მოსამართლემ უჩა მამაცაშვილის სარჩელი "ანტიკორუფციული მოძრაობის" წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

05-08-2022 15:10:20 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა დიდავამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის - უჩა მამაცაშვილის სარჩელი "ანტიკორუფციული მოძრაობის" წინააღმდეგ.

მოსამართლემ 5 აგვისტოს გამოცხადებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ცილისმწამებლური იყო "ქოლ-ცენტრებსა" და ელექტრო-ენერგიის ტარიფების გაზრდაზე მამაცაშცილის როლზე გაკეთებული განცხადებები.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამოტანის გამო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და "ანტიკორუფციული მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა "უჩა მამაცაშვილის ოფისი" უწოდა:

"უჩა მამაცაშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეების მიერ გავრცელებულ სადავო განცხადებები აღიარებულ იქნეს ცილისწამებად და დაევალოს მოპასუხე ორგანიზაციას, ანტიკორუფციულ მოძრაობას და მის წარმომადგენლებს ვასო ურუშაძეს და ლაშა ფარულავას მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში "ტელეკომპანია პირველის" გადაცემა "დღის ამბებში", ტელეკომპანია "მთავარის" საინფორმაციო გამოშვებაში, "რადიო თავისუფლების" ეთერში, "ევრონიუსის" ეთერში, ტელეკომპანია "მთავარის" მთავარ აქცენტებში და ასევე "ანტიკორუფციული მოძრაობის" ფეისბუკგვერდზე".

მოსამართლე გოჩა დიდავას ამ გადაწყვეტილებით უჩა მამაცაშვილის სასარგებლოდ მონაწილე მხარეებს დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურება:

  • "ანტიკორუფციულ მოძრაობას" - 5 ათასი ლარი;
  • ვასო ურუშაძეს - 5 ათასი ლარი;
  • ლაშა ფარულავას - 5 ათასი ლარი.

გარდა ამისა, მოსამართლემ "ანტიკორუფციულ მოძრაობას", ლაშა ფარულავასა და ვასო ურუშაძეს დააკისრა უჩა მამაცაშვილის ადვოკატის მომსახურების საფასურის, 600 ლარის გადახდა.

უჩა მამაცაშვილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 150 ათას ლარს ითხოვდა.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენლები უჩა მამაცაშვილს ორი მიმართულებით უყენებდნენ ბრალდებას:

  • "არსებობს კორუფციული ინტერესი, არსებობენ შუამავალი კომპანიები [უჩა მამაცაშვილთან დაკავშირებული], რომლებიც ასოცირდება არაფორმალურ მმართველებთან და ამის გამო ჩვენს მოქალაქეებს უძვირდებათ ყოველდღიური ცხოვრება";
  • "ქოლ-ცენტრებთან" კავშირი - "სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარი შემოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და "ქართულ ოცნებას", რომლებიც შემდეგ, ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის, ზონდერებისთვის და არჩევნების გასაყალბებლად".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები