შსს ექიმის მიერ კოლეგის დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

06-08-2022 11:40:10 სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელ გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ექიმის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები