ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას განმარტავს
02/08/2022 13:23:56 პოლიტიკა
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის ტაქტიკა არ არის. ამის შესახებ მელიამ მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების განმარტებისას განაცხადა.
"ტაქტიკა არაფერ შუაში არ არის, რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, როდესაც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა. სააკაშვილის ჯანმრთელობა არის კრიტიკულად მძიმე და არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაშია არ და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე. გასაკვირი ის უფრო არის, თუ ჩვენ გვიკვირს, მის ადვოკატებსა და მას პირადად სურდეს ჯანმრთელობის გადარჩენა. თავიდან ბოლომდე მივესალმები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან, სხვა საკითხია არის თუ არა მზად ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც სააკაშვილი ამ კონდიციამდე მიიყვანა, გამოიჩინოს ჰუმანურობა", - განაცხადა მელიამ.
29 ივლისს "პალიტრანიუსის" ეთერში სტუმრობის დროს მიხეილ სააკაშვილის ახალმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შანსები გაზრდილია. ამ საკითხზე საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკით აღარ ინტერესდება:
"[სასჯელის გადავადების] შანსები გაიზარდა. ხელისუფლებას მისდის მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია და ჩემი გზავნილები, რომელსაც მე ვაჟღერებ შემთხვევით. სააკაშვილი, პირდაპირ ვთქვათ, ქართული პოლიტიკით აღარ ინტერესდება. არანაირი ინტერესი ამ ადამიანს არ გააჩნია. ნუ, ეს რთული დასაჯერებელია, მაგრამ...უსმენს ფრანგულ რადიოს, უყურებს უკრაინულ არხებს, პოლიტიკით ინტერესდება, ოღონდ მთლიანად არის გადართული უკრაინულ პოლიტიკაზე. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, მე ძალიან ხშირად შევდივარ ხოლმე და საათობით მიწევს საუბარი, მე ვუსვამ აქეთ კითხვებს ქართულ პოლიტიკაზე... შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს, მე შევედი და ვუთხარი ბიძინა ივანიშვილის წერილზე, საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. გამიკვირდა კიდეც...საერთოდ ქართული პოლიტიკა არ მაინტერესებსო. ჩემს თავს ქართულ პოლიტიკაში ვეღარ ვხედავო - ასეთი განცხადება გააკეთა... ველოდები, რომ ამ განცხადებას თვითონ გააკეთებს".
მოგვიანებით, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტ მიეილ სააკაშვილის ადვოკატების დაცვის სტრატეგიაა თქვან, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკით აღარ ინტერესდება.


