირე უკვე გაცილებით მეტზე აცხადებს პრეტენზიას – ჩვენი სახელმწიფო საზღვრისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე!
და რა პოზიცია აქვს ამ დროს ჩვენს პრეზიდენტს, რომელიც მოსკოვში მორიგ შეხვედრებს მართავს? იგი არათუ თანახმაა, არამედ ჩვენც გვარწმუნებს “აუცილებლობაში”, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე! "ასლან ბჟანიამ მხოლოდ რეალური მდგომარეობის კონსტატაცია მოახდინა: იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რომელთა გამოც სუვერენულ აფხაზურ სახელმწიფოს ამჟამად შესაძლებლობა არ აქვს, დამოუკიდებლად სრულად დაიცვას საკუთარი საზღვრები, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელმაც მიზეზთა გამო არ მოგვცა შესაძლებლობა, აბსოლუტურად სუვერენული სახელმწიფო აგვეშენებინა, პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს თანამშრომლობას ჩვენს ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირესთან - რუსეთის ფედერციასთან და ინტეგრაციას იმ სფეროებში, რომლებშიც აფხაზეთის რესპუბლიკას არ აქვს შესაძლებლობა, თვითკმარ სახელმწიფოდ იქცეს" – “განგვიმარტა” პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.
ანუ, არსობრივად, ჩვენი ხელისუფლება ხელებს ასავსავებს: არ გამოგვივიდა სახელმწიფოს მშენებლობა და რა გაეწყობა, დაკავდეს ჩვენით ის სახელმწიფო, რომელსაც ეს უკეთ გამოსდისო.
კი, მაგრამ მიზეზი რაში მდგომარეობს? ვინ და რამ შეგვიშალა ხელი, სუვერენული აფხაზური სახელმწიფო აგვეშენებინა? თავად ასლან ბჟანიამ და მისმა წინამორბედებმა ხომ არა, რომლებსაც მონაცვლეობით გაუთავებლად გადააქვთ ერთმანეთზე პასუხისგებლობა?! მახსოვს, იგივე ბჟანია ოპოზიის ლიდერობის პერიოდში სასტიკად აკრიტიკებდა რუსეთთან 2014 წლის ჩარჩო-შეთანხმებას, რომელსაც დღეს თავად ეყრდნობა მოსკოვთან ახალი კაბალური შეთანხმებების გაფორმებისას! თავის მხრივ, ამჟამინდელმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს ნებისმიერი საბაბით ლანძღავს პრეზიდენტს, მიუხედავად იმისა, მაგრამ თავის დროზე – ხელისუფლებაში ყოფნისას ზუსტად იგივეს აკეთებდა, სულ რაღაც ერთი წლის წინ საშუალება არ მისცა ასლან ბჟანიას, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბებისკენ განეგრძო სვლა. არადა, მაშინ ხომ ხსენებაც კი არ იყო “საქართველოსთვის სუვერენიტეტის განაწილების”! ვინ იცის, ის თანამშრომლობა რომ დაწყებულიყო, ეგებ დღეს სულ სხვაგვარად ყოფილიყო საქმე და გვქონოდა რაიმე, რითაც წინააღმდეგობას გავუწევდით ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე რუსეთის შემოტევებს.
ყოველი მორიგი არჩევნების წინ ჩვენი კანდიდატები მოსკოვში დადიოდნენ, სპონსორებს – იქაურ მაღალჩინოსნებს ხვდებოდნენ და თავის მომსახურებას სთავაზობდნენ მათთვის საინტერესო საკითხებში. ამასთანავე, ზოგიერთ ჩვენს ამხანაგს რუსეთში საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ. ამიტომაც უწყობდნენ ხელს რუს პარტნიორებს, რომელთაც აფხაზეთში ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანო ახალ-ახალი შეთანხმებების “გათრევა” სურდათ. ამაში მდგომარეობდა, რეალურად, წლების განმავლობაში “ორმხრივი თანამშრომლობა”, “პარტნიორობა”, მერე კი “მოკავშირეობაც”. სწორედ ასე მოვედით იმ სავალალო მდგომარეობამდე, რომელშიც საბოლოოდ აღმოვჩნდით.
დღეს, როცა ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრული ახლოა, როგორც არასდროს, მიზეზების გაცნობიერება პირველხარისხოვან მნიშვნელობას იძენს – სხვა შემთხვევაში ჩიხიდან გამოსავალს ვერ ვიპოვით და თავს ვერ გადავირჩენთ. მხოლოდ ხელისუფლებების ცვლა რომ გამოსავალი არაა – ამაში არაერთგზის დავრწმუნდით. საჭიროა რადიკალური და არა კოსმეტიკური ცვლილებები. უნდა შეიცვალოს მთლიანად სისტემა, საბჭოური აზროვნება და მიდგომები, რომლებიც სრულიად შეუთავსებელია რეფორმებსა და ცვლილებებთან.
და ცალსახად უნდა დავივიწყოთ ფიქრიც კი კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე რუსულთან. ეს უკანასკნელი ხომ საბჭოურის გაუარესებულ, მნიშვნელოვნად გამკაცრებულ ვარიანტს წარმოადგენს და თავად რუს ხალხსაც ართმევს უკეთესი მომავლის იმედს.
სხვათა შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში არ ისწრაფვის, სწორედ ამას უკავშირდება. დღევანდელი რუსეთი ნამდვილი საპოლიციო სახელმწიფოა, რომელსაც საკუთარი მოქალაქეები სისტემის მონებად ჰყავს ქცეული. აფხაზი კი უუფლებოდ ვერ იარსებებს. ჩვენი პატარა ამაყი ერი მშვენივრად აცნობიერებს, რომ ასეთ რუსეთში ყოფნა მისთვის სახიფათოა, რომ დღევანდელი რუსეთის შემადგენლობაში იგი უბრალოდ გაქრება.
ყოველთვის გვსურდა რუსეთთან მეგობრობა, ყოველთვის გვიყვარდა რუსეთი. მაგრამ აფხაზეთს სურს, რუსეთი უკეთეს ქვეყნად იხილოს, სადაც კანონი კანონობს, ადამიანი თავისუფლად სუნთქავს, გააჩნია თვითრეალიზების შესაძლებლობა და კეთილდღეობა. რუსეთს ხომ ამისთვის ყველაფერი გააჩნია: პლანეტის ყველა სასარგებლო წიაღისეული, საბადოები, სხვა სიმდიდრე... მაგრამ ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა ერთ გარკვეულ ჯგუფს – ოლიგარქებსა და ჩინოსნებს. ამჟამინდელ რუსეთს კი ვერ ვცნობთ! ეს სიმონიანის, სოლოვიოვის, კისელიოვის რუსეთია. ეს არის ქვეყანა, სადაც სულსა და გონებას ტელევიზორი ანაცვლებს, მოქალაქეს - მონა. ასეთი რუსეთისკენ ლტოლვა ნამდვილად არ გვაქვს! ანდა რომელ ჭკუათმყოლებს შეიძლება, ჰქონდეს?!
და დაე, განაგრძონ რუსმა პროპაგანდისტებმა ჩვენთვის “უმადურობისა” და “მუხანათობის” დაბრალება – შეერგოთ! სასწორზე ჩვენი სახელმწიფოებრიობა და მომავალი დევს, აფხაზეთია გადასარჩენი, მათ ბრალდებებს კი რამენაირად გადავიტანთ!
ინალ არისთავა
_________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება