
სახალხო დამცველი: "გოგაშვილის ოჯახის და ადვოკატების განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს"
12/08/2022 07:55:18 სამართალი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და მისი ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
ომბუდსმენის განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოკითხოს როგორც გოგაშვილი, ასევე გომელაური და პენიტენციური დაწესებულების პერსონალი.
"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება.
გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე - N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.
ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.
დამატებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს იოსებ გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა"- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. გოგაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.