
ვემზადოთ თუ არა რუსეთის თავდასხმისთვის? - რა გვითხრა “რუსმა ხუნდაძემ” მედვედევმა
03/08/2022 16:36:17 ანალიზი
რუსეთის ექს-პრემიერისა და ექს-პრეზიდენტის, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის სკანდალურმა ინტერნეტ-პუბლიკაციამ, რომელშიც საქართველოსა და ყაზახეთის სახელმწიფოებრიობა, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვქვეშაა დაყენებული, კვლავ გაააქტიურა საუბრები პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის შესაძლო ახალ ომებზე.
მოსკოვის იმ ოფიციალური ვერსიის, რომ ჰაკერებმა რუსეთის ФСБ-ს მიერ სრულად კონტროლირებად შიდა რუსულ სოცქსელ “Вконтакте”-ში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ექაუნთი “გაუტეხეს” და ეს პუბლიკაცია “ჩაუდეს”, მიამიტების გარდა, არავის სჯერა. რაღა თქმა უნდა, “პოსტი” რომელიც გამოქვეყნებიდან დაახლოებით 10 წუთში წაიშალა, თავად მედვედევის იყო და არა ჰაკერებისა თუ უცხოპლანეტელების. ხოლო იმაზე, ფხიზელმა დაწერა მან ეს ბოდვა თუ არა, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს.
ანალიტიკოსთა ნაწილი ენდობა იმ არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ პუტინის მიერ ფაქტობრივად უფუნქციოდ დატოვებული, ყოველმხრივ დამცირებული მედვედევი სასმელს მიეძალა. სწორედ ამით ხსნიან ისინი მისი საგრძნობლად გახშირებული ინტერნეტ-პუბლიკაციების პოლიტიკოსისთვის სრულიად შეუფერებელ შინაარსსა და ტონს. ანალიტიკოსთა ამ ნაწილის აზრით, მსგავსი აქტივობით ექს-პრემიერი და ექს-პრეზიდენტი მედვედევი პუტინის გულის მოლბობასა და “თამაშში დაბრუნებას” ცდილობს.
ხოლო მეორე ნაწილის შეფასებით, თავად პუტინმა დააკისრა მედვედევს ამასწინათ გარდაცვლილი ვლადიმირ ჟირინოვსკის ფუნქცია - “კრემლის კარის ბოროტი ჯამბაზობა”: სწორედ მან უნდა აფრქვიოს რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბნელი აზრები და ზრახვები იმ მიუღებელი ფორმით, რომლითაც თავად პუტინი და სხვა პირველი პირები ვერ დააფიქსირებენ (საქართველოსთან რომ გავავლოთ პარალელი, ეს ალბათ, სწორედ ის ფუნქციაა, რომელიც ხელისუფლებამ “ქართული ოცნებიდან” ვითომდა გამოყოფილ ხუნდაძეს, ყაველაშვილს, სუბარსა და სხვებს დააკისრა). შესაბამისად, დამკვირვებლების ამ ნაწილის აზრით, საქართველოსა და ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის ეჭვქვეშ დაყენება არა მედვედევის პირად მოსაზრებად, არამედ დიახაც - პუტინისა და მისი გარემოცვის პოზიციად უნდა აღვიქვათ. მით უფრო, რომ 24 თებერვლის აგრესიამდე პირადად პუტინისგან ორგზის გვაქვს მოსმენილი ანალოგიური ბოდვა უკრაინის სახელმწიფოებრიობასთან მიმართებაში.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოახდინა მედვედევმა თავის პუბლიკაციაში აქცენტირება მაინცდამაინც ყაზახეთსა და საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის – “შედარებითი ურჩობა” და “შედარებითი სისუსტე სამხედრო თვალსაზრისით”.
“ერთის მხრივ, რუსეთის არმია უკრაინაში “ჩაეფლო” და იმდენად დასუსტდა როგორც ცოცხალი ძალის, ისე აღჭურვილობისა და შეიარაღების კუთხით, რომ რეალურად, პარალელურ რეჟიმში კიდევ სადმე კონვექციური ბრძოლის წარმოების არავითარი რესურსი არ აქვს. უკვე ცხადია, რომ პუტინი უკრაინაში ომს ვერ იგებს. ის კი არა და მთელი რიგი სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, თუნდაც დონბასის რეგიონის სრულად ასაღებად რუსულ ჯარს კიდევ მინიმუმ, ერთი წელი დასჭირდება – თუ, რა თქმა უნდა, ამდენ ხანს საერთოდ “გაქაჩავს”. მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ ამ მძიმე მდგომარეობამ შეიძლება, უბიძგოს კრემლს მეორე ფრონტის გახსნისაკენ – იქნება ეს საქართველო, ყაზახეთი თუ სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რომელშიც, მოსკოვის აზრით, მის ჯარს არ გაუჭირდება პატარა სწრაფი გამარჯვების მიღწევა, რათა მისით უკრაინაში განცდილი სირცხვილი გადაფაროს და რუსეთის მოსახლეობას ეს მაინც მიასაღოს “გამარჯვებად” - ამბობს პოლიტოლოგი აბას გალიამოვი.
მისივე შეფასებით, სასაცილოა, როცა ამ ფონზე საქართველოში ისმის საუბრები “უკრაინისა და დასავლეთის ინტერესზე, თბილისი ომში ჩაითრიონ”. “თუ ვინმეს აქვს ამის ინტერესი, ეს სწორედ რუსეთია, რომელიც უკრაინაში დონბასის ფარგლებამდე შემცირებულ მიზნებსაც კი ვერ აღწევს და ჰაერივით სჭირდება რაიმე “პატარა გამარჯვება”. თორემ დასავლეთისთვის საქართველოში ახალი შეიარაღებული კონფლიქტი მხოლოდ დამატებითი თავის ტკივილი იქნებოდა – სხვა არაფერი: უკრაინასთან ერთად ახლა საქართველოს დახმარება მოუწევდა – ყველა შესაბამისი ხარჯითა და სხვა პრობლემით” – განმარტავს გალიამოვი.
რაც შეეხება მეორე მიზეზს იმისა, თუ რატომ მაინცდამაინც საქართველო და ყაზახეთი, დამკვირვებლების აზრით, საქმე პრეზიდენტ ტოკაევის “ურჩობაშია” და იმ მიზანში, რომლითაც ყაზახეთის ხელისუფლებას ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ორჯერ შეხვდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადენლები.
“მოგეხსენებათ, ყაზახეთი წლების განმავლობაში რუსეთის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო, მათ შორის – “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის” (ОДКБ) ფარგლებში. მაგრამ უკრაინის საკითხში რუსეთმა მისგან მხარდაჭერა ვერ მიიღო. ახლა კი რუსეთის პროპაგანდისტები, მათ შორის სამხედრო დამნაშავე გირკინი (იგივე სტრელკოვი) “რუსეთის წინააღმდეგ ყაზახეთის არმიის ფორსირებულ გაძლიერებაზე” ამახვილებენ ყურადღებას და კრემლს “ლანძღავენ”, “ტოკაევის სოროსელობა უყურადღებოდ როგორ დატოვაო” – ამბობს უკრაინელი ანალიტიკოსი, დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო.
რაც შეეხება მედვედევის მიერ ყაზახეთთან ერთად საქართველოს მოხსენიებას, საქმე აქ, მისი აზრით, ქვეყნის მთავრობის მიერ ყაზახ კოლეგებთან ტრანსკასპიური ლოჯისტიკური მარშრუტის – იგივე კასპიის სატრანსპორტო დერეფნის საკითხის განხილვაშია: “მოგეხსენებათ, ეს არის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს ჩინეთიდან ტვირთების ევროპაში გატარებას რუსეთის გვერდის ავლით. ტოკაევი საქართველოს წარმომადგენლებს ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე ორჯერ შეხვდა. ამ გლობალური საკითხის ფასი არის ერთის მხრივ, გეოპოლიტიკა, მეორეს მხრივ - ათობით მილიონი დოლარი. ამდენად, ბუნებრივია, მოსკოვი სერიოზულად ღელავს. და აი, დაიდო კიდეც მედვედევის პოსტი ერთობლივად ყაზახეთსა და საქართველოზე”.
გონჩარენკოს აზრით, მედვედევის პუბლიკაცია არა იმიტომ წაიშალა, რომ კრემლში ვიღაცას სხვა აზრი და გეგმები აქვს, არამედ იმიტომ, რომ “პოსტი” დროზე ადრე გამოქვეყნდა: “ეს მედვედევის ერთგვარი ფალსტარტი იყო. ბოლო დროს იგი გამალებით ცდილობს იმ სავარძელში დაბრუნებას, რომელიც ერთხელ უკვე ეკავა, ამისთვის ლამის ყოველდღიურად ამტკიცებს “პოსტებით”, რომ სხვებზე მეტი “პატრიოტია” და იმპერიალისტი. მაგრამ ამჯერად აშკარად ზედმეტი მოუვიდა: გაახმოვანა ის, რაც მოგვიანებით, საჭირო დროს თავად იმპერატორ პუტინს უნდა გაეხმოვანებინა – ისე, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებაში გააკეთა აგრესიის დაწყებამდე. ამიტომაც პოსტი წაშალეს. თუმცა ეს არა იმას ნიშნავს, რომ კრემლში სხვა აზრი და გეგმები აქვთ, არამედ პირიქით – სწორედ იმას, რომ ზუსტად ისე ფიქრობენ, როგორც მედვედევს ეწერა. დიახ, კრემლში განიხილავენ ყაზახეთთან ომსაც, საქართველოსთანაც… და დიახ, ომი სწორედ კრემლს უნდა, ისევე, როგორც უნდოდა უკრაინაში, სწორედ მას აქვს იმპერიალისტური გეგმები, რომელსაც პუტინი აღარც მალავს. ეს უნდა გვესმოდეს ყველას!”
ამასთან დაკავშირებით გონჩარენკო ქართველ და ყაზახ ხალხებს მიმართავს:
“არც პირადად მე, არც ჩვენი ხელისუფლების რომელიმე სხვა წარომადგენელს ან თუნდაც რიგით უკრაინელს აქვს სურვილი, თქვენთანაც იხილოს ომი, რომელსაც დღეს ჩვენ განვიცდით. ომს ჩვენგან არავინ გისურვებთ – ეს აბსოლუტურად გამორიცხეთ! მაგრამ პუტინს, რომლის ჯარი უკრაინაში სამარცხვინოდ “გაიჭედა”, წყალივით სჭირდება პატარა გამარჯვებები, ამიტომაც მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ კრემლის მიერ გაჩაღებული ომი თქვენც შეიძლება, შეგეხოთ. არსებულ ვითარებაში ყველას მოუწევს არჩევანის გაკეთება, დაიცვას სახელმწიფოებრიობა, თუ ჩაბარდეს და “იმეგობროს” რუსეთთან ამა თუ იმ ფორმით ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსით. ყველა თავისუფალია თავის არჩევანში. ლუკაშენკომ პირველი აირჩია, უკრაინამ – მეორე და მედგრად აგრძელებს საკუთარი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვას. პუტინს ჰგონია, რომ ადვილად მიაღწევს გამარჯვებას საქართველოში, სადაც თბილისიდან 40 კმ-ში ტანკები ერთხელ უკვე ედგა, ასევე ყაზახეთში, სადაც სულ ტყუილად ეგულება რუსეთის მიმართ ლოიალური მოსახლეობა. ასე, რომ იყავით ფხიზლად, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით და მაქსიმალურად ეფექტურად მოემზადეთ”.