Accentnews.ge
რატომ გაიხსენა მედვედევმა საქართველო

რატომ გაიხსენა მედვედევმა საქართველო

02/08/2022 12:56:07 ანალიზი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის თანაშემწე ოლეგ ოსიპოვი ირწმუნება, რომ გამაოგნებელი შინაარსისა და ფორმის მორიგი პუბლიკაცია, რომელიც წუხელ სოციალურ ქსელ Вконтакте-ში ჩინოსნის გვერდზე გამოქვეყნდა, მას არ ეკუთვნოდა, რომ გვერდი ჰაკერებმა გატეხეს და პოსტიც, რომელიც განთავსებიდან ათ წუთში გაქრა, მათი იყო.

თავად პუბლიკაცია, რომლის სქრინშოთი ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა თავის ტელეგრამ-არხში გაავრცელა, ეხებოდა რუსეთის გეგმებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, კერძოდ, საქართველოსა და ყაზახეთში. პოსტის ავტორი “სსრკ-ის საზღვრების აღდგენის” პირობას დებდა.

პუბლიკაციის შინაარსის მიხედვით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა, თურმე, არ არსებობდა და “დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა”. „ჩრდილოეთ და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“ – ნათქვამი იყო პოსტში.

გარდა ამისა, პუბლიკაციის თანახმად, ყაზახეთი თურმე, „ხელოვნური სახელმწიფო“ და “რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა”, სადაც “ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები დაასახლა”. “ეს რუსების გენოციდია და სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ დამყარდება“ – ამტკიცებდა ავტორი.

მედვედევის გვერდი შესაძლოა, ამჯერად მართლაც გატეხეს. მაგრამ მისი ბოლოდროინდელი პუბლიკაციების ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, არაფერი იქნებოდა დაუჯერებელი იმაში, რომ მსგავსი რამ არა ჰაკერებს, არამედ სწორედ მას დაეწერა. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და მმართველი პარტია "ედინაია როსიას" თავმჯდომარე ხომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განსაკუთრებით პროვოკაციული, აგრესიული, უხეში, ქსენოფობიური, მილიტარისტული საჯარო განცხადებებით გამოირჩევა. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამ თვალსაზრისით მედვედევმა ფაქტობრივად, ჩაანაცვლა ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ გამოთავისუფლებული იმ ბოროტი ჯამბაზის ნიშა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ყველაზე ბნელ ზრახვებს ახმოვანებს.

გარდა ამისა, ტექსტი, რომელიც ორგზის გვსმენია თავად პრეიდენტ პუტინისგან უკრაინაში შეჭრამდე ამ ნაბიჯის მიზეზების განმარტებისას, კიევთან მიმართებაში თითქმის იდენტურ გზავნილებს შეიცავდა. ხოლო ამასწინათ, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე პუტინმა ღიად გაახმოვანა სსრკ-ის აღდგენისა და “პეტრე პირველის კვალდაკვალ რუსული მიწების შეგროვების” გეგმა.

ექს-პრეზიდენტი და ექს-პრემიერი მედვედევი, რომელსაც ოდესღაც ქვეყნის ლიბერალურ წრეებში განიხილავდნენ “ახალი თაობის კონსტრუქციულ ლიდერად” და იმედოვნებდნენ, რომ იგი “რუსეთს დასავლეთთან თანამშრომლობისა და დემოკრატიის გზაზე დააბრუნებდა”, ახლა კოლექტიურ დასავლეთს „გადაგვარებულ ნაძირლებად“ მოიხსენიებს და ბირთვული იარაღით ემუქრება. თავის ტელეგრამარხზე, სადაც იგი ყველაზე აქტიურია, მედვედევი როგორც წესი, აკრიტიკებს, ლანძღავს, ან უბრალოდ ვულგარულად დასცინის „რუსეთის მტრებს“, რომელთა შორის პირველ ადგილებს უკრაინა, კოლექტიური დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები იკავებენ.

პირველად მედვედევმა საერთაშორისო თანამეგობრობა ამ კუთხით ჯერ კიდევ უკრაინაში შეჭრის წინა დღეებში გააოცა, როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „თუ ვილაპარაკებთ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ეს ტერიტორიები, პრინციპში, უკრაინას არ სჭირდებაო“.

ხოლო უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. რუსეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარე შეურაცხმყოფელ ცილისწამებაზე, დამცირებაზე, სიძულვილსა და ღია მუქარაზე გადავიდა.

მას ეკუთვნის, მაგალითად, შემდეგი სიტყვები: „მოლაპარაკებაზე უარი უკრაინას უქმნის ეროვნული სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს. ეს უნდა ესმოდეთ კიევში და გადაწყვეტილების მიღებისას ცოტა ტვინი უნდა გაანძრიონ, თანაც არა კოკაინისა და სხვა სტიმულატორების ზემოქმედების ქვეშ, არამედ ფხიზელ გონებაზე“.

სხვათა შორის, მის კვალდაკვალ უკრაინის ხელისუფლებასთან მიმართებაში “კოკაინისა და სხვა სტიმულატორების” თემას აქტიურად იმეორებდნენ საქართველოშიც მმართველ ძალასთან აფილირებულ პრორუსულ გვერდებზე, ფეისბუქ-ჯგუფებში და ცალკეული პერსონებიც, მაგალითად, ლალი მოროშკინასა და სხვების სახით.

6 ივნისს კი რუსმა პოლიტიკოსმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა შემდეგი: „ხშირად მეკითხებიან, რატომ არის ჩემი Telegram-პოსტები მკაცრი. პასუხი ასეთია: მე მძულს ისინი. ისინი გადაგვარებული ნაძირალები არიან. მათ ჩვენი - რუსეთის სიკვდილი უნდათ. სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ისინი გაქრნენ“.

დმიტრი მედვედევი რომ რადიკალურად შეიცვალა, ამაზე მეტყველებს მისი შვილის, ილია მედვედევის ამბავიც, შვილისა, რომელსაც ძველმა, ნორმალურმა მედვედევმა დასავლეთში სწავლისა და მუშაობის საშუალება მისცა. ილია მედვედევს დამთავრებული აქვს МГИМО (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი), თუმცა დასაქმებულია ციფრული ტექნოლოგიების კერძო ბიზნესში ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ილია მედვედევს აშშ-ის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ჯერ არ დაუდასტურებია არც ამერიკის მთავრობასა და არც დმიტრი მედვედევს. რუსი მიმომხილველების თქმით, დღევანდელი შეხედულებების მქონე მედვედევი შვილს დასავლეთში არც სასწავლებლად გაუშვებდა და არც საცხოვრებლად.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ მედვედევი თავისი მკვეთრი გამონათქვამებით ცდილობს, მედიის ყურადღება მიიქციოს, რათა კვლავ დაბრუნდეს დღის წესრიგში.

პოლიტოლოგი სტანისლავ ბელკოვსკი მიიჩნევს, რომ მედვედევმა მიაღწია ყველაზე შთამბეჭდავ შედეგს პრეზიდენტობის შემდეგ: ვიღაც კვლავ აღიქვამს მას სერიოზულად. მეტიც, ის კვლავ მოიხსენიება, როგორც ვ. ვ. პუტინის შესაძლო მემკვიდრე. თუმცა სხვაგვარად ფიქრობს ცნობილი რუსი პოლიტოლოგი და პოლიტტექნოლოგი გლებ პავლოვსკი, რომელმაც ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ დმიტრი მედვედევი გამხდარიყო რუსეთის პრეზიდენტი 2008 წელს. დიმიტრი მედვედევის ტრანსფორმაციას იგი მიიჩნევს რუსეთის ხელისუფლების დეგრადაციის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშად:

„სულ რაღაც ორი წლის წინ საერთოდ ხმას არ იღებდა, ახლა კი ყველაზე მძვინვარე ქორია. ადამიანის წახდენა ხშირად მისი მეტყველების წახდენიდან იწყება. იმის მოსმენა, რასაც მედვედევი ლაპარაკობს, შეუძლებელია. თითქოს ცდილობს, დაივიწყოს რუსული ენის ცოდნა. წარმოუდგენელია, რომ ერთ დროს ეს ადამიანი პრეზიდენტ პუტინის შესაძლო მემკვიდრედ განიხილებოდა, თუმცა მედვედევი დღეს უკვე აღარ არის საინტერესო. ცხადია, მისი სურვილია, რომ მოსწონდეს პუტინს, მაგრამ მედვედევი ვერასოდეს იქცევა თავისიანად ომის პარტიისთვის. მედვედევი არ არის ის ადამიანი, რომელიც ომის დროს სამხედრო ლიდერად ივარგებდა“.

პოლიტიკური მიმომხილველი ივან იაკოვინაც ფიქრობს, რომ მედვედევის გამოხტომები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„როცა ქვეყანაში საქმეები შედარებით ნორმალურად ან, თუნდაც, ასატანად მიდის, ასეთ ტექსტებს არავინ წერს. აშკარაა, მნიშვნელოვანი პრობლემები. მედვედევი ტრანსლირებს არა იმასაც, რაც მას უნდა, არამედ მხოლოდ იმას, რაც პუტინის თავში ტრიალებს. ასე რომ, ახლა ჩვენ ვიცით: ის ცუდად გრძნობს თავს, ყველა სძულს და ყველას მოკვლა სურს“, - წერს ივან იაკოვინა.

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კახაბერ ქემოკლიძე დარწმუნებულია, რომ საბჭოთა კავშირის საზღვრების აღდგენის თაობაზე „პოსტის“ როგორც გამოქვეყნება, ისე წაშლა წინასწარ იყო დაგეგმილი:

„შინაარსი არახალია, შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც კრემლის პოლიტიკას იცნობენ, არ გაჰკვირვებიათ. ამდენად, ეს განცხადება უნდა მივიღეთ საინფორმაციო მანიპულაციების ტექნიკის ერთ–ერთ კლასიკურ გამოვლინებად – შეგნებულად „შემოაგდეს“ და ასევე შეგნებულად უნდა წაშლილიყო კონკრეტული დროის მონაკვეთში. აქ მთავარი კითხვაა, ვისზე ან რაზეა გათვლილი? ვფიქრობ, გათვლილია, მაგალითად, მოლდოვაში დოდონის [მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი] მხარდამჭერებზე; საქართველოში შუალედური ელექტორალურ სეგმენტზე, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი საბოლოო ჯამში როგორი უნდა იყოს. მათ შორის, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის გონების მოწამვლაზე – „რუსები გადაყლაპვას გვიპირებენ და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ დასავლეთთან ურთიერთობაშიო“. სინამდვილეში პირიქით უნდა იყოს: მთიან ყარაბაღში მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებებისას რუსეთი დასავლეთის კავკასიიდან განდევნას ცდილობდა და ნაცვლად იმისა, რომ დღეს დასავლეთის სამხრეთ კავკასიაში მყარად დამაგრებით ვიყოთ დაკავებულები, ჩვენი ხელისუფლება პირიქით იქცევა. კონფრონტაციული განცხადებები კი არა, ძლიერი პოლიტიკა უნდა გვქონდეს – მყარი და რბილი ძალის კომბინირებული ვარიანტი“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კი დაგვამშვიდა, „წავიდა მედვედევი, წარსულიაო“. თუმცა მის შეხედულებას კატეგორიულად არ იზიარებს ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი, რომელიც ზემოთ ხსენებულ „პოსტს“ ცალსახად ჰიბრიდული ომის კონტექსტში განიხილავს:

„ერთი ადამიანის და მასთან დაახლოებული სამიოდე პირის გარდა, რუსეთში ყველა „კლოუნია“ – ყველანი გარკვეულ როლს თამაშობენ. მაგალითად, დიმიტრი მედვედევს ამგვარი როლი აქვს, რომ სოციალურ ქსელში წეროს პროვოკაციული ტონით, რამზან კადიროვს „ინსტაგრამის“ ბლოგერობა მოარგეს და ადამიანების დაშინება იმით, რომ ტყეში დარბის და ავტომატიდან ისვრის და ა.შ“.

მაინც რატომ უნდა შედიოდეს სადღეისოდ კრემლის ინტერესებში ქართული საზოგადოების დამატებით გაღიზიანება იმ პირობებში, როდესაც საქართველო ისედაც მოწყვლადია (ომი რეგიონში, დაპირისპირება სტრატეგიულ პარტნიორებთან, ქვეყანაში გაჩაღებული ანტიდასავლური კამპანია, ღრმად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო)? ძიძიშვილი საპასუხოდ აღნიშნავს, რომ გზავნილი მორგებულია როგორც შიდა, ისე გარე საზოგადოებაზე:

„მათსავე საზოგადოებაზე გათვლილი გამამხნევებელი გზავნილი ამგვარია: რუსეთში შესაძლოა, ვიღაც ფიქრობს, რომ კრემლი უკრაინაში დიდ წარმატებას ვერ აღწევს, მაგრამ რეალურად, ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელშიც არა მხოლოდ უკრაინა, საქართველო და სხვა ქვეყნები მოიაზრება. შესაბამისად, ეს დღესვე დასასრულებელი პროცესი არაა, ამიტომაც, ხან წინ მიიწევენ ჩვენი ძალები, ხანაც უკან იხევენ, მაგრამ ეს საბჭოთა კავშირის აღდგენის პროცესია და ამისთვის ვამზადებთ პლაცდარმებსო.

