სომხეთი რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის ტვირთების საბორნე გადაზიდვის დაწყებას ელის

12-08-2022 12:57:52 კავკასია ,ეკონომიკა

რამდენიმე დღეში რუსეთიდან საქართველოში ტვირთების საბორნე გადაზიდვა ამოქმედდება, რომლითაც ტვირთების სომხეთში გადამზიდავებიც შეძლებენ სარგებლობას, - განაცხადა დღეს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან ქერობიანმა.

«ამჟამად დასკვნით სამუშაოებს ვაწარმოებთ, განრიგი უახლოეს ხანებში გამოქვეყნდება», – აღნიშნა მან.

«რადიო აზატუტიუნის» ინფორმაციით, ბოლო თვეებში სომეხმა მინისტრმა უკვე რამდენჯერმე დაასახელა ვადა, თუმცა ბორნები გადაზიდვებს ამ დრომდე არ ახორციელებენ. მთავრობის 5 მაისის სხდომაზე ქერობიანი ირწმუნებოდა, რომ სომხეთი ფოთიდან რუსულ პორტ კავკაზამდე ტვირთების რეგულარული გადაზიდვებით სარგებლობას არაუგვიანეს 15 ივნისიდან შეძლებდა. თუმცა შემდგომში მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის გამო გარკვეული პრობლემები წარმოიშვა.

«მოვიცადოთ ერთი-ორი დღე და დარწმუნებული ვარ, შედეგს ვიხილავთ… ეს მარტივი საკითხი არაა, იგი კავშირშია რთულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან და ზეწოლასთან. და მაინც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მუშაობა შედეგს უახლოეს დღეებში გამოიღებს», – დასძინა დღეს მინისტრმა.

როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე საქართველოს სატრანზიტო დერეფნის დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სადღეღამისო მუშაობის რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, საბაჟოები სატვირთო ნაკადს ვერ აუდიან.

ქართული გზა "ზემო ლარსის" გავლით ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. საბორნე გადასასვლელი კი მის ალტერნატივას წარმოადგენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები