მთიან ყარაბაღში მობილიზაცია გამოცხადდა

03-08-2022 23:48:36 კავკასია

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა არაიკ არუთუნიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის თაობაზე.

გადაწყვეტილება რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავების ფონზეა მიღებული.

თვითგამოცხადებული რესპუბიკის სამხედროებმა აზერბაიჯანული უპილოტოების ავიადარტყების შედეგად ორი ჯარისკაცის დაღუპვისა და რამდენიმეს დაჭრის შესახებ განაცხადეს. თავის მხრივ, ბაქო ლაჩინის რაიონში სომხური მხარის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 2020 წლის შემოდგომაზე გამწვავდა. 44-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ ბაქომ და ერევანმა მოსკოვის შუამდგომლობით ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელმაც მოგვიანებით ერევანში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

შეთანხმების თანახმად, ბაქო იბრუნებს ყარაბაღის ტერიტორიის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც სომხურ ჯარს 1990-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ჰქონდა დაკავებული. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე კონტროლს რუსი სამხედროები ახორციელებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები