ქობულეთში აფხაზეთის „ონლაინ საკვირაო სკოლის“ საზაფხულო ბანაკის დახურვის ცერემონია გაიმართა

04-08-2022 15:38:30 რეგიონები ,რეკლამა

აფხაზეთის „ონლაინ საკვირაო სკოლის“ საზაფხულო ბანაკი ქობულეთში საზეიმოდ დაიხურა. აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა 9 დღიანი თავგადასავალი ფოტოამბებად აქციეს და მოწვეულ სტუმრებს, სხვა შემეცნებით აქტივობებთან ერთად წარუდგინეს.

ბანაკის დასკვნით ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ.

მოწვეულმა სტუმრებმა ბანაკის ბოლო დღე 35 მოსწავლესთან ერთად გაატარეს, ჩაერთნენ აქტივობებში, გაეცნენ მათ ნამუშევრებსა და შთაბეჭდილებებს.

საზაფხულო ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

სკოლა-ბანაკი მრავალფეროვანი გასართობი, ინტელექტუალური და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, პეტრას ციხე-ქალაქი და რეგიონის სხვა ისტორიული და ტურისტული ადგილები მოინახულეს. დაესწრნენ ფეხბურთის მატჩს და რამდენიმე სპორტული აქტივობა თავადაც გამართეს.

9 დღის განმავლობაში, მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, ხელოვნებასა და საბუნებისმეტყველო საგნებში სემინარებს, მასწავლებლის სახლის წამყვანი სპეციალისტები უტარებდნენ, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს აღნიშნულ საგნებს მათ ონლაინ რეჟიმში ასწავლიდნენ.

დასკვნით ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან და ეროვნული ბიბლიოთეკისგან, სასწავლო რესურსები და საჭირო აქსესუარები გადაეცათ. მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები დაუმზადა ონლაინ მაღაზიამ „ხელნაკეთი“, ხოლო კომპანიამ „ზოდი“ სპეციალურად მათთვის თბილისის ფოტოებით ილუსტრირებული დღიურები დაამზადა, რომლებიც მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ. ბანაკის მხარდამჭერები იყვნენ კომპანიები „კულა“ და „ბარამბო“.

„აფხაზეთის ონლაინ საკვირაო სკოლის“ მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში. პროექტი აფხაზეთის საჯარო სკოლების წარმატებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს აერთიანებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული პროგრამას ერთი წლის წინ შეუერთდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები