მთიან ყარაბაღში შეიარაღებული ინციდენტის და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

03-08-2022 19:01:00 კავკასია

მთიან ყარაბაღში, ქალაქ ლაჩინთან შეიარაღებული ინციდენტის შესახებ იუწყებიან.

ქალაქი და მისი მიმდებარე რეგიონი სტრატეგიული დერეფანია, რომელიც მთიანი ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3 აგვისტოს დილას ლაჩინის რაიონში იმ ადგილას, "სადაც დროებით არის განლაგებული რუსული სამშვიდობო კონტინგენტი, სომხურმა დაჯგუფებებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს".

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, თავდასხმას ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავის მხრივ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტი არაიკ ჰარუნთუნიანი აცხადებს, რომ 3 აგვისტოს, დილის 9 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ყუმბარმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

არწახის ცნობით, დაშავდა მათი 8 სამხედრო მოსამსახურე, 1 - დაიღუპა.

არაიკ ჰარუნთუნიანმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, მთიან ყარაბაღში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

ყარაბაღიდან ცნობები მართლაც შემაშფოთებელია, – ასე გამოეხმაურა ინფორმაციას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.

მისი თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას:

„ცნობები მართლაც შემაშფოთებელია. ნატო სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონისთვის“.

შეშფოთება გამოხატა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმაც.

მისი ქმით, მნიშვნელოვანია დეესკალაცია და ისტორიული შესაძლებლობის რელსებიდან გადახვევის თავიდან აცილება ათლეულების ბრძოლის გვერდის გადასაშლელად:

„შეშფოთებული ვარ ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო. ევროკავშირი მოწოდებულია, გააღრმავოს თავისი ჩართულობა სამშვიდობო პროცესში; ჩვენ ვართ ჩართული მრავალ დონეზე. მნიშვნელოვანია დეესკალაცია და ისტორიული შესაძლებლობის რელსებიდან გადახვევის თავიდან აცილება ათწლეულების ბრძოლის გვერდის გადასაშლელად“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები