
TI - ომის შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რუსეთიდან იმპორტის წილი კი ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა
03/08/2022 08:59:07 საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI ) რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.
TI–ს ინფორმაციით, ომის შემდეგ საქართველოს ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდა, რუსეთიდან იმპორტის წილი კი ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა.
"2022 წლის იანვარ-ივნისში, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 2.8%-ით შემცირდა და 256 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტი კი - 51%-ით გაიზარდა და 706 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ასეთი ზრდის მიუხედავად, რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 11.8%-დან 11.4%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი საქართველოს საგარეო ვაჭრობის სხვა ქვეყნების მიმართულებით უფრო მეტად ზრდაა. თუმცა, ცალკე აღებული რუსეთიდან იმპორტის წილი ჯამური იმპორტის 11.9% იყო, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია", – აცხადებს ორგანიზაცია.
როგორც TI აღნიშნავს, მარტი-ივნისში ყველაზე მეტად - 4-ჯერ (118 მლნ დოლარით) - რუსული ნავთობპროდუქტების (საწვავი) იმპორტი გაიზარდა:
"რუსული მარგარინის იმპორტი 7-ჯერ (16 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. ელექტროენერგიის იმპორტი კი 4-ჯერ (9 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა. 3-ჯერ გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი და ჯამში 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მარტი-ივნისში ფაქტობრივად შეწყდა რუსეთიდან ტელეფონის აპარატების შემოტანა, კლება 13 მლნ აშშ დოლარი იყო. 55%-ით (10 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის შემოტანა, 28%-ით (8 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი".
რაც შეეხება ექსპორტს, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ "ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ქართული ექსპორტის შემცირება ძირითადად ღვინის და უალკოჰოლო სასმელების გაყიდვების კლებამ განაპირობა. კერძოდ, ღვინის ექსპორტი 17%-ით (7.6 მლნ აშშ დოლარით) შემცირდა, ხოლო მინერალური და სხვა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი - 46%-ით (15 მლნ აშშ დოლარით). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტში, რომელიც გაორმაგდა და 12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა".
TI საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
- "რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს;
- საქართველომ უნდა შეიმუშაოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სტრატეგია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს საქართველოს შიდა მოხმარებაში მაღალი წილი არ უჭირავს, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შემცირდეს".