რაც შეეხება გარე საზოგადოებას, მიზანია, ხელი შეუწყოს, რუსული და სამწუხაროდ, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ ნარატივის, “ომი გინდათ?“, გაძლიერებას. ის ამბობს, თუ გგონიათ, რომ საფრთხე რეალური არა, ცდებით. ამიტომ, ისე მოიქეცით, რომ ეს საფრთხე დღეს არ აღვასრულოთ. ჩვენ შეგვიძლია, ძალა გამოვიყენოთ და გაგხადოთ საერთო სივრცის ნაწილი, ან იყავით ბელარუსივით – თან დამოუკიდებლები და თან ჩვენი გავლენის სფერო. ამიტომ გთავაზობ, დამთანხმდე და თანამშრომლობითი ურთიერთობა გვქონდეს ბელარუსივით, რაღაც პერიოდის შემდეგ კი ინტეგრაციას მოვახდენთ ერთმანეთთან“.

ძიძიშვილი არ ფიქრობს, რომ კრემლი მსგავსი გზავნილით უხერხულობას უქმნის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელსაც ექსპერტთა ნაწილი კრემლისთვის მისაღებს უწოდებს.

„მათი გზავნილია, სჯობს არსებული სტატუს კვო, რომელიც ჩემთვის მისაღებია, დიდხანს შეინარჩუნოთ. ვხედავ, რომ ცვლილებებზე ფიქრობთ; თვლით, რომ თურმე რუსებმა თავისუფლების მოედანზე არ უნდა იმღერონ, მე კი ძალის გამოყენებაზე ვფიქრობ და შემდეგ სადაც მინდა, იქ ვიმღერებ – მიზანს მაინც მივაღწევო“,– დარწმუნებულია ძიძიშვილი.

____________

2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების დროს, დმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი იყო. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მან საქართველოს ორი ტერიტორია - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

ჯერ კიდევ 2018 წელს ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსეთმა არამეგობრული ქვეყნები უნდა აღნუსხოს. დღეს უკვე არსებობს ორი მსგავსი სია, რომლებშიც 50-ზე მეტი ქვეყანა მოხვდა. საქართველო მტრულ ქვეყნებს შორის არც ერთ სიაში არ ფიგურირებს, თუმცა არც მეგობრებშია.

პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი დარწმუნებულია, რომ ამ სიებით მოსკოვი “არამეგობრებს” ბევრს ვერაფერს დაუშავებს. სია რუსეთის მოქალაქეებზეა გათვლილი, იმის საჩვენებლად, რომ ირგვლივ მხოლოდ მტრები არიან.

“წმინდა წყლის პროპაგანდაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მოსკოვის სისუსტეს აჩვენებს. თანაც, რუსეთის მეგობრების სია მწირია… მოკლედ, მითხარი, ვინაა შენი მეგობარი და მე გეტყვი, ვინ ხარ შენ. ჩემი აზრით, ადრე რუსეთი ევროპაზე ორიენტირებული ქვეყანა იყო, ახლა კი მოსაწყენ აზიურ დესპოტიას ემსგავსება”, - ამბობს იგი.

სამხედრო-პოლიტიკური ექსპერტი იური ფიოდოროვი “ამერიკის ხმას” ეუბნება, რომ, დიდი ალბათობით, რუსეთი მომავალშიც გააფართოებს ამ სიას, რადგან “კრემლის საგარეო პოლიტიკა, ყველაზე ოდიოზური რეჟიმების, მაგალითად, ჩრდ. კორეისა და სირიის გარდა არავის ეხატება გულზე”.

“ლევადა-ცენტრი”, რომელიც კრემლისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციად ითვლება, ყოველ წელს ეკითხება რუსეთის მოსახლეობას, რომელი ქვეყანაა, მათი აზრით, მტერი და რომელი მოყვარე.

2022 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 5% ამბობს, რომ საქართველო არამეგობრულია. ეს რეკორდია. შარშან “არაკეთილმოსურნედ” საქართველო 15%-მა დაასახელა და ის ათეულში მოხვდა. ყველაზე მეტი 2009 წელს იყო - 62%.

ყველაზე არამეგობრულ ქვეყნებს შორის, 8 წელია, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. წელს - ისინი გამოკითხულთა 73%-მა დაასახელა.

საქართველოს არც მეგობარი ქვეყნების ათეულში შეხვდებით. გამოკითხვით, პირველ ადგილზე ბელარუსია - 72%, მეორეზე კი ჩინეთი - 50%. საქართველოს საუკეთესო მეგობრად გამოკითხულთა 7% ასახელებს. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში, მეტი ხმა საქართველომ მხოლოდ 2019 წელს მიიღო - 8%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S