
პრემიერი:"ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ"
07/08/2022 20:37:38 კონფლიქტები
ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით წერს.
"14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ.
ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება!", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.