
შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა
11/08/2022 05:42:15 თავდაცვა
შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის მიმდინარეობისას გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსულ ბატალიონთან. ბრძოლა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ქართველმა ჯარისკაცებმა რუსებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს.
ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა 2 232-ს შეადგენს, მათ შორის 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.