
"პრინციპული პოზიცია, რომელიც ცივილურ სამყაროს 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა, დღესაც შეიძლება, იყოს გამოხატული დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარების მიმართულებით"
08/08/2022 07:50:10 პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, "პრინციპული პოზიცია, რომელიც ცივილურ სამყაროს 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა, დღესაც შეიძლება, იყოს გამოხატული დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის დაჩქარების მიმართულებით". ამის შესახებ მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. ჩვენი ხელისუფლება პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ დღეს, ალბათ, საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია. ეს პრინციპული პოზიცია ჩემი აზრით, დღესაც შეიძლება, იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი თუ სხვა ორგანიზაცია“, - განაცხადა ბურჭულაძემ.