
სალომე ზურაბიშვილი:"1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება"
07/08/2022 11:18:55 კონფლიქტები, პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.
როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, საქართველოს გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
„1801,1921, 1992, 2008 – ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავენ. საქართველოს გამძლეობა უფრო მტკიცე აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთანაა“, – წერს ზურაბიშვილი.
1801, 1921, 1992, 2008 - are dates that every Georgian🇬🇪remembers for ever. They illustrate Russia’s relentless policy of armed agression and occupation. Georgian resilience has proven stronger. My thoughts go to our citizens in occupied territories in Abkhazia and Tskhinvali.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 7, 2022
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.