მდინარაძე მიიჩნევს, რომ "დედაენის ბარის" მიმართ შეტევაზე "ქსენოფობიური პასუხის" მიზანი ომია

05-08-2022 16:40:37 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისის ცენტრში მდებარე "დედაენის ბარზე" რუსეთის მოქალაქეების შეტევას პროვოკაციას უწოდებს. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ამ შეტევას "ქსენოფობიური პასუხი" გაეცა, რისი მიზანიც ქვეყნის ომში ჩართვაა.

"როდესაც ვიღაც პროვოკატორი, ისიც რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს, რუსი იქნება თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი, პროვოკაციაზე მიდის, კონკრეტულ ობიექტს დაბალ ქულებს უწერს, უნდა მივხვდეთ, რომ ის არის პროვოკატორი, ნაციონალიზმს და ეროვნულობას კი არ აქვს მნიშვნელობა, არის ვიღაც პროვოკატორი, რომელიც არის მედლის მეორე მხარე..." - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა გულწრფელი ემოცია ჰქონდეს, თუმცა აჰყვნენ "ნაციონალური მოძრაობისა" და კამპანიების დამგეგმავების პროვოკაციას:

"რაღაცა ერთ ბარზე რომ კონცენტრირდით, ხომ უნდა მიხვდეთ, რომ დაგეგმილ პროვოკაციას შენც რომ აჰყვები და ქსენოფობიურ კამპანიას რომ დაახურავ ქუდივით, ხომ უნდა მიხვდე, ამდენი ჭკუა ხომ უნდა ეყოს, რომ ამას არ აჰყვე?! ჭკუა კი ჰყოფნით, მაგრამ სპეციალურად აკეთებენ ამას - აყვნენ რატომ? ბევრი გზა სცადეს ამ ქვეყნის ომში ჩასართავად... ცუდია, საშინელებაა, პროვოკაციაა, მათ შორის რუსი ეროვნების ადამიანების მხრიდან და მეორე საშინელებაა, რომ შენი მოქალაქე მსგავს პროვოკაციას აწყობს და ქსენოფობიურ კამპანიას თქვენი [ჟურნალისტების] მეშვეობით ამას აღვივებს, რომ ამ ფორმით მაინც ჩაერთოს ქვეყანა ომში".

თბილისში ერთ-ერთი ცნობილი "დედაენის ბარი" უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებისთვის ე.წ. ვიზას გასცემს. ბარში მოსახვედრად აუცილებელია დაეთანხმოს რამდენიმე პუნქტს, მათ შორის რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას და უკრაინაში დაწყებული ომის დაგმობას. ასევე, ბარი რუსეთის მოქალაქეებს სთხოვს, პერსონალს ქართულად ან ინგლისურად ელაპარაკონ. ამ პოლიტიკის გამო, დედაენის ბარს ათასობით უარყოფით შეფასებას უწერენ სოციალურ ქსელებში.

4 აგვისტოს სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში ბარზე რუსეთის მოქალაქეების თავდასხმის შედეგად Google-ში ათასობით დაბალი შეფასება, უარყოფითი, ცრუ და მუქარის შემცველი კომენტარი გაჩნდა, რითაც ბარის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა. თუმცა ახლანდელი მონაცემებით, ბარის შეფასება 4.8 ვარსკვლავია და რუსეთის მოქალაქეების მიერ მასობრივად დაწერილი უარყოფითი შეფასებები პლატფორმიდან წაშლილია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები