
რუსეთმა ირანული თანამგზავრი გაუშვა შეშფოთების ფონზე, რომ მას უკრაინის და ისრაელის წინააღმდეგ გამოიყენებენ
09/08/2022 12:37:56 მსოფლიო
რუსეთმა 9 აგვისტოს კოსმოსში წარმატებით გაუშვა ირანული თანამგზავრი ეჭვების ფონზე, რომ მოსკოვმა ის შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ობიექტებზე მეთვალყურეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს.
დისტანციური ზონდირების თანამგზავრი “ხაიამი“ რუსული რაკეტით „კავშირი“ გაუშვეს ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან 9 აგვისტოს, 08:52 საათზე,–იუწყება რუსეთის კოსმოსური სააგენტო YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში.
გასულ კვირას Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან რუსეთსა და ირანს შორის კოსმოსური თანამშრომლობის დაწყებით და შიშობენ, რომ თანამგზავრი არა მხოლოდ დაეხმარება რუსეთს უკრაინაში, არამედ ირანს მიაწვდის "უპრეცედენტო შესაძლებლობებს" ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში პოტენციური სამხედრო მიზნების მონიტორინგისთვის.
ირანი ირწმუნება, რომ თანამგზავრი სამეცნიერო კვლევებისთვის არის განკუთვნილი, მათ შორის, რადიაციისა და გარემოს მონიტორინგისთვის სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის და რომ არც ერთ სხვა ქვეყანას არ ექნება წვდომა მის მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე.
რუსეთი ირანთან კავშირების გაღრმავებას მას შემდეგ ცდილობს, რაც თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, რი გამოც ცივილიზებულმა სამყარომ მის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები შემოიღო. გასულ თვეში ირანში ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა ომის გაჩაღების შემდეგ პირველი საერთაშორისო ვიზიტით.