მთიან ყარაბაღში ბაქოს მიერ ახალი სიმაღლეების დაკავებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

03-08-2022 20:31:20 კავკასია

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა ბაქომ კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 3 აგვისტოს, დილით მომხდარი შეიარაღებული ინციდენტისას ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაღუპა.

აზერბაიჯანული მედიასაშუალება trend ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, სომხური საარტილერიო ბატალიონი და შეიარაღებული ფორმირებების ერთი საგუშაგო და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა განადგურდა.

ვრცელდება ცნობები სომეხ სამხედროებს შორის დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.

ოფიციალური ბაქო ირწმუნება, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად, ისინი რამდენიმე სიმაღლეს აკონტროლებენ.

სომხური მედიის ცნობით კი, დილის 09:00 საათიდან აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა შეიარაღებული ძალების 2 სამხედრო მოსამსახურე.

„არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იზიარებს დანაკარგის გამო დიდ მწუხარებას და თანადგომას უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და თანამებრძოლებს. კიდევ 14 სამხედრო მოსამსახურე სხვადასხვა სიმძიმითაა დაჭრილი“ - აღნიშნულია არაღიარებული არხაცის ე.წ თავდაცვის უწყების განცხადებაში.

სომხური მედიასაშუალებები წერენ, რომ „არცახის რესპუბლიკის“ ე.წ პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ე.წ რესპუბლიკაში ცალმხრივი სამხედრო მობილიზაცია 2022 წლის 3 აგვისტოდან გამოცხადდა.

ყარაბაღიდან ცნობები მართლაც შემაშფოთებელია, – ასე გამოეხმაურა ინფორმაციას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა.

მისი თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას:

„ცნობები მართლაც შემაშფოთებელია. ნატო სრულად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიმდინარე ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონისთვის“.

შეშფოთება გამოხატა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმაც.

მისი ქმით, მნიშვნელოვანია დეესკალაცია და ისტორიული შესაძლებლობის რელსებიდან გადახვევის თავიდან აცილება ათლეულების ბრძოლის გვერდის გადასაშლელად:

„შეშფოთებული ვარ ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის კონტექსტში გაზრდილი დაძაბულობის გამო. ევროკავშირი მოწოდებულია, გააღრმავოს თავისი ჩართულობა სამშვიდობო პროცესში; ჩვენ ვართ ჩართული მრავალ დონეზე. მნიშვნელოვანია დეესკალაცია და ისტორიული შესაძლებლობის რელსებიდან გადახვევის თავიდან აცილება ათწლეულების ბრძოლის გვერდის გადასაშლელად“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